რა გაძვირდა ყველაზე მეტად და რამდენით, ანუ ინფლაცია კონკრეტულ ციფრებში

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
აგვისტოში ინფლაცია შემცირდა, ზედიზედ მეორე თვეა წლის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა, თუმცა მაჩვენებელი კვლავაც ორნიშნაა. რას პროგნოზირებენ ანალიტიკურ წრეებში, როდიდან დაუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს?
გასული კვირის ბოლოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აგვისტოს თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ წლიურმა ინფლაციამ 10,9 პროცენტი შეადგინა. ერთი სიტყვით, პოზიტიური ტენდენცია კვლავაც გრძელდება. მეტიც, უკვე ზედიზედ მეორე თვეა, რაც წლის საუკეთესო შედეგი ფიქსირდება. ივლისში წლიური ინფლაცია 11,5 პროცენტი იყო. ასე რომ, ზაფხულის ბოლო ორი თვის განმავლობაში ინფლაცია 0,6 პროცენტით შემცირდა.
ურიგო არ იქნება გადავხედოთ, როგორი იყო ინფლაციის დინამიკა წლის გასულ პერიოდში.
2022 წელს ქვეყანა ინფლაციის 13,9 პროცენტით შეხვდა. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი არ შეცვლილა, ხოლო თებერვალში უმნიშვნელოდ შემცირდა და 13,7 პროცენტი იყო. მარტში ინფლაციამ საგრძნობლად დაიკლო და 11,8 პროცენტი შეადგინა. ანალიტიკურ წრეებში ითქვა, რომ ეს პოზიტიური შედეგი ე.წ. საბაზისო ეფექტმა განაპირობა. შედეგი იყო. მომდევნო თვეში ინფლაცია 12,8 პროცენტამდე გაიზარდა. მეორე კვარტლის მეორე თვეში ინფლაციამ კვლავ ზრდა განაგრძო და 13,3 პროცენტი შეადგინა. ივნისი კი შედარებით პოზიტიური გამოდგა, რადგან წლიური ინფლაცია შემცირდა და აპრილის მაჩვენებელს, 12,8 პროცენტს დაუბრუნდა. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, სხვადასხვა დროს ინფლაცია ხან აღმავალია და ხანაც დაღმავალი. მაინც რა განაპირობებდა ცვალებადობას? რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა მათ შორის მთავარი იყო ინფლაციურ პროცესებზე საგარეო თუ საშინაო ფაქტორების გავლენის ხარისხი და მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა.
საფულე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
როგორი შემოდგომა ექნება ლარს?
საინტერესოა, ამჯერად როგორ გამოიყურება ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების თუ მომსახურების ჩამონათვალი. ბოლო წლების განმავლობაში ამგვარ რეიტინგს თვიდან თვემდე სურსათი ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილი ძირითადად ტრანსპორტსა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციას ეკავა. თუ ივლისში პირველ-მეორე ადგილებმა პოზიციები გაცვალეს, აგვისტოში სტატუს-კვო აღდგა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა ფასების მატების 15,8 პროცენტით ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. ახლა ვნახოთ, როგორი იყო ფასების ცვლილების დინამიკა სურსათის ცალკეულ სახეობებზე. პური და პურპროდუქტები 32,4 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 20,8 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 20,3 პროცენტით გაძვირდა. ზეთისა და ცხიმის ფასმა 19,8 პროცენტით მოიმატა. ყავა, ჩაი და კაკაო 18,7 პროცენტით არის გაძვირებული. შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასმა კი 18,6 პროცენტით მოიმატა. თევზეული 13,6 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 11,1 პროცენტით გაძვირდა. ხილისა და ყურძნის ფასი 2,5 პროცენტით გაიზარდა. არ ვიცი საკუთარ ჯიბეზე რამდენად იგრძნო მომხმარებელმა, თუმცა, „საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ბოსტნეული და ბაღჩეული 9,6 პროცენტით გაიაფდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში წლიური საშუალო გაძვირების ივლისის თვის მაჩვენებელი 16,4 პროცენტი იყო. შესაბამისად, კლებამ წლიურად სულ 0,6 პროცენტი შეადგინა.
ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
რა იხეირეს კომერციულმა ბანკებმა?
რეიტინგის პირველ-მეორე პოზიციებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა, სულ 0,2 პროცენტი. საანგარიშო პერიოდში ტრანსპორტი და სატრანსპორტო მომსახურება 15,6 პროცენტით გაძვირდა. მათ შორის: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ფასებმა 18,7 პროცენტით მოიმატა. სატრანსპორტო მომსახურება 14,5 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენა კი 1,6 პროცენტით არის გაძვირებული. ტრანსპორტისა და სატრანსპორტო მომსახურების საშუალო წლიური გაძვირების ივლისის მაჩვენებელი 20,6 პროცენტი იყო. შესაბამისად აგვისტოში წლიურ ჭრილში კლებამ 5,0 პროცენტი შეადგინა.
წლიური საშუალო ფასების ზრდის 14,9 პროცენტით რეიტინგში მესამე პოზიცია შეინარჩუნა სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურებამ. კერძოდ, საზოგადოებრივი კვების ფასები 15,4 პროცენტით, ღამის გასათევით მომსახურების ფასები კი 11,7 პროცენტით გაიზარდა. ამ ჯგუფში ივლისში მაჩვენებელი 14,3 პროცენტი იყო, ასე რომ, ამ მიმართულებით ფასების მატებამ 0,6 პროცენტი შეადგინა.
რეიტინგში მომდევნო პოზიციაზე კვლავაც საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ფასებს უკავია, რომელმაც წლიურად საშუალოდ 12,4 პროცენტით მოიმატა. ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 22,5 პროცენტით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება კი 12,8 პროცენტით გაძვირდა. ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეები გაძვირებულია 6,0 პროცენტით. ამ ჯგუფში წლიური გაძვირების ივლისის თვის მაჩვენებელი 13,3 პროცენტი იყო. შესაბამისად, აგვისტოში წლიურ ჭრილში კლებამ 0,9 პროცენტი შეადგინა.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
რას შეცვლის ეროვნული ბანკის ვერდიქტი, ანუ მედლის ორი მხარე
უცვლელი დარჩა რეიტინგის მეხუთე პოზიცია, რომელიც წლიური საშუალო გაძვირების 10,6 პროცენტით სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასებს უკავია. ივლისში მაჩვენებელი 11,5 პროცენტი იყო და კლებამ 0,9 პროცენტი შეადგინა. მომდევნო პოზიციები ასე განაწილდა: ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა − 10,1 პროცენტი, ანუ ივლისის ამავე მაჩვენებელთან შედარებით 0,6 პროცენტით მეტი; ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო − 8,5 პროცენტი, ივლისის მაჩვენებელზე 0,2 პროცენტით მეტი. საყურადღებოა, რომ განათლების ფასების ზრდის წლიური მაჩვენებელი ივლისთან შედარებით უცვლელი დარჩა – 3,3 პროცენტი და მას დასვენება, გართობა, კულტურის ჯგუფმა გაუსწრო, რომლის ფასები აგვისტოში საშუალოდ წლიურად 5,2 პროცენტით გაიზარდა. შემდეგ მოდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და ჯანდაცვა ფასების ზრდის, შესაბამისად, 1,7 პროცენტით და 1,2 პროცენტით.
ორნიშნა ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე არაერთხელ მისაუბრია და ახლა ამ საკითხზე მსჯელობით თავს აღარ შეგაწყენთ, მით უფრო, რომ ამ მიმართულებით სიახლე არ არის. ამიტომ ამჯერად თქვენს ყურადღებას მოკლე და საშუალოვადიან მოლოდინებზე გავამახვილებ.
საფინანსო სფეროს სპეციალისტები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია 10 პროცენტის ნიშნულზე შენარჩუნდება, მომავალი წლიდან კი ორნიშნა მაჩვენებელი აღარ იქნება.
საქართველოს დროშა ძველი თბილისის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
რა გზავნილი მიიღო საქართველომ უცხოეთიდან?
„დადებითი ფაქტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაცია იკლებს, თუმცა ის რჩება 10 პროცენტის ნიშნულზე უფრო მაღლა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ სურსათზე ყველაზე დიდი წილი მოდის, რაც მოწყვლად მოსახლეობას ყველაზე მეტად აზარალებს. ფასების შემცირება კი მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია იკლებს და ამას საწვავის ფასების გაიაფებამაც შეუწყო ხელი, წლის ბოლომდე მისი საგრძნობი შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. ინფლაცია გლობალური პრობლემაა და ჩვენზე მისი როგორც ზრდა, შემცირებაც აისახება. არ გამოვრიცხავ, მომავალ წელს სასუქის ფასებიდან გამომდინარე სურსათზე წნეხი შეიქმნას, ამიტომ მოსალოდნელია, სოფლის მეურნეობის პროდუქტები არათუ გაიაფდეს, არამედ გაძვირდეს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ვვარაუდობ, რომ წლის ბოლომდე ორნიშნა მაჩვენებელი იქნება, ხოლო მომავალი წლიდან დაიკლებს“, − აცხადებს ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის მკვლევარი ნიკა კაპანაძე.
საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსთა ჯგუფი კი რადიკალურად განსხვავებულ პროგნოზს გვთავაზობს. მათი ვარაუდით, აგვისტოდან ყოველთვიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება, მეტიც, არა არის გამორიცხული, მომდევნო ერთ წელიწადში თვეში დეფლაციასაც კი ჰქონდეს ადგილი. „თიბისი კაპიტალის“ მოსაზრებით, ამის მიზეზი, ერთი მხრივ, საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირება და გამყარებული ეროვნული ვალუტაა, მეორე მხრივ კი, წლის დარჩენილ პერიოდში, პირველ ნახევართან შედარებით, სეზონური შესწორების გათვალისწინებით ეკონომიკური აქტივობის შენელებაა.
ვისი პროგნოზი გამართლდება და როგორ განვითარდება ქვეყანაში ინფლაციური პროცესი, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ფაქტია, კონკრეტული ციფრების მიღმა, რომელთაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციასთან მიმართებით გვთავაზობს, ჩანს გაძვირებული ცხოვრება და უკიდურესი გაჭირვება...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0