არადეთის ძმათამკვლელი ომი: ამბავი დუქანზე ყურით მიჭედებული უსტაბაშისა

© Pixabay / Free-Photos
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
ეს ამბავი 1483 წლის აგვისტოს ცხელ დღეს მომხდარა.
მესხი ვაჭრის, გვარად გოკიელისთვის ნუხის ქალაქ არეშში (დღევანდელი საინგილოს ქალაქი შექი) იქაურ სოვდაგართა უსტაბაშს, ვინმე დერვიშ-ჰუსეინს 10 საპალნე აბრეშუმი წაურთმევია და თან სასტიკად უცემია. გოკიელს დაუქადნია, ყველაფერს სამცხის დიდ ათაბაგ ყვარყვარე ჯაყელს მოვახსენებო.
— შენი მთავრით მაშინებ? მაგანაც ერთბაშად დუქნის კარებზე ფეხი არ მიკრას და შუაბოძზე ყურით არ მიმაჭედოს, — მასხრად აუგდია გოკიელი უსტაბაშს.
საქმე ისაა, რომ იმ დროს საქართველო დასუსტებულ-დაქუცმაცებული იყო და ამადაც ბრძანდებოდა დიდ გულზე დერვიშ-ჰუსეინი. ეგონა, პასუხს არავინ მოსთხოვდა და ყველაფერი ხახვივით შერჩებოდა.
მაგრამ გაბითურებულმა ვაჭარმა მართლაც ყველაფერი შეატყობინა ათაბაგ ჯაყელს. ბუნებით ამაყმა, მოუსვენარმა და დაუდეგარმა მთავარმა განრისხება ვერ დამალა. მთავრის ბრძანებით ხუთასი მესხი ლაშქრად დადგა და ამბის შეტყობიდან უკვე მეხუთე დღეს ახალციხიდან თითქმის ხუთასი კილომეტრით დაშორებულ ქალაქ არეშში შეაჭენა ცხენები. თავისთან მოიხმო ათაბაგმა არდაშელ-გოკიელი. უთხრა:

„არა შენი სურვილისათვის, არა შენი გალახვისათვის, არამედ ჩემი შეგინებისა და უფრო მეტად იმისათვის, რომ ქართველ კაცს არავინ აწყენინოს ამ ქვეყანაზე, მოვედი დღეს აქ. ახლა კი მიმიყვანე მკრეხელთან, რათა ისე დავსაჯო, ამ ქალაქში ქართველის დანახვის ეშინოდეთ!“

მერე კი მიადგა მესხთა მხედრობა დერვიშ-ჰუსეინის ფანჩატურებს, ერთიანად დაარბია იქაურობა და ბოლოს მაინც იპოვეს სოვდაგართა უსტაბაში, სამალავიდან გამოათრიეს და ყვარყვარეს ფეხებთან დასაკლავი ცხვარივით წამოაქციეს.

— მაშ, შენ გინდა, რომ დარაბას ფეხი გიკრა და დუქნის შუაბოძზე ყურით მიგაჭედო? ასეც იქნება, მაგრამ ჯერ კუთვნილი აბრეშუმი მიუთვალე არდაშელ-გოკიელს, მისხალიც არ გვინდა მეტი, — უბრძანა ათაბაგმა უსტაბაშს.
და დერვიშ-ჰუსეინმაც მიუთვალა გოკიელს კუთვნილი აბრეშუმი...
ცხენიდან ჩამოხდა ყვარყვარე, ფეხი ისე ძლიერ ჰკრა დუქნის დარაბას, ერთიანად ჩალეწა. მერე სულთნის ფაიქებსა და თავშეყრილ არეშელებს მიუბრუნდა:

„თუ რომელიმე ქართველს აქ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდება, თავი არ შეგრჩებათ არცერთს! ახლა ეს ღორი დუქნის შუაბოძზე გააკარით“.

და მესხმა აზნაურებმა ახალციხეს ნაწრთობი სამსჭვალებით ყურებით მიაჭედეს დერვიშ-ჰუსეინი საკუთარ დუქანს. მერმე კვლავ ამხედრდნენ და მესხეთის გზას გაუყვნენ.
არეშელები კი კიდევ დიდხანს იდგნენ და შლეგ გურჯებს გასცქეროდნენ, რომლებმაც ამხელა გზა მხოლოდ იმისთვის გამოიარეს, რომ ვიღაც დერვიშ-ჰუსეინისთვის ჭკუა ესწავლებინათ.
თუმცა ათაბაგის ლაშქრობა ასე მარტივად არ დასრულებულა. არეშიდან უკან გაბრუნებულმა ყვარყვარე ჯაყელის ჯარმა სოფელ არადეთთან 1483 წლის 13 აგვისტოს სასტიკი ბრძოლა გაუმართა ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის ერთგულ მეომრებს. მეფემ არაფერი იცოდა არეშის დარბევის შესახებ, სამაგიეროდ შიდა ქართლის ფეოდალები – ციციშვილები, ჯავახიშვილები, მაჩაბლები ფხიზლობდნენ, რომლებიც მტრად მოჰკიდებოდნენ სამცხის ათაბაგს. ყველაზე მეტად მაინც ციცი და ზაზა ციციშვილები მტრობდნენ მას, რომლებიც სამცხიდან, ფანასკერტიდან გამოქცეულიყვნენ, ხოლო მათი მამულები ჯაყელს დაესაკუთრებინა. და ახლა „კარაბადინის“ შემოქმედი შურის საძიებლად არადეთთან ჩაუსაფრდა ყვარყვარეს.
უპირატესობაში დარწმუნებულმა ქართლელებმა, რომლებიც რიცხვით ბევრად აღემატებოდნენ მესხებს, ათაბაგს რუისის ეპისკოპოსი მიუგზავნეს და უბრძოლველად დანებება მოსთხოვეს. მე თქვენთან სადავო არაფერი მაქვსო, უთქვამს ეპისკოპოსისთვის ყვარყვარეს.
— ჩემს მტერს პასუხ ვუყავ არეშს და ამით ქართველთა სახელი განვადიდე. თქვენ რა სიმართლით მიდგებით წინ?! — უკითხავს მთავარს.
— განა არ იცი, მთავარო, ძალა აღმართს ხნავს? — უპასუხია რუისელს.
მიუხედავად მცირერიცხოვანი ლაშქრისა, ამ ბრძოლაში ყვარყვარე ათაბაგმა გაიმარჯვა. დატყვევებული ქართლელები კი ჯერ სამცხეს წაასხა, იქიდან კი უკლებლივ ყველა ოსმალეთში გაყიდა.
ძმათამკვლელ შერკინებაში „გამარჯვებულებმა“ არც რუისელი ეპისკოპოსი დაინდეს — წვერებით ათრიეს იგი.
„უკეთუ ძალა აღმართს ხნავს, დაე, ნებამ ფარცხოს დაღმართი!“ — ასეთი იყო ყვარყვარეს სასტიკი განაჩენი.
მართლაც უცნაური ლოგიკაა: ჯერ ქართველთა ღირსების დასაცავად ასობით კილომეტრი გაიარო, შეურაცხმყოფელი ყურით ბოძს გააკრა, მერე კი შენს სისხლსა ხორცს შეეჯახო და დამარცხებული ტყვედ გაყიდო უცხო მხარეში...
ყველა ახალი ამბავი
0