დაღესტნის მიერ მიტაცებას გადარჩენილი თუშეთი: ქართველი საბჭოთა ლიდერის პატრიოტული ფანდები

© courtesy of Vasil Mzhavanadzeვასილ მჟავანაძე
ვასილ მჟავანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
ჩინური სიბრძნე გვასწავლის – მნიშვნელობა არა აქვს, რა ფერისაა კატა, მთავარია, თაგვი დაიჭიროსო...
მართალია, ვასილ მჟავანაძეს ჯიბეში კომპარტიის ბილეთი ედო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, თავისი ქვეყნისა და ხალხის გულანთებული პატრიოტი ყოფილიყო.
ის 19 წლის განმავლობაში იყო საბჭოთა საქართველოს ცკ-ის პირველი მდივანი და ეს იყო დანის პირზე სიარულის 19 წელიწადი. თუ დიდი ილიას სიტყვების პერიფრაზირებას მოვიშველიებთ, „ქართველები დღეს თუ ჩვენს ბინაზედ ვართ“, ეს ვასილ მჟავანაძის დამსახურებაცაა.

ამის დასტურად რამდენიმე ისტორიას მოგითხრობთ, რომლებიც ბევრს ახსოვს, ბევრისთვის კი უცნობია.
* * *
საუკუნის პროექტად წოდებული ენგურჰესის მშენებლობა სწორედ ვასილ მჟავანაძის მმართველობისას დაიწყო. მშენებლობაზე, რომელიც საკავშირო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, იმაზე სამჯერ მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე პროექტით იყო გათვალისწინებული – სხვადასხვა მიზეზთა გამო.
ერთ დღეს ვასილი პავლოვიჩისთვის მოუხსენებიათ, ენგურჰესის მშენებლობიდან მასალებს იპარავენ, მანამდე ახლომახლო ერთი ნორმალური სახლი არ იდგა, იქაურობა ფარღალალა ქოხებით იყო სავსე, ახლა კი ორსართულიანი სახლები წამოჭიმესო. ცკ-ის მდივანს მშვიდად მოუსმენია ინფორმატორისთვის და ასევე მშვიდად უთქვამს:

„არა უშავს, მოიპარონ და კარგი სახლები აიშენონ. მასალებს კიდევ მოვიტანთ“.

* * *
მჟავანაძის დროს ბათუმში ქართველებზე გაცილებით მეტი არაქართველი ცხოვრობდა. ამიტომ ადგა და იქ გურულები ჩაასახლა — ინტერნაციონალური ბათუმი უმოკლეს დროში აქცია ქართულ ქალაქად. თანაც ეს გააკეთა სკრუპულოზურად, ოპერატიულად და, რაც მთავარია, ფარულად.
* * *
ამბობენ, რომ არა ცკ-ის მაშინდელი მდივნის გამჭრიახობა, საქართველო თუშეთს დაკარგავდაო. 1958 წელს ცნობილ დაღესტნელ პოეტ რასულ გამზათოვს თუშეთის დაღესტნისთვის გადაცემა მოუთხოვია, აქაოდა, ეს მხარე დაუსახლებელია, დაღესტნელებს კი მიწა არ გვყოფნისო. საბჭოეთის ლიდერ ხრუშჩოვსაც ვერტმფრენი გაუგზავნია ტერიტორიის დასაზვერ-შესასწავლად.

მაგრამ მჟავანაძეს დაუსწრია. მისი ბრძანებით თბილისიდან ასზე მეტი გენერატორი აუტანიათ გაუკაცრიელებულ თუშეთში და მიტოვებულ სახლებში დაუდგამთ. ერთი კვირის განმავლობაში დასტრიალებდა თუშეთს ღამ-ღამობით ხრუშჩოვის გამოგზავნილი ვერტმფრენი, ერთი კვირის განმავლობაში იყო გაჩახჩახებული ომალოცა და მისი მომიჯნავე სოფლებიც. და მზვერავსაც პატაკში ჩაუწერია, ტერიტორია დასახლებულია და არა გაუკაცრიელებულიო.
ვასილ პავლოვიჩის გონებამახვილობამ სხვა დროსაც გვიხსნა მიწების მიტაცებისგან, როდესაც ერთ-ერთ მეზობელ რესპუბლიკაში მცხოვრებმა არაქართველებმა მასობრივად დაიწყეს საქართველოში გადმოსვლა და მიწების მითვისება.
მაშინ მჟავანაძის მოთხოვნით თუში მეცხვარეებისთვის დაუვალებიათ, ათობით ათასი სული ცხვარი მეზობლების მიერ თვითნებურად მისაკუთრებულ მიწებზე გაეტარებინათ და გამოეტარებინათ. ასეც მოქცეულან მეცხვარეები — უზარმაზარი ფარები რამდენჯერმე გადაულალავთ იმ ტერიტორიებზე. და ცხვარსაც პირწმინდად გაუპარტახებია იქაურობა. ჰოდა, მიმტაცებელი არაქართველებიც აბარგებულან და მშობლიურ რესპუბლიკაში დაბრუნებულან.
* * *
საბჭოთა ეპოქაში, როდესაც ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრება იყო, საქართველოში წვრილი და საშუალო ბიზნესი მაინც ყვაოდა. გარდა ე.წ. „ცეხავიკებისა“, გლეხებმაც მოითქვეს სული. ზოგ მათგანს კერძო საკუთრებაში ასზე მეტი სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი ჰყავდა, რაც სასტიკად იკრძალებოდა და კანონითაც ისჯებოდა.
ეს ამბავი, თურმე, ბავშვივით ახარებდა ცეკას პირველ მდივანს. ხელქვეითებისთვის უბრძანებია, ხელი არ შეუშალოთ ხალხს, ჩვენ სიმდიდრეს კი არა, სიღარიბეს უნდა ვებრძოლოთო.
* * *
1956 წლის 23 თებერვალს საბჭოთა კავშირის კომპარტიის XX ყრილობაზე გენმდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის პიროვნების კულტი დაგმო, რაშიც მოკავშირე რესპუბლიკების ლიდერებმაც აუბეს მხარი. მჟავანაძე ორ ცეცხლს შუა მოექცა: თუ სიტყვით გამოვიდოდა და სტალინს დაგმობდა, ამას საქართველოში არეულობა მოჰყვებოდა და სისხლის დაღვრაც არ იყო გამორიცხული; არ დაგმობდა და განრისხებულ გენმდივანს შეიძლება ისევ ჩამოეყენებინა ეშელონები ქართველთა გასასახლებლად.
და მჟავანაძემ გამოსავალს მიაგნო: თურმე სამი დღის განმავლობაში ყინულიან წყალს სვამდა და ნაყინს ნაყინზე მიირთმევდა, რომ ხმა ჩახლეჩოდა. ხრუშჩოვი არავის ენდო, საკუთარი ექიმი გაგზავნა იმაში დასარწმუნებლად, რომ მჟავანაძეს ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა ნამდვილად არ შეეძლო...
სამწუხაროდ, საქართველოს ცკ-ის პირველი მდივნის ფანდმა ვერ გაჭრა — 1956 წლის 9 მარტის სისხლისღვრა თავიდან მაინც ვერ ავიცილეთ.
* * *
თბილისის ე.წ. სვანეთის უბანში ერთი ქურთის ქალი ჯალილა ცხოვრობდა, რომელსაც მჟავანაძისთვის დეპეშა გაუგზავნია და საკუთარ დაბადების დღეზე მიუწვევია. მეზობლებს დაუცინიათ, ეგღა აკლია, შენს დაბადების დღეზე მოვიდესო.
წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იქნებოდა მეზობლების გაოცება, როდესაც ეზოში შავი „ზიმი“ შესრიალდა, იქიდან მჟავანაძე გადმოვიდა და იუბილარის სახლი იკითხა!
* * *
პარტიული ფუნქციონერი ცხოვრებაში ძალზე თბილი, უშუალო, კაცთმოყვარე და კომუნიკაბელური ადამიანი იყო. ძალზე პუნქტუალურიც. ყოველ დილით ზუსტად ერთსა და იმავე დროს გადიოდა სახლიდან. ამიტომ პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლის ქალი, ფანჯარაში დაინახავდა თუ არა ვასილ პავლოვიჩს, შვილს ხმამაღლა აღვიძებდა თურმე, ადექი, შვილო, მჟავანაძე სამსახურში მიდის, სკოლაში არ დაგაგვიანდესო. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს.
ერთ დღესაც ჩაუვლია ვასილ პავლოვიჩს ფანჯარასთან, მაგრამ ქალის ხმა ვერ გაუგონია. გაჩერებულა ცეკას მდივანი, ფანჯარაზე მიუკაკუნებია და გაოცებული ბავშვისთვის უთქვამს, ადექი, შვილო, სამსახურში მივდივარ და სკოლაში არ დაგაგვიანდესო...
თურმე ამბობდა, ისე უნდა იცოცხლო, როცა მოკვდები, სასაფლაოს დარაჯმაც კი დაგიტიროსო. ჰოდა, როცა ვასილ მჟავანაძის ნეშტს საბურთალოს მიწას აბარებდნენ, პანთეონის დარაჯს ცრემლი ვერ შეუკავებია...
ყველა ახალი ამბავი
0