მატიანე ციფრებში: ყველაზე ახოვანი, ცოლმრავალი და ახალგაზრდა მეფეები საქართველოში

© Pixabay / talpeanuსამეფო გვირგვინი
სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფოებრიობა თითქმის ოთხ ათას წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ არაერთი მეფე და მმართველი გამოიცვალა, რომელთა შორის იყვნენ თავისებური რეკორდსმენებიც. ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ციფრებში ასახული ჩვენი მატიანე.
კოლხეთის სამეფოს პირველ მეფედ აიეტი მიიჩნევა, მაგრამ ის მითოლოგიური პერსონაა და ამდენად საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამეფოთა შორის პირველ მეფედ დიაოხის ხელმწიფე სიენი (ძვ.წ.აღ. XII საუკუნე) შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო უკანასკნელად — იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, რომელიც 1810 წლის მაისში იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ტრაპიზონში გაიქცა და იქვე აღესრულა 1815 წელს.
საქართველოში ძირითადად ორი სამეფო დინასტია დომინირებდა: ბაგრატიონებისა — რომლებსაც დაახლოებით ათი საუკუნის განმავლობაში ეჭირათ ტახტი, და ფარნავაზიანებისა, რომლებიც „მხოლოდ“ ცხრა საუკუნე მართავდნენ ქვეყანას.

სხვათა შორის, ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი პირველები ვართ ევროპაში, რადგან არცერთ ევროპულ დინასტიას არ უმეფია ამდენ ხანს. მსოფლიო მასშტაბით კი ყველაზე ხანგრძლივი დინასტიური მმართველობა იაპონურ საიმპერატორო სახლზე მოდის, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 660 წლიდან განაგებს ამომავალი მზის ქვეყანას.
თუ ქართულ ისტორიულ წყაროებს ვენდობით, ყველაზე დიდხანს ხელისუფლებაში — 65 წელი იბერიის მეფე ფარნავაზმა დაჰყო. ის 27 წლისა გამეფდა და 92 წლისა აღესრულა.

მართალია, მმართველობის ხანგრძლივობით ფარნავაზთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ასევე „სტაჟიან მეფედ“ შეიძლება ჩაითვალოს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეც. ერეკლე 1744-1762 წლებში ჯერ კახეთის, ხოლო 1762-1798 წლებში გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს ხელისუფალი იყო. ანუ საერთო ჯამში „პატარა კახმა“ სამეფო ტახტზე დაახლოებით 54 წელი გაატარა.
მესამე პოზიცია იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 46 წელი განაგებდა ქვეყანას, ხოლო მეოთხე ადგილზე ბაგრატ მეოთხე დგას, რომელიც 45 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის მმართველი.
სხვათა შორის, ბაგრატ მეოთხე ბაგრატიონი საქართველოს ისტორიაში იმითაც იყო გამორჩეული, რომ 9 წლისა ავიდა სამეფო ტახტზე და, დღეისათვის არსებული მონაცემებით, მასზე ახალგაზრდა საჭეთმპყრობელი ქვეყანას არც ჰყოლია.

საქართველოს ყველაზე ხანდაზმულ ხელისუფლად სპარსეთის შაჰის, სეფი I-ის მიერ ქართლის ვალად დანიშნული როსტომ ხანი მიიჩნევა, რომელიც 67 წლისა გახდა ქართლის გამგებელი და 93 წლისა გარდაიცვალა. მაგრამ როსტომი მხოლოდ ვალი იყო და არა მონარქი. ამიტომ ყველაზე ხანდაზმულ უფლისწულად, რომელიც სამეფო ტახტზე ასულა საქართველოში, გიორგი მეთორმეტე, „ზაქიჭამიად“ წოდებული მიიჩნევა. გამეფების დროისათვის ის 53 წლის იყო.

ქართველ მეფეთა შორის:

ყველაზე მცირე ხანი სამეფო ტახტზე დავით მეხუთემ დაჰყო. მისი მეფობა 1156 წელს დაიწყო და იმავე წელს დასრულდა — ექვსი თვის შემდეგ.
ყველაზე მეტი შვილი ერეკლე მეორეს ჰყავდა. სავარაუდოდ, მას 24 შვილი შეეძინა, რომელთაგან მხოლოდ 16-მა მიაღწია სრულწლოვანებას.
ყველაზე უხვცოლიან მონარქებად დემეტრე მეორე და „პატარა კახი“ მიიჩნევიან. დემეტრეს სამი ცოლი ჰყავდა: ბიზანტიელი თეოდორა, ქართველი ნათელა ჯაყელი და მონღოლი სოლღარი; ერეკლეს მეორე ნახევრები იყვნენ: ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი, ანა აბაშიძე და დარეჯან დადიანი.
წყაროების მიხედვით, ყველაზე ახოვანი მეფე ვახტანგ გორგასალი ყოფილა. მისი სიმაღლე 12 ბრჭყალს, ანუ 2,4 მეტრს აღემატებოდა. ცნობილია, რომ ცხენზე ამხედრებულ გოლიათ ვახტანგს ფეხები მიწაზე ედგა. გადმოცემის თანახმად, ასევე ორ მეტრზე ბევრად მაღალი ყოფილა დავით აღმაშენებელიც.
ყველაზე ტანდაბალ ხელისუფლად კი, ჩვენ ხელთ არსებული მასალებით, ერეკლე მეორე, „პატარა კახი“ მიიჩნევა.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე „ხალხმრავალი“ ბრძოლა გაიმართა სამგორი-უჯარმის სანახებთან 502 წელს (ზოგი წყარო 491 წელს ასახელებს). თუ მემატიანეს ვერწმუნებით, ამ ბრძოლაში ორივე მხრიდან მილიონამდე მეომარი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, დაახლოებით 250 ათასი გორგასლის მოლაშქრე იყო, ხოლო 750 ათასი — სპარსი მებრძოლი.
ყველა ახალი ამბავი
0