საქართველო და გერმანია კულტურულ კავშირებს აღრმავებენ: ახალი შეთანხმება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaილია დარჩიაშვილი და ანალენა ბერბოკი
ილია დარჩიაშვილი და ანალენა ბერბოკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა 2013 წელს განახლდა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დოკუმენტს ბერლინში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია და მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო სფეროებსა და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეთანხმებაში ხაზგასმულია ქართველი და გერმანელი ხალხის მიერ მსოფლიოს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი ისტორიული წვლილი და აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მდიდარი კულტურის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და ცნობადობის ამაღლებას.
მხარეები შეთანხმდნენ კულტურული პროექტების, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფაზე, სახელოვნებო, სამეცნიერო, პედაგოგიური და სხვა სფეროების წარმომადგენელთა კიდევ უფრო დაახლოებაზე, ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრა შედგა: რა საკითხები განიხილა პრემიერმა ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩთან >>
მემორანდუმი ასევე მოიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამებით გაცვლას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას ქართველი სტუდენტებისთვის და ა.შ.
შეთანხმების შედეგად გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობები ორი ქვეყნის ენების შესწავლის და მათ შორის გერმანული საერთაშორისო სასკოლო ატესტატის მქონე აბიტურიენტებისთვის გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების კუთხით.
შეთანხმება ასევე გულისხმობს გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერას და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემას მშობლიური ენის, კულტურის, ტრადიციების და თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, საგამომცემლო საქმიანობაში თანამშრომლობას, საბიბლიოთეკო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო სფეროში მდიდარი პოტენციალის გაცვლასა და აკადემიური წრეების დაახლოებას. შეთანხმება ასევე გულისხმობს ერთობლივი აკადემიური ხარისხის გაცემის საკითხში თანამშრომლობას.
დარახველიძე: საქართველოს 3 ათასზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა >>
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა 2013 წელს განახლდა.
საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.
2022 წლის იანვარი-ივლისში საქართველოსა და გერმანიას შორის ტვირთბრუნვამ შეადგინა 355,8 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.
წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0