პრეზიდენტი: ვალდებული ვართ თაობებს გაერთიანებული, ევროპული სახელმწიფო დავუტოვოთ!

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს დადგა დრო ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ევროპაში საქართველოს ინტეგრაცია ქართველი ხალხის უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია, რომლის მისაღწევად თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური. 

ფიცის დადების ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
ქართველმა რეკრუტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს

„თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზე ერთიანობით და ერთობით მიღწეული გამარჯვება გავამყაროთ და გავაძლიეროთ. ჩვენი წინაპრების წინაშე ვალდებული ვართ, რომ 1918 წელს დაწყებული, 70 წლის განმავლობაში შეწყვეტილი და 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოს მშენებლობა მივიყვანოთ ბოლომდე და მომავალ თაობებს გაერთიანებული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფო დავუტოვოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სიმბოლურია გენერალ კვინიტაძის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება. იგი დაბრუნდა სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით, დაბრუნდა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში, დასძინა მან.

„საზეიმო დღეა, რადგანაც 100 წლის შემდეგ ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი მთაწმინდის პანთეონში ქვეყნის გამოჩენილი მოღვაწეების გვერდით კუთვნილ ადგილს დაიკავებს. სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

საპატიო ყარაული - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

როგორც მან აღნიშნა, ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. მან მადლობა გადაუხადა „გენერალ კვინიტაძის ღირსეულ მემკვიდრეებს" – ქართველ სამხედროებს თავდადებისა და მამაცობისთვის. 

„მინდა ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო! თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკლად ემსახუროთ სამშობლოს! მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი! მინდა სახელმწიფოს სახელით ყველა მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს!" – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის წინაშე დასახული მიზნების მიღწევაში თითოეული მოქალაქის ხმა და წვლილი ფასეულია და აუცილებელი. მისი თქმით, ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს — ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, წარმატებით იქნება მიღწეული. 

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
„ამერიკა თქვენ გვერდით დგას“ – ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„რეგიონისა და საქართველოს სტაბილურობის მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი. ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან მეტ მომზადებას, ორგანიზებულობას, თანმიმდევრულობას, პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ქვეყნის მეთაურმა.

სიტყვის ბოლოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ადამიანები, „ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე, ან შეიძლება თავისი პირადი მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა“.

ყველა ახალი ამბავი
0