თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. აჭარაში პირველი თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით, რეგიონის მასშტაბით პედაგოგებისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო, იუწყება აჭარის განათლების სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, ტესტირება ჩაუტარდება რეგიონის მასშტაბით 9 000-მდე პედაგოგსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს.
ტესტირების პროცესში ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, თავისი რაიონული განყოფილებებით, დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და ბათუმის პოლიკლინიკები.
უსაფრთხოების წესებისა და ჯანდაცვის რეკომენდაციების შესახებ ინსტრუქცია და განმარტებები პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
დღეს, ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში ტესტირების პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად გაეცნო.
აჭარის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით 1 თებერვლიდან განახლდება.
რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ აჭარაში რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილებამ სხვა რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეებმა მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მისცეს. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.
მთავრობაში აცხადებენ, რომ დაგეგმილზე ადრე შეზღუდვები მოიხსნება ან შერბილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდება და შვიდი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აჭარაში აღნიშნული მაჩვენებელი 4%–ზე დაბალია.