თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – 1 თებერვლიდან ბავშვები სკოლაში ივლიან თუ ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.
პრემიერი: ჩვენი შემდეგი ნაბიჯი სასწავლო პროცესის სწრაფად აღდგენაა>>
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან აღდგება, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მოსწავლეები საკლასო ოთახებს მხოლოდ 1 მარტიდან დაუბრუნდებიან.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, სამინისტრო 1 თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის“, – განაცხადა დგებუაძემ.
მისი ინფორმაციით, სკოლები უკვე მზად არიან მოსწავლეთა მისაღებად.
„მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
დგებუაძის განცხადებით, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო, ამასთან, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი.
„შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, როგორც დგებუაძემ აღინიშნა, თუ მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.
დგებუაძის განცხადებით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ ორ კვირაში ერთხელ მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება.
სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: www.labour.moh.gov.ge, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.
თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.