თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. შემდეგი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის განათლების, პირველ რიგში, დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს. მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სკოლებში სასწავლო პროცესი ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან აღდგება, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მოსწავლეები საკლასო ოთახებს მხოლოდ 1 მარტიდან დაუბრუნდებიან.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის სწრაფად აღდგენა ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.
„როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო. კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.
„გაიგონონ ბავშვების ხმა“: მზიურში მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს>>
თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სექტემბერში მცირე ხნით დაიშვა სწავლა სკოლებში, თუმცა მოსწავლეთა და პედაგოგების ინფიცირების გამო სასწავლო დაწესებულებები ისევ დაიხურა.