თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თუ შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე 1 მარტამდე ჩამოვა, განათლების სისტემასთან დაკავშირებული რეგულაციის კიდევ უფრო შემსუბუქებას განვიხილავთ, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პრემიერი: ჩვენი შემდეგი ნაბიჯი სასწავლო პროცესის სწრაფად აღდგენაა>>
საქართველოს მასშტაბით, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა, სკოლები 1 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. განათლების მინისტრის თქმით, თუ ვირუსის გავრცელების საშუალო მაჩვენებელი დაიკლებს, შესაძლებელი გახდება სასწავლო პროცესი აღნიშნულ სამ ქალაქშიც დაგეგმილზე ადრე განახლდეს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბუნებრივი გარემო სწავლისთვის არის საკლასო ოთახი. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, ჩვენი გეგმის მიხედვით, 1 მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდსიტუაციასთან“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რათა სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, სადაც სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული.
„პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას და სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა მინისტრმა.
ამ დროის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ დაახლოებით 6%-ს შეადგენს.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.
მასწავლებლებს ყოველ ორ კვირაში კოვიდ–ტესტირება ჩაუტარდებათ>>
თბილისის და ასევე საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სექტემბერში მცირე ხნით დაიშვა სწავლა სკოლებში, თუმცა მოსწავლეთა და პედაგოგების ინფიცირების გამო სასწავლო დაწესებულებები კვლავ დაიხურა. 1 თებერვლიდან რიგი შეზღუდვების მოხსნა იგეგმება, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული სამი დიდი ქალაქის გარდა, სწავლა ონლაინ–რეჟიმიდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს.