რამდენით და რატომ გაძვირდა სესხები საქართველოში?

© Sputnik / STRINGERრიგი ბანკთან, ქუთაისი
რიგი ბანკთან, ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
რა მოცულობის სესხია გაცემული ლარსა და უცხოურ ვალუტაში, როგორია ლარიზაციის კოეფიციენტი, რომელმა კომერციულმა ბანკმა გასცა ყველაზე მეტი კრედიტი, შემცირდა თუ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები, რა ტიპის კრედიტზეა უფრო მოთხოვნა, რამდენ მსესხებელს აქვს ვადაგადაცილება?
გადავწყვიტე ქვეყნის საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი მიმოვიხილო. წინამდებარე სტატიის ე.წ. ლიდში ჩამოყალიბებულ კითხვებს პასუხს თანმიმდევრულად გავცემ და მაქსიმალური სიზუსტისთვის, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობი.
რა მოცულობის სესხია გაცემული ლარსა და ეროვნულ ვალუტაში?
საბანკო სექტორის მთავარი მარეგულირებლის მიერ სექტემბრის მდგომარეობით გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 43,21 მილიარდი ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ლარში გაცემული კრედიტების მოცულობა 422,71 მილიონი ლარით, 1,86 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 706,90 მილიონი ლარით, გაცვლითი ეფექტის გარეშე 0,52 პროცენტით შემცირდა.
საბანკო სექტორის მიერ დაკრედიტების წლიური ზრდა 7,8 პროცენტი იყო, ეს მაშინ, როცა გასული წლის პირველ რვა თვეში 16 პროცენტს აღემატებოდა. კონკრეტულად აგვისტოში საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე სულ რაღაც 0,76 პროცენტით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ბოლოს კომერციულ ბანკებს ლარში გაცემული ჰქონდათ 6,87 მილიარდი ლარის, წინა თვესთან შედარებით 0,68 პროცენტით მეტი, ხოლო უცხოური ვალუტით 12,54 მილიარდი ლარის, წინა თვესთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0,61 პროცენტით ნაკლები სესხი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
რატომ რჩება უმუშევრობა ჩვენი დროების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად?
როგორია ლარიზაციის კოეფიციენტი?
მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ დღეებში კომერციული საბანკო სექტორის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი, აგვისტოს ამავე პერიოდთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,59 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 53,44 პროცენტს გაუტოლდა.
რომელმა ბანკმა გასცა ყველაზე მეტი კრედიტი?
კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, სექტემბრის დასაწყისში საბანკო სექტორის საკრედიტო რეიტინგში 16,77 მილიარდი ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელით „თიბისი ბანკი“ ლიდერობდა. მეორე პოზიცია, როგორც ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო, „საქართველოს ბანკს“ ეკავა. მას საანგარიშო პერიოდისთვის 15,59 მილიარდი ლარი ჰქონდა გასესხებული. პირველ სამეულში მოხვდა „ლიბერთი ბანკი“, რომლის საკრედიტო პორტფელის მოცულობა 2,38 მილიარდი ლარი იყო. შემდეგი „ბაზის ბანკია“ 2 მილიარდი ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელით. რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდა „კრედო ბანკიც“, რომელსაც 1,69 მილიარდი ლარი ჰქონდა გასესხებული. ყველაზე მცირე მოცულობის თანხა „სილქ ბანკმა“ გაასესხა, რომლის საკრედიტო პორტფელის მოცულობა, საანგარიშო პერიოდისთვის 23 მილიონი ლარი იყო.
კომერციული ბანკების საკრედიტო რეიტინგის მონაცემებზე დაკვირვება მარტივი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს − საქართველოს საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის თითქმის 75 პროცენტი ორი კომერციული ბანკის ანგარიშზეა. ეს მაჩვენებელი საბანკო სექტორის აქტივების შემთხვევაში 80 პროცენტს აღემატება. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყანაში ოლიგოპოლიური საბანკო სექტორი ჩამოყალიბდა.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
რა ხდება საპენსიო ფონდში?
შემცირდა თუ გაიზარდა საკრედიტო საპროცენტო განაკვეთები?
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები 12,3 პროცენტიდან 13,6 პროცენტამდე გაიზარდა. საგულისხმოა, რომ გაძვირდა როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები.
კერძოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 15,7 პროცენტიდან 16,2 პროცენტამდე მოიმატა. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, ლარში გაცემული სესხები იურიდიულ პირებს გაუძვირდათ და მათთვის საპროცენტო განაკვეთი 12,7 პროცენტიდან 13,8 პროცენტამდე გაიზარდა. ხოლო ფიზიკური პირებისთვის წლიურად სესხების საპროცენტო განაკვეთი 18,2 პროცენტიდან 17,7 პროცენტამდე შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები გაუძვირდათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 7,4 პროცენტს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6,4 პროცენტი იყო.
იურიდიული პირებისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 6,7 პროცენტიდან 7,6 პროცენტამდე, ხოლო ფიზიკური პირების კრედიტებზე 5,5 პროცენტიდან 6,7 პროცენტამდე გაიზარდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
რა გაძვირდა ყველაზე მეტად და რამდენით, ანუ ინფლაცია კონკრეტულ ციფრებში
რა ტიპის კრედიტია უფრო ძვირი და რომელზეა მოთხოვნა?
ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საბანკო სექტორის ყოველთვიური მიმოხილვების თანახმად, საკრედიტო ბაზარზე ყველაზე უფრო მოთხოვნადი საკრედიტო პროდუქტი სამომხმარებლო სესხია. კერძოდ, მხოლოდ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ამ ტიპის 83.400 სესხია გაცემული, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.444 მილიონი ლარია. მეორე პოზიცია იპოთეკურ სესხებს უკავია. მიაქციეთ ყურადღება, იგულისხმება გაცემული სესხების რაოდენობა და არა მათი მოცულობა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მზარდი მოთხოვნის გამო ეროვნულმა ბანკმა მორიგი რეგულაცია დააწესა, რომლითაც ამ ტიპის კრედიტებზე მაქსიმალური ვადა ოთხიდან სამ წლამდე შეამცირა. როგორ აისახა ეს გადაწყვეტილება მთლიან საკრედიტო პორტფელზე, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ცალკეული ტიპის კრედიტის სიძვირეს, სექტემბრის თვის დასაწყისში ყველაზე ძვირი ავტოსესხი იყო. ამ ტიპის სესხი საანგარიშო პერიოდში 0,53 პროცენტით გაიზარდა და საშუალოდ 22,74 პროცენტს გაუტოლდა. შენ ის გვითხარი, ყველაზე იაფი რომელია? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და, რა გაეწყობა, მოგახსენებთ, რომ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე იყო – საშუალო 12,44 პროცენტი. ეს მაჩვენებელი გასული წლის სექტემბრის დასაწყისში 12,18 პროცენტი იყო. ურიგო არ იქნება, საანგარიშო პერიოდში სხვა ტიპის კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილების დინამიკა გაგაცნოთ. კერძოდ, სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 0,22 პროცენტით და 18,82 პროცენტს გაუტოლდა. არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია და ის 20,46 პროცენტს შეადგენს. ის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,51 პროცენტით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ბევრად იაფია უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი. საპროცენტო განაკვეთი 13,65 პროცენტია. საანგარიშო პერიოდში ამ ტიპის სესხიც გაძვირდა 0,36 პროცენტით. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ლომბარდული ტიპის სესხი ერთადერთი საკრედიტო პროდუქტი იყო, რომელიც საანგარიშო პერიოდში გაიაფდა. ამ ტიპის სესხის საპროცენტო განაკვეთი 19,85 პროცენტიდან 17,80 პროცენტამდე შემცირდა.
საფულე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
როგორი შემოდგომა ექნება ლარს?
რამდენ მსესხებელს აქვს ვადაგადაცილება?
ამ კითხვაზე საპასუხოდ „კრედიტინფოს“ მონაცემებს დავეყრდნობი. საანგარიშო პერიოდისთვის 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 217.353 მსესხებელს ჰქონდა. მათი ჯამური დავალიანება 1.866.922.856 ლარს შეადგენდა.
სექტემბრის დასაწყისის მდგომარეობით, 1.895.862 მოქალაქეს საფინანსო სექტორის 34.883.261.421 ლარი მართებდა. მსესხებლების 91 პროცენტი საბანკო სექტორზე მოდის.
დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეების მოკლე მიმოხილვით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0