თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გლდანში, საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ხუთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაუდასტურა.
სამართალდამცავის თქმით, ჩხუბში მონაწილე პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
„რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“,-განაცხადა სირაძემ.
მან საარჩევნო უბანზე სროლის ფაქტი არ დადაასტურა.
ცნობისთვის, ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში.