თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განაგრძობენ არჩევნებზე დაკვირვებას და საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებს აფიქსირებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშით, საარჩევნო უბნებზე ძირითადი დარღვევებია კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ე.წ. კოორდინატორების აქტიურობა საარჩევნო უბნებთან, რომლებიც არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს არეგისტრირებენ.
გლდანში საარჩევნო უბანზე დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს>>
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სერიოზულ დარღვევებს შორის ასახელებენ „კარუსელებს“, როდესაც ერთი და იგივე ადამიანები რამდენიმე უბანზე აძლევენ ხმას, ასევე „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის ფულის ან პროდუქტების დარიგებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებლებმა შუადღისთვის 100–მდე მცირე დარღვევა და შედარებით სერიოაული დარღვევა გამოავლინეს, დაწერეს 15 საჩივარი. სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, უბნიდან დამკვირვებლების გაძევება, კენჭისყრის პროცედურის დარღვევა, ამომრჩევლის არაფორმალური რეგისტრაცია, უბანზე ან მის სიახლოვეს უცხო ადამიანების ყოფნა, კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების გარეშე, პრობლემები საჩივრების მიწოდებასთან დაკავშირებით, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა.
მთელ ქვეყანაში შეინიშნებოდა ეპიდემიური უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები. კერძოდ, ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები, აცხადებენ ორგანიზაციაში.
არჩევნების მონიტორინგს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაახლოებით 600 დამკვირვებელი მთელ ქვეყანაში 400 საარჩევნო უბანზე ახორციელებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ 14:00 საათისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს.
როგორც ორგანიზაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევები ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების განხორციელებისას დაბრკოლებების შექმნას.
დამკვირვებლებმა ამ დროისთვის დარღვევებთან დაკავშირებით ათზე მეტი საჩივარი დაწერეს.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მარნეულის მე–5 საარჩევნო უბანზე საიას წარმომადგენელი „ადვოკატებისა და იურისტების საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა სცემა, ხოლო თელავის მე–5 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს წაართვეს ტელეფონი და საარჩევნო უბნიდან გააძევეს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ხმის მიცემის პროცედურა უბნების უმეტესობაში დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოვლინდა პროცედურიდან გადახვევის ნეგატიური ტენდენცია. კერძოდ, ზოგიერთ უბანზე არ დაუშვეს დამკვირვებლები, დარღვევები დაფიქსირდა და ასევე კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას.
ასოციაციის დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს დარღვევები რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეო გადაღებების დროს და ამომრჩევლის მონაცემების უკანონო დამუშავებისას.
არჩევნებზე საიას 700–ზე მეტი დამკვირვებელი მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლები ერთ–ერთ მთავარ პრობლემად კენჭისყრის ფარულობის დარღვევას მიიჩნევენ.
ISFED–ს მონაცემებით, პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს არეგისტრირებენ. აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს.
ენჭისყრის პროცედურა საარჩევნო უბნების უმეტესობაში დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე გაიხსნა, თუმცა გამოვლინდა პროცედურებიდან გადახვევის ნეგატიური ტენდენცია. კერძოდ, ზოგიერთ უბანზე არ დაუშვეს დამკვირვებლები, დარღვევები დაფიქსირებულია ასევე კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას.
ორგანიზაციის წარმომადგენლები არჩევნებს 1000 საარჩევნო უბანზე აკვირდებიან.
დარღვევები არჩევნების მსვლელობის დროს დააფიქსირეს პოლიტიკურმა პარტიებმაც.
გლდანში დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა - ვიდეო>>
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე ავიწროებენ დამკვირვებლებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ე.წ. კარუსელებს სპეციალური პროგრამების მეშვეობით.
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ უამრავი დარღვევა დაფიქსირდა ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე.
პარტიაში ასევე აცხადებენ დაფიქსირებულ დარღვევებზე სამგორისა და გლდანის საარჩევნო უბნებზე, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები დადიან სიებით, იწერენ ამომრჩევლების პირად ნომრებს და არიგებენ ფულს.
„ევროპული საქართველო“
ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა.
მაგალითად, ფოთის საარჩევნო უბნებზე მისულმა ამომრჩევლებმა აღმოაჩინეს, რომ ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ, ხობში კი სკოლის დირექტორი თანამშრომლებს აშინებდა, სოციალური დახმარების მოხსნის ემუქრებოდა.
კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ.
„ვხედავთ ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენებას. შემთხვევები გვაქვს, როცა გამგებლები და სკოლის დირექტორები 25-მეტრიანი პერიმეტრის დარღვევით აგიტაციას ეწევიან, ამომრჩეველს ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“, თორემ სოციალურ დახმარებას წაართმევენ“, – განაცხადა კაპანაძემ.
პარტიის დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ქუთაისში საარჩევნო უბნებზე უცხო პირები შედიან, თითქოსდა ტუალეტით სარგებლობის მიზნით.
ისინი აცხადებენ, რომ ზუგდიდის 89–ე საარჩევნო უბანზე 38 ამომრჩევლის ხმა დაიკარგა. მათ მისცეს მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატების ბიულეტენები, ხოლო პროპორციულ არჩევნებში მათი ხმები დაიკარგა.
ოპოზიცია ამ ფაქტს არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს.
„ლეიბორისტული პარტია“
„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე ქუთაისის №13 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რამდენიმე პირმა სცემა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„ლელო“
დარღვევები არჩევნების მსვლელობისას არის, მაგრამ არა იმდენი რაოდენობით, რომ ამან ხელი შეუშალოს ამომრჩეველს, თავისი არჩევანი გააკეთოს, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე.
უსუფაშვილმა აღნიშნა პარტიის დამკვირვებლების მხრიდან დაფიქსირებული „კარუსელის დატრიალების“ მცდელობა, მაგრამ სანამ ამის ზუსტი დადასტურება არ გაჩნდება, პარტია არ დაასახელებს რეფგიონსა და საარჩევნო უბნის ნომერს.
„ლელოს“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მმართველ პარტიას ამჟამად გამარჯვების გარანტია არა აქვს.
„ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მან მოუწოდა ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, მიაწოდოს ინფორმაცია მათ, დაუკავშირდნენ და პარტიის წარმომადგენლები ამ საკითხებს ძალიან სწრაფად გადაწყვეტენ, ასევე აუცილებლობის შემტხვევაში ჩაერთვებია იურისტები, რომლებიც მორიგეობენ როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ ოფისებში.