როდიდან დაიკლებს ფასები და გაიაფდება თუ არა ცხოვრება?

© photo: Sputnik / Stringerსავაჭრო დახლები
სავაჭრო დახლები - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სურათის ფასების ინდექსი იკლებს. გაიაფდება თუ არა საკვები პროდუქტები საქართველოში?
დაახლოებით ერთი კვირა გავიდა, რაც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მოსალოდნელ სიახლეებსა და ცვლილებებზე მოგახსენეთ. მახსოვს, სტატიის ბოლოს ისიც აღვნიშნე, რომ ანალიტიკოსთა ვარაუდით მომავალ წელს სურსათზე ფასები საგრძნობლად დაიკლებს. შეგპირდით, რომ ამ საკითხს მომდევნო სტატიაში დავუბრუნდებოდი და ახლა სწორედ პირობის შესრულებას ვეცდები.
არახალია, ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობას ცხოვრება განსაკუთრებით გაუძვირდა. ფასები თითქმის ყველა მიმართულებით რეკორდულად გაიზარდა. მითქვამს და გავიმეორებ, რომ გაძვირებული პროდუქციისა თუ მომსახურების რეიტინგს სათავეში სწორედ სასურსათო პროდუქტები უდგას. ზოგადად, ბოლო პერიოდში ფასების მკვეთრად მატების გამომწვევ მიზეზებზე არაერთხელ გვისაუბრია. კერძოდ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური რეცესია და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათზე, ნავთობპროდუქტებსა და სატრანსპორტო მომსახურებაზე გაზრდილი ფასები − ასეთია იმ ფაქტორების ჩამონათვალი, რამაც მსოფლიოს მასშტაბით ფასების ზრდა გამოიწვია. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ ფასების მატებაა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2022
რას გეგმავენ მთავრობა და ეროვნული ბანკი? ანუ საშემოდგომო მოლოდინები
პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე ფასების მატების პარალელურად სხვა საფრთხეც გამოიკვეთა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტიდან ერთ თვეში მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები სასურსათო შიმშილის რისკებზეც კი ალაპარაკდნენ. აქცენტი მარცვლეულის მოსალოდნელ დეფიციტზე კეთდებოდა. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზრებზე გაყიდული ხორბლის 33 პროცენტი, სიმინდის 50 პროცენტი და მზესუმზირის ზეთის 75 პროცენტი რუსეთს და უკრაინას მოჰყავთ. მარცვლეულის ორი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის სამხედრო დაპირისპირებამ მსოფლიო სასურსათო ბაზარს პრობლემები შეუქმნა, რაც განსაკუთრებული სიმწვავით აფრიკის სახელმწიფოებზე აისახა. დღეს ალბათ ვერავინ იტყვის, მარცვლეულის დეფიციტის საკითხი როდის მოიხსნება დღის წესრიგიდან.
მეტიც, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ COVID-19-ის პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შედეგები მსოფლიოს სასურსათო ბაზრისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება. თუმცა პესიმისტური პროგნოზის პარალელურად პოზიტიური ტენდენციაც არის.
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
რა ცვლილებას ელოდება საფინანსო ბაზარი, ანუ რა საჭიროა შუა რგოლი?
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისი უკვე ზედიზედ მესამე თვეა, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ოდნავ შემცირდა. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2,3 პროცენტით დაიკლო და ივნისში საშუალოდ 154,2 ქულა შეადგინა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ივნისის ამავე მონაცემს 23,1 პროცენტით უსწრებს. ეს ინდექსი რა არის? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ, რომ ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს. ივნისში მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა და შაქრის ინდექსმა დაიკლო, ანუ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასები შემცირდა. რძის პროდუქტისა და ხორცპროდუქტის ფასები გაიზარდა, შესაბამისად, ამ პროდუქტებზე გაიზარდა სასურსათო ფასების ინდექსი.
დარწმუნებული ვარ, უპრიანი იქნება ვნახოთ, როგორ შეიცვალა ინდექსი რამდენიმე დასახელების პროდუქტზე. მარცვლეულის ფასების ინდექსი ივნისში, მაისთან შედარებით, 4,1 პროცენტით დაეცა. თუმცა, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 27,6 პროცენტით აჭარბებს. ხორბალზე საერთაშორისო ფასები ივნისში 5,7 პროცენტით შემცირდა, მაგრამ გასული წლის მაჩვენებელს 48,5 პოცენტით აღემატება. FAO-ს ექსპერტების შეფასებით, ივნისის თვეში ფასების შემცირება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამ, ზოგიერთ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღების გაუმჯობესებულმა პირობებმა და ასევე რუსეთში მაღალი მოსავლიანობის პროგნოზმა გამოიწვია. 3,5 პროცენტით შემცირდა სიმინდის ფასი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
როგორ შეიცვალა ფასები? ანუ ბოლო ერთი წლის დინამიკა
მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა ივნისში საშუალოდ 211,8 ქულა შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 7,6 პროცენტით შემცირდა. ასევე ფასმა დაიკლო მზესუმზირის ზეთსა და სოიოს ზეთზე.
შაქრის ფასის ინდექსი ივნისში საშუალოდ 117,3 ქულა იყო და, მაისთან შედარებით, 2,6 პროცენტით დაიკლო. ეს თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შაქრის მოთხოვნასა და ფასებზე გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებასაც ჰქონდა გავლენა.
ხორცი და ხორცპროდუქტი გაძვირდა. ხორცის ფასის ინდექსი მაისთან შედარებით ივნისში 1,7 პროცენტით გაიზარდა და 124,7 ქულა შეადგინა. ეს ახალი რეკორდია, რომელიც გასული წლის ივნისის მონაცემებს 12,7 პროცენტით აჭარბებს. საგულისხმოა, რომ ფასები ყველა ტიპის ხორცზე გაიზარდა, ყველაზე მეტად კი ფრინველის ხორცია გაძვირებული. ექსპერტები აცხადებენ, რომ ფრინველის ხორცის ფასმა ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რაც უკრაინაში საომარ მოქმედებათა გამო გლობალური მიწოდების შემცირებისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ფრინველის გრიპის გავრცელების შედეგია.
გაძვირდა რძე და რძის პროდუქტები. საერთაშორისო ბაზრებზე რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა 149,8 ქულა შეადგინა და მაისის შემდეგ 4,1 პროცენტით მოიმატა, გასულ წლის მაისის მაჩვენებელს კი 24,9 პროცენტით უსწრებს. გასულ თვეში ფასებმა ყველა ტიპის რძის პროდუქტზე მოიმატა, განსაკუთრებით გაძვირდა ყველი.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
რას ვარაუდობს ეროვნული ბანკი, ანუ როდემდე გაიზრდება ფასები?
წინამდებარე სტატია დასასრულს უახლოვდება და ფასების შესაძლო შემცირებაზე ჯერ სიტყვაც არ დამიძრავს, ანუ დანაპირების დაანონსებულ შესრულებას პირი არ უჩანს. დარწმუნებული ვარ, მკითხველს უკვირს, მან ხომ იცის, არ ვარ გუნდიდან „ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი“. მკითხველი არ ცდება. მოგეხსენებათ, საქართველოში ფასების დინამიკა დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებიდან ირკვევა, ბოლო სამი თვის განმავლობაში სასურსათო ფასები იკლებს. ანალიტიკოსები და იმპორტიორები სწორედ ამ ტენდენციის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ მომავალი წლიდან სურსათი საქართველოშიც გაიაფდება.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას აზრით, საქართველოში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და საერთაშორისო ბაზარზე ფასების დაკლება ადგილობრივ ბაზარზეც მყისიერად აისახება, რაც ინფლაციის შეჩერების ერთ-ერთი ფაქტორიც იქნება.
„საქართველოში უამრავი კომპანიაა, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების იმპორტირებისა და წარმოების მიმართულებით საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. შესაბამისად, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები დაიკლებს, საქართველოში მაღალი ფასების შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნება და ძალიან სწრაფად დაიწყება ფასების შემცირებისკენ ცვლილება“, − აცხადებს ივა ჭყონია.
იმპორტიორი კომპანიების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ფასების ზრდის ტემპი რაღაც ნიშნულამდე ავიდა და ახლა მისი დაღმასვლაა მოსალოდნელი. ამგვარ შეფასებას კომპანია „მზიურის“ დირექტორი დიმიტრი რამიშვილიც იზიარებს.
„ეს ბუნებრივი მოვლენაა – სურსათზე ფასებმა გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და ახლა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებასთან ადაპტირებულად კლებისკენ გადათამაშდება. ეს კი ნიშნავს, რომ იმპორტირებული სურსათი ან პროდუქტი, რომელიც მოსამზადებლად იმპორტირებულ ინდეგრიენტს საჭიროებს, წინა პერიოდთან შედარებით იაფი იქნება“, − აცხადებს დიმიტრი რამიშვილი.
გამართლდება თუ არა ვარაუდი, თუნდაც მომავალი წლიდან, სურსათის მკვეთრად გაიაფების თაობაზე, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, ფასთა კლების ტენდენცია მანამდეც უნდა გამოიკვეთოს და სურსათმა მცირედით მაინც უნდა დაიწყოს გაიაფება მიმდინარე წლის შემოდგომიდან.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0