ნომერი პირველი პროდუქტი - როგორ შეიძლება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
საჭიროა ადგილობრივი წარმოების გაზრდა და ბაზრის დივერსიფიცირება - ასეთია ექსპერტთა რჩევები, როდესაც საუბარია ხორბალზე.
როდესაც მსოფლიოში ხორბლის გაძვირება დაიწყო, საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, დღის წესრიგში დადგა ნომერი პირველი პროდუქტის ფასების შენარჩუნების საკითხი. ამის მიღწევა იმპორტზე ძლიერი დამოკიდებულების პირობებში მეტად რთულია.
საქართველოს ხელისუფლება წლიდან წლამდე საუბრობს სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობაზე, მათ შორის, ხორბლის მოსავლის გაზრდაზე. წელს განწყობა მტკიცეა, გეგმები კი – ამბიციური: უახლოეს წლებში თვითკმარობის მაჩვენებლის 15%-დან 50%-მდე გაზრდა.
დარგის წარმომადგენლები და მეცნიერები აქტიურად მუშაობენ მარცვლოვანი კულტურების წარმოების საგრძნობლად ზრდის ხელშეწყობის პროგრამაზე, რომელიც მთავრობამ უახლოეს მომავალში უნდა გამოაქვეყნოს.
საქართველო – ხორბლის სამშობლო
ყველა მიეჩვია საქართველოს მოხსენიებას ღვინის სამშობლოდ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის სამართლიანად იმსახურებს ხორბლის სამშობლოს წოდებასაც.
ქართულ ხორბალს დიდი ისტორია აქვს. ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხორბლის ყველაზე ძველი მარცვლები თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე VI-IV ათასწლეულებით. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მსოფლიოსთვის ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან ხუთი საქართველოდანაა. 2018 წლის სექტემბერში ქართულ ხორბალს მიენიჭა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ამის მიუხედავად, ქვეყანაში ქართული ჯიშების მოყვანა ისე პოპულარული არაა, როგორც უცხოურის. ამჟამად ქვეყანაში ხორბლის 150 სახეობიდან 14 სახეობა მოჰყავთ.
ზურაბ თეთვაძეს ხორბლის დასათესად კახეთში, შირაქის ველზე დაახლოებით 300 ჰა მიწა გადასცეს. მოსავლიანობა წელიწადში დაახლოებით ათას ტონას შეადგენს. არჩევანს აკეთებენ ევროპულ – გერმანულ და ავსტრიულ, ასევე ამერიკულ ჯიშებზე, რადგან ისინი უხვი მოსავლიანობით გამოირჩევა.
მსოფლიოს ძირითადი მარცვლოვანი კულტურების დეფიციტი ელოდება: გაეროს გაფრთხილება>>
„ქართული ჯიშები ბიზნესისთვის მცირემოსავლიანია, თუმცა ზოგიერთი ფერმერი ქართული ხორბლის ჯიშებთანაც მუშაობს“, – აღნიშნა თეთვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ხორბლით საქართველოს სრულად თვითკმარობის საკითხს ფერმერი სკეპტიკურად უყურებს. მიზეზი – არასაკმარისი სათესი ფართობია.

„წელიწადში დაახლოებით 800 ათასამდე ტონა გვჭირდება. დღეს ქვეყნის პოტენციალი მხოლოდ 200 ათასამდე ტონაა. მაქსიმუმ 300 ათას ტონამდე გაზრდაა შესაძლებელი. და ნურავინ იტყვის, რომ საქართველოში ბევრი დაუმუშავებელი მიწაა და თუ ამას გავაკეთებთ, მეტ ხორბალს მოვიყვანთ. ასე არ არის“, – განმარტა თეთვაძემ.

ხორბალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოჰყავთ, მაგრამ ყველაზე მეტი – კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, ცოტაც საგარეჯოში. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, აქედან 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანები არის ასევე ქვემო ქართლში – ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ იქ მთიანი ადგილებია და მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მომცრო მინდვრებია შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორისა და ქარელის რაიონებში.
თეთვაძე ირწმუნება, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა ხორბლის ჯიშებიცა და ხარისხიც. მან ისაუბრა ასევე სახელმწიფოს ძალისხმევაზე, დაეხმაროს ფერმერებს სხვადასხვა პროგრამით იაფი კრედიტების სახით, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი.
„საჭიროა ისე მოხერხდეს, რომ იყოს ხარისხიანი სათესლე მასალა. შემდეგ კი მთავარია სასუქები. მათ გარეშე ნიადაგი არ ვარგა. სასუქებიც, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, ჩვენ კი მათთვის სრულებით არ ვართ საინტერესო, რადგან პატარა ბაზარი გვაქვს“, – განმარტა ფერმერმა.
მსოფლიოში ყველაზე მეტ სასუქს უკრაინასა და რუსეთში ამზადებდნენ, დღევანდელ რეალობაში კი რთულია იმის პროგნოზი, როგორ გაგრძელდება მოწოდება.
ხორბლის წარმოების მოცულობა მიმდინარე წელს გაიზრდება - FAO-ს პროგნოზი>>
თეთვაძის სიტყვებით, კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება საკმაოდ ძვირადღირებული ფოსფორის სასუქების შეძენას შეუწყობდა ხელს, რომელიც იდეალურია ნიადაგის და კარგი მოსავლისთვის, მაგრამ მათი შოვნა რთულია. ფერმერი გამოდის ფერმერთა ბაზის შექმნისა და ფოსფორის სასუქების სუბსიდირების წინადადებით.
„მრავალი წელია მიწა ფოსფორით არ გაგვიმდიდრებია. ბოლო წლებში ფერმერთა მაქსიმუმ 20% ყიდულობდა ამ სასუქს, მაგრამ ესეც რომ არა, თაობებს ვერაფერს დავუტოვებდით. მინდა ეს საკითხი სამინისტროში წამოვწიო. მაგრამ ახლა გაუგებარია, საიდან შემოვიტანთ მას. ალბათ, უკვე შუა აზიიდან“, – აღნიშნა მან.
ხორბალი, როგორც პრიორიტეტი
წლის განმავლობაში საქართველო მოიხმარს 700-800 ათას ტონა ხორბალს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეიძინა ყაზახეთისგან, უკრაინისგან, აშშ-სგან და რუსეთისგან. ამასთან, ამ უკანასკნელისგან საერთო რაოდენობის 70%, რადგან რუსული ხორბლის ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის ზაფხულში ხორბლის ფასმა საერთაშორისო ბაზრებზე მატება დაიწყო და რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მოძრავი ბეგარა დააწესა, საქართველომ ხორბლის იმპორტი რუსეთიდან შეამცირა და გაზარდა ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტსაც რუსეთი არ ბეგრავს.
2022 წლის ხუთ თვეში საქართველომ რუსეთისგან 14,6 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი და მესლინი, ასევე 22,8 მილიონი დოლარის ღირებულების ფქვილი შეიძინა. ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებია.
შესადარებლად, 2021 წელს საქართველომ შეიძინა 93,5 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი და მესლინი, 12 მილიონი დოლარის ღირებულების ფქვილი, ერთი წლით ადრე კი - 107,9 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი და მესლინი და 3,1 მილიონი დოლარის ღირებულების ფქვილი.
კობა გვენეტაძე: საქართველოს ერთდროულად მრავალ გამოწვევასთან უწევს გამკლავება>>
„ხორბლის წარმოება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მაგრამ ხორბლის ფასი ყოველწლიურად იზრდება მსოფლიო ბირჟებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს შემაშფოთებელი სიგნალი უნდა იყოს. უკვე სამი წელია ამაზე ვსაუბრობ“, – განაცხადა პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.
დოლიძის თქმით, საქართველოში ხორბლის მოყვანას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დროსაც.
„სოციალიზმის დროს საქართველოსთვის განსაზღვრული იყო ღვინო, ციტრუსი, ხორბალი კი შემოდიოდა. ამან გარკვეული განვითარების შეჩერება გამოიწვია“, – აღნიშნა დოლიძემ.
ახლა, მისი თქმით, წარმოება წლიდან წლამდე იზრდება.

„თუ შარშან იყო 120 ათასი ტონა, წელს იქნება 150 ათასი და ა.შ. მაგრამ ქვეყანას სჭირდება სულ მცირე 600 ათასი. ამისათვის საჭიროა მიწების დამუშავება, შესაბამისი ლოგისტიკა, საოჯახო მეურნეობა. ერთ წელიწადში ამას ვერ გააკეთებ“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ფერმერებისთვის არ არის ხელსაყრელი ხორბლის წარმოება – ის არ არის ისეთი რენტაბელური, როგორიც, მაგალითად, ატმისა და მოცვის მოყვანა. ამის მიუხედავად, ექსპერტის დაკვირვებით, მსოფლიოში ხორბლის გაძვირების გათვალისწინებით, ქართველმა ფერმერებმა ხელი მოჰკიდეს მის მოყვანას.
ფერმერი დარწმუნებულია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ძალები უნდა მიმართონ დარგის განვითარებისკენ, თუმცა დიდი როლი ეკუთვნის კერძო სექტორს.

„მაგალითად, როგორც ღვინის ქარხანას აქვს თავისი ვენახები, ასევე შეუძლიათ მოიქცნენ წისქვილკომბინატები – იმუშაონ თავიანთ ხორბლის მოსავალზე“, – აღნიშნა დოლიძემ.

ხორბალი – ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაა, ამიტომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, იყო თვითკმარი, ხაზი გაუსვა მან.
ბაზრის მიმოხილვა
საქართველოში ხორბლის სათესი ფართობი საშუალოდ 45-50 ათას ჰექტარს შეადგენს. 2021 წელს საშუალო მოსავლიანობამ შეადგინა დაახლოებით 2,7 ტონა ერთ ჰექტარზე, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
სულ შარშან აიღეს 136,1 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი, რაც 33%-ით მეტია 2020 წლის მოსავალზე. ასეთია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაცემები, რომელმაც ბაზარი საფუძვლიანად გამოიკვლია და ანგარიში მოამზადა.

„ხორბლის იმპორტი შედარებით დივერსიფიცირებული იყო 2013 წლამდე, როდესაც ხორბლის დიდი წილი შემოდიოდა ყაზახეთიდან და უკრაინიდან. 2013 წლიდან ლარის გაუფასურების ფონზე ხორბლის ტრანსპორტირებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ყაზახური ხორბალი არაკონკურენტუნარიანი გახდა“, – ნათქვამია კვლევაში.

ანგარიშში ფქვილის იმპორტის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ პროდუქცია დაბალი ხარისხისაა და ხორბალთან შედარებით მალფუჭებადია, რაც სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
„სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს რუსულ ხორბალსა და ფქვილზე უარის თქმა კერძო სექტორისთვის არარენტაბელურია“, – ნათქვამია ანგარიშში.
ასოციაციაში აღნიშნეს, რომ საქართველოში წარმოებული ხორბლის ხარისხისა და რაოდენობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია დარგის განვითარების სწორი სტრატეგია და თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - რითი ვაჭრობს საქართველო>>
სტრატეგია უნდა შეიცავდეს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მიწის ბაზრის განვითარება, მიწების ირიგაცია და თანამედროვე სარწყავი ინფრასტრუქტურის თანადაფინანსება, უხვმოსავლიანი სათესლე მასალის, ასევე სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების შეთავაზება, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების წახალისება, მოსავლის აღების შემდგომი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა (სასაწყობე ფართი და შემნახველი ამწეები), მოსავლის აღების შემდგომ მიწის გადაწვის პრაქტიკის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები, ქარსაფარი ზოლების გაშენება და მსგავსი ღონისძიებები, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
ასოციაციაში იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული პროგრამა ზემოხსენებულ კომპონენტებს მოიცავს.
განხორციელდება თუ არა მთავრობის ამბიციური გეგმები და შეძლებს თუ არა საქართველო ნახტომის გაკეთებას ქვეყნისთვის სამყოფი ხორბლის წარმოების საქმეში, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერ კი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად დღის წესრიგში ალტერნატიული ბაზრების მოძიებაა.
ყველა ახალი ამბავი
0