როგორი შემოდგომა ექნება ლარს?

© Pixabay / stevepbსაფულე
საფულე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
ეროვნული ვალუტის საზაფხულო თავგადასავალი. რატომ ჩაანაცვლა გამყარების ტენდენცია გაუფასურებამ და რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, როდის ასცდება ლარი 3-იან ნიშნულს და რა მოლოდინი აქვთ ანალიტიკურ წრეებში?
თამამად შეიძლება ითქვას, ზაფხულის ბოლოს სავალუტო ბაზარზე მოვლენები საფინანსო სფეროს სპეციალისტებისა და ანალიტიკური წრეებისთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ანუ ვარაუდი ეროვნული ვალუტის გამყარების შეუქცევადობის თაობაზე არ გამართლდა. არადა, ამგვარი პროგნოზის წინაპირობები აშკარად არსებობდა. ნათქვამის დასტურად ახლო წარსულში მცირედი ექსკურსი დაგვჭირდება.
ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
რა იხეირეს კომერციულმა ბანკებმა?
შეგვახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკისა და მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი 3,25 ლარის ნიშნულზე იყო და ანალიტიკოსთა უმრავლესობა ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებდა, თუმცა მაშინ ეს ვარაუდი არ გამართლდა და სავალუტო ბაზარზე პროცესი პოზიტიურად წარიმართა.
ეროვნული ვალუტის სტაბილურობის განმსაზღვრელი მაკროეკონომიკური პარამეტრების საგრძნობლად გაუმჯობესებისა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შედეგად ეროვნული ვალუტა თანდათან გამყარდა და დოლართან მიმართებით მიმდინარე წელს 3,09 ლარის ნიშნულზე შეხვდა. როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რუსეთ–უკრაინის სამხედრო დაპირისპირება რომ არა, ლარი გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებდა, ზაფხულის ტურისტული სეზონი კი ამ პროცესს მეტ სტაბილურობას შესძენდა. თუმცა სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან დროის ძალზე მცირე მონაკვეთში ეროვნული ვალუტა ერთბაშად რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა და სარვამარტოდ დოლარის მიმართ 3,3991 ლარის ნიშნულს გაუტოლდა. მორიგი შოკის გასანეიტრალებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 40 მილიონი დოლარი მიაწოდა, საიდანაც 39,6 მილიონი დოლარი გაიყიდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, კობა გვენეტაძის უწყების მოქმედებას საფინანსო ბაზარზე ე.წ. ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსმა 3,3947 ლარი შეადგინა, მალევე ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს დაუბრუნდა და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კურსი 3,2179 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
რას შეცვლის ეროვნული ბანკის ვერდიქტი, ანუ მედლის ორი მხარე
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეროვნული ვალუტის კურსი ძირითადად მერყეობდა, გამყარებას გაუფასურება ანაცვლებდა და პირიქით, თუმცა გამყარების ტემპი გაუფასურების ამავე მაჩვენებელს ბევრად უსწრებდა, უკვე 17 მაისს დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი ჩამოსცდა 3-იან ნიშნულს და 2,9769 ლარს გაუტოლდა.
მესამე კვარტლის დასაწყისი ეროვნული ვალუტისთვის კიდევ უფრო იღბლიანი გამოდგა, გამყარების პროცესი შეუქცევადი გახდა. 8 ივლისიდან მოყოლებული 12 აგვისტომდე ეროვნული ვალუტა მხოლოდ მყარდებოდა და ივლისის ბოლოს დოლარის მიმართ კურსმა 2,76 ლარი შეადგინა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეროვნული ვალუტა პოზიციებს აგვისტოს მეორე დეკადის დასაწყისამდე იუმჯობესებდა. დროის ამ მონაკვეთში ლარის გამყარებამ ერთი თვე და ოთხი დღე გასტანა, რაც კიდევ უფრო ოპტიმისტური მოლოდინების საფუძველი გახდა.
ანალიტიკურ წრეებში ვარაუდობდნენ, რომ საშემოდგომოდ ეროვნული ვალუტა პოზიციას კიდევ უფრო განიმტკიცებდა და საშუალოდ 2,6–2,65 ლარის ნიშნულამდე გამყარდებოდა. ამგვარ პროგნოზს, სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის პოზიტიური ცვლილების არსებული დინამიკის გარდა, საგრძნობლად გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც ამყარებდა, კერძოდ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და უცხოელი ვიზიტორებისა თუ ტურისტების მზარდი სავალუტო ნაკადები, ექსპორტის გაზრდილი მოცულობა და საგარეო ვაჭრობაში შემცირებული უარყოფითი სავაჭრო სალდო. შექმნილ რეალობაში, ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, ექსპერტთა ერთი ნაწილი საწვავის, იმპორტული სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების შესაძლო დაკლებაზეც ალაპარაკდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
რამდენია წლიური ინფლაცია და როგორია ეროვნული ბანკის რეაქცია?
სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ეს გამყარება სტაბილური არ იყო, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა არ შეცვლილა, ისევ ისეთია, როგორიც იყო. მათი მოსაზრებით, ეროვნული ვალუტის გამყარება ტურისტული ნაკადების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 2,34 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 214 პროცენტით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურიზმის სექტორის აღდგენის მაჩვენებელი 47,2 პროცენტია. მხოლოდ ივლისში რუსეთიდან ქვეყანაში 156.737 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 526 პროცენტით მეტია.
ამავე პერიოდში საფინანსო სფეროს სპეციალისტები ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვის შევსებისკენ მოუწოდებდნენ. ანალიტიკოსების განცხადებით, კობა გვენეტაძის უწყებას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ბიზნესისა თუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ეროვნული ვალუტის სწრაფი როგორც გაუფასურება, ისე გამყარებაც პრობლემაა, რადგან ორივე შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე პროცესების განვითარება არაპროგნოზირებადი ხდება. შესაბამისად, საჭირო იყო სიტუაციის დასტაბილურება, რასაც ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვა მხოლოდ ხელს შეუწყობდა.
Обменный пункт - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
სად დაამუხრუჭებს ეროვნული ვალუტა, ანუ სად გადის ლარის შესაძლებლობების ზღვარი
სავალუტო ბაზარზე განვითარებულ პროცესებზე ეროვნული ბანკის რეაქციამ არ დააყოვნა. კობა გვენეტაძის უწყებამ 2019 წლის შემდეგ ამერიკული დოლარი პირველად 24 მაისს შეისყიდა. თანხის მოცულობამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე აგვისტოს პირველ დეკადაში ჯამურად 70 მილიონი დოლარი შეიძინა და ამგვარად სავალუტო რეზერვები სულ 80 მილიონი დოლარით შეივსო. თუმცა მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სექტემბრის დასაწყისში კობა გვენეტაძის უწყებას ამ თანხის ნახევრის გაყიდვა მოუწევდა.
ეროვნულმა ვალუტამ 12 აგვისტოს დაამუხრუჭა. იმ დღეს ლარი დოლარის მიმართ 0,73 პუნქტით გაუფასურდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2,7089 ლარი შეადგინა. შემდეგ დაიწყო გამყარება-გაუფასურების უკვე კარგად ნაცნობი პროცესი, თუმცა ამჯერად გაუფასურების ტემპი გამყარების ამავე მაჩვენებელზე მაღალი იყო. ფაქტია, უკვე 17 აგვისტოს, მიუხედავად იმისა, რომ კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარს 8,305 მილიონი დოლარი მიაწოდა, ეროვნული ვალუტის კურსმა დოლარის მიმართ 2,8019 ლარი შეადგინა. ანუ ხუთი დღის განმავლობაში ლარი 0,093 პუნქტით გაუფასურდა.
ერთი სიტყვით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა პოზიციებს თანდათან თმობდა და შემოდგომას 2,9045 ლარის ნიშნულზე შეხვდა. უნდა შეგახსენოთ, რომ ანალიტიკური წრეებიდან ერთი ნაწილი, კერძოდ, საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალი“ ჯერ კიდევ ივლისის თვის მესამე დეკადაში, როდესაც ეროვნული ვალუტა სტაბილურად და, რაც მნიშვნელოვანი იყო, სწრაფი ტემპით მყარდებოდა, წერდა, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის პოზიციები არ დასუსტდა, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების, კერძოდ, სავალუტო შემოდინებების მოცულობის შესაძლო ზრდის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის დამატებით გამყარება ნაკლებად სავარაუდო იყო. სამწუხაროდ, ვარაუდი გამართლდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
როგორ შეიცვალა ფასები? ანუ ბოლო ერთი წლის დინამიკა
ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ მოსახლეობაში მალევე გაქრა საწვავის, უცხოეთიდან შემოტანილი სასურსათო პროდუქტებისა თუ პირველადი მოხმარების საგნების შესაძლო გაიაფების მოლოდინი. სამაგიეროდ ანალიტიკოსები ცდილობენ პროგნოზირებას, თუ როდის ასცდება ლარი დოლარის მიმართ 3-იან ნიშნულს. უმრავლესობის ვარაუდით, ეს ოქტომბრის დასაწყისშია მოსალოდნელი, როდესაც ტურისტული სეზონი საბოლოოდ მიილევა. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს ვარაუდი. საფინანსო სფეროს სპეციალისტთა შეფასებით, დღეს ლარის მკვეთრი გაუფასურების მაკროეკონომიკური პირობები არ არსებობს და ეს პროცესი მთლიანად ნეგატიური მოლოდინების შედეგია.
და, ბოლოს, გასულ კვირაში, 31 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე მორიგი ინტერვენციით 32,305 მილიონი დოლარი გაყიდა. შედეგად, დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსმა 2,9045 ლარი შეადგინა.
დღეისათვის სულ ეს იყო. დიდხანს არ გალოდინებთ, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით მალევე დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0