ამბავი წყალში ჩავარდნილი და სამარცხვინოდ დატყვევებული ივანე მხარგრძელისა

© Pixabay / Momentmalხედი ციხე-სიმაგრიდან
ხედი ციხე-სიმაგრიდან - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
1204 წელს მიიცვალა ღირსეული მეუღლე თამარისა და საქართველოს უპირველესი მხედართმთავარი დავით სოსლანი – „კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განშუენებული, წყობათა და ომთა შინა მხნე ვინმე გულოვანთაგანი, უხვი და მდაბალი და სიკეთით აღმატებული“.
მისმა სიკვდილმა გაათამამა მტერი. მაიფარიკინისა და ხლათის სულთნები იმ სომხური მიწებისთვის დაერივნენ ერთმანეთს, რომლებიც საქართველოს გავლენის სფეროში შემოდიოდა. ეს კი საქართველოსთან ომის განახლებას ნიშნავდა.
დიდ საქარავნო გზაზე მდებარე ხლათი იმ დროს მდიდარი და აყვავებული ქალაქი იყო — უამრავი ბაზრით, „მაშრიყ-მაღრიბული“ საქონლითა და აზიურ-ევროპული სიმდიდრით. ხშირად არაბული სამყაროს ზღაპრულ ქალაქებს — ული ბაღდადსა და დამასკოსაც ადარებდნენ.
არ გამოტოვოთ: როგორ დაკარგა საქართველომ დაუდ ფაშა გურჯის მიერ გამოგზავნილი ბრილიანტის ყელსაბამი
აი, სწორედ ამ ქალაქისთვის ეცილებოდნენ ერთმანეთს აიუბიანთა ეგვიპტე და საქართველო. 1207 წელს მაიფარიკინის სულთანმა ნეჯმ ად-დინ აიუბმა სასტიკად დაამარცხა ხლათის სულთანი ბალბანი, რომელმაც დასახმარებლად არზრუმის გამგებელ მუღის ედ-დინ თოღრულ შაჰს უხმო. ხლათელებმა და არზრუმელებმა შეერთებული ძალებით აქციეს უკუ სულთანი აიუბი, მაგრამ მერე თოღრულ შაჰმა ბალბანი მოკლა და ხლათს თავად დაეპატრონა.
მაგრამ არ გაიმეფეს ხლათელებმა მოღალატე არზრუმელი, მუღის ედ-დინი გააძევეს და ქალაქი სულთან აიუბს გადასცეს. ამას უკვე სომხების ჯანყი მოჰყვა, რომლებმაც ვანი და არჭეში აიღეს, მერე კი მათ დასახმარებლად მისულმა ქართველებმა ხლათიც ხელთ იგდეს და მაშინვე აჯანყებულებს გადასცეს.
ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ და სულთანი აიუბი ახალი ძალებით შეიჭრა ხლათში, ქალაქი აიღო და სომეხთა დედაწულიანად ჟლეტას მიჰყო ხელი.
როგორც კი ამ ამბავმა მეფე თამარის ყურამდე მოაღწია, მაშინვე საომარი სამზადისი ბრძანა. ლაშქარს მსახურთუხუცესი ივანე მხარგრძელი უსარდლა და სამხრეთისკენ აფრინა. ქართველებმა არჭეში აიღეს და მიწასთან გაასწორეს, ნეჯმ ად-დინ აიუბმა კი ხლათიდან გამოსვლა და არჭეშისთვის ბრძოლა ვერ გაბედა.
არ გამოტოვოთ: ყველაზე ახოვანი, ცოლმრავალი და ახალგაზრდა მეფეები საქართველოში
ივანე მხარგრძელმა მაშინ ეს საკმარისად მიიჩნია და თურქი ტყვეებითა და ნადავლით დატვირთული უკან მობრუნდა. 1208 წლის შემოდგომაზე კი ახალი ლაშქრობა მოაწყო ხლათის სასულთნოზე, რომელსაც ახალი მმართველი ჰყავდა — ეგვიპტის სულთნის ძე ალ ადილის მელიქ ალ-ავჰადი. ქართველებმა ალყა შემოარტყეს ხლათს და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ქალაქი დღე-დღეზე უნდა დანებებულიყო. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ.
10 ოქტომბრის დილით ვარსკვლავთმრიცხველს უწინასწარმეტყველებია ივანე მხარგრძელისთვის, საღამოს ხლათში შეხვალ და ღამეს ქალაქში გაატარებო. გახარებულმა მსახურთუხუცესმა საქმე მოთავებულად ჩათვალა და სადილზე ღვინოს მიეძალა. მერე ცხენს მოახტა და ტერიტორიის დასაზვერად თავად გაემართა. ჯიუტმა და უხიაგმა მხარგრძელმა მხოლოდ ოცკაციანი ამალა იახლა. ბოლოს ისე გათამამდა, რომ გალავანთან დამაკავშირებელ ხიდზე გადასვლა და ციხე-სიმაგრესთან ახლოს მისვლა მოინდომა. არ ანებებდნენ თანამებრძოლნი, ვინაიდან მდინარის მეორე ნაპირზე ჩასაფრებული თურქები ეგულებოდათ. მაგრამ არ დაიშალა გულმხეცმა მხარგრძელმა, ცხენს ქუსლი ჰკრა და ხიდზე შეაჭენა.
შუამდე იყო მისული, რომ ფეხქვეშ გამოეცალა ხიდი და მდინარეში გადაეშვა. თურმე ფიცრები აეყარათ თურქებს და და ზედ თივა წაეფარებინათ, თავად კი მართლაც საფარიდან უთვალთვალებდნენ თავზეხელაღებულ სარდალს. ჰოდა, როგორც კი ცხენიდან გადმოვარდნილი ივანე იხილეს, ქართველებს გონს მოსვლა არ აცალეს, მყის თავს დააცხრნენ წყალში ჩავარდნილ მხარგრძელს, შეიპყრეს, ქალაქში შეათრიეს და ზარ-ზეიმით მიჰგვარეს ხლათის სულთანს.
არ გამოტოვოთ: დაღესტნის მიერ მიტაცებას გადარჩენილი თუშეთი და ქართველი საბჭოთა ლიდერის პატრიოტული ფანდები
არაბი მეისტორიე წერს, ალაჰს რომ არ შეეწყალებინა მუსლიმები მხარგრძელის დატყვევებით, ქართველები უეჭველად დაიპყრობდნენო ხლათს, ვინაიდან არავინ იყო მათი შემჩერებელი არც ხლათში და არც კაიროშიო, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელთა სამხედრო ბანაკში ქართველებზე ხუთჯერ მეტი მეომარი იდგა.
მოულოდნელი წარმატებით გახარებულმა ალ-ავჰადმა გადაწვიტა, ივანე მხარგრძელი კაიროში, ეგვიპტის სულთანთან გაეგზავნა. ფრიად აღშფოთდა მაშინ საქართველოს სამეფო კარი. ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა ძმის გამოსახსნელად საგანგებო ელჩობა წარგზავნა ხლათს და მუქარის შემცველი უსტარი გაატანა ალ აუჰადთან:

„თუ ჩემი ძმა დიდ სულთანთან გაგიზავნია, ავიღებ ხლათსა და არჭეშივით გავანადგურებ... ჩემს ძმას რამე არ დაუშავდეს, თორემ ყველას ამოგწყვეტთ, თქვენი ქვეყნის მიწას კი მოვთხრი და საქართველოში წამოვიღებ!“

ამირსპასალარის მუქარამ მეტად შეაშფოთა ხლათის მბრძანებელი. წინ დაისვა საპატიო ტყვე და საზავო პირობები უკარნახა: ივანეს 5.000 თურქი ტყვე უნდა გაეთავისუფლებინა, 100.000 დინარი ფულად გადაეხადა, 21 ციხე დაებრუნებინა და მისი პირმშვენიერი ასული თამთა სულთნისთვის ცოლად უნდა მიეთხოვებინა.
მსახურთუხუცესი ივანე ტყვეობიდან თავდახსნას ძალიან ჩქარობდა — ეშინოდა, სამარცხვინო საქციელის გამო თანამდებობა არ დაეკარგა. ამიტომ უყოყმანოდ დაეთანხმა პირობებს. სულთანმაც მძევლები ჩამოართვა ქართველთა სარდალს და ტყვეობიდან გაათავისუფლა.
არ გამოტოვოთ: არადეთის ძმათამკვლელი ომი - ამბავი დუქანზე ყურით მიჭედებული უსტაბაშისა
ივანე მხარგრძელმა ზავის ყველა პირობა აღასრულა, ხოლო თამარმა დიდსულოვნად მიუტევა სირცხვილი თავის ერთგულ ყმას. მთავარი მაინც ის იყო, მიზანი მიღწეული გახლდათ: სომხეთის მიწა ვანის ტბასა და მანასკერტამდე თურქ-სელჩუკთაგან მეტ-ნაკლებად გაიწმინდა, ხოლო ეგრეთ წოდებული 30-წლიანი ზავით საქართველომ დიდი ხნით უზრუნველყო სამხრეთ-დასავლეთ საზღვრების უსაფრთხოება.
ამ დაზავებით ფრიად გაიხარა ეგვიპტის სულთანმაც. ალ-ადილმა საქართველოში დიდძალი ძღვენი გამოგზავნა და საპალნეაკიდებული სპილოც უფეშქაშა ქართველებს, რომლის ტფილისში გამოჩენამ მოსახლეობის აღტაცება გამოიწვია თურმე...
ყველა ახალი ამბავი
0