რაში სჭირდება ქვეყანას უცხოური ინვესტიცია და როგორ მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი

© photo: Vepkhia Giorgadze / FBვეფხია გიორგაძე
ვეფხია გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის ინვესტიციების მოცულობა ბოლო 10 წელიწადში რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე იქნება.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო შემცირდება რეინვესტირების მაჩვენებელიც, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ბიზნესი იმის ამოღებასაც ვერ ახერხებს, რაც უკვე დააბანდა და, შესაბამისად, გაფართოებაზეც უახლოეს მომავალში არ იფიქრებს“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
როგორ გაიაფდა ბინები და მანქანები და გაძვირდა სურსათი - ღირებულებათა გადაფასება თუ...

რატომ შემოდის ქვეყანაში ნაკლები უცხოური ინვესტიცია

ვეფხია გიორგაძის აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება საქართველოში რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული და ეს მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის ბრალი არაა.

„თუ ბოლო წლების ტენდენციას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის და ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების მოკლევადიანი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ, მართალია, ინვესტორები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეიტინგებს ეცნობიან, სადაც საქართველოს პოზიციები საკმაოდ კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებებს მაინც მათივე დაკვეთით მომზადებული ბაზრის კვლევის საფუძველზე იღებენ. საქართველოში ფულის დაბანდების მსურველისთვის ასევე მნიშვნელოვანია სტაბილური ეროვნული ვალუტა და მიზნობრივ მაჩვენებელზე მყოფი ინფლაცია.

ხელოვნური ინტელექტი - Sputnik საქართველო
რაში სჭირდება საქართველოს ხელოვნური ინტელექტი

„რადგან ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფაქტორები არასტაბილურია, ინვესტორს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მან რომ შემოიტანოს ინვესტიცია და შემდეგ ინფლაცია მოხდეს, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ბიზნესი არათუ მოგებას ვერ ნახავს, არამედ ჩადებულ თანხასაც ვერ ამოიღებს“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ინვესტიციების შემოდინებას ამცირებს, ეკონომისტის აზრით, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონებაა, რომლის პრივატიზაციასაც ეკონომიკის სამინისტრო ნელი ტემპით ახორციელებს, შესაბამისად, დროში იწელება საბაზრო ეკონომიკის ბოლომდე ფორმირებაც.

რაც შეეხება საქართველოს მიერ გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, ვეფხია გიორგაძის თქმით, იმისათვის, რომ ინვესტორმა მათგან სარგებელი ნახოს, საქართველოში პროდუქცია უნდა აწარმოოს და ევროკავშირის ან ჩინეთის ბაზრებზე გაიტანოს. ამისათვის კი მას საქართველოში იაფი მუშახელი და კარგად აწყობილი ლოგისტიკური ქსელები სჭირდება.

„საქართველოში მუშახელი ევროპასთან შედარებით იაფია, მაგრამ ძვირია ჩინეთთან შედარებით, რასაც ემატება მათი დაბალი კვალიფიკაციაც“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან (EFTA), დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
ტურიზმი პირბადით: რა გამოწვევების წინაშეა სექტორი კორონავირუსის პანდემიის გამო 

რატომ გახდა არაპოპულარული ინვესტორებისთვის ის, რაც ადრე მიმზიდველი იყო

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები. ამ სფეროებში შემოსული თანხა 165,4 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 87,5%-ს.

„კორონავირუსის პანდემიამ მშენებლობაც და ტურიზმიც სერიოზულად დააზარალა და ეს დარგები ახლა არ შეიძლება ინვესტორებისთვის მიმზიდველ სექტორებად ჩაითვალოს, ანალოგიური ვითარებაა ვაჭრობასა და ენერგეტიკაშიც“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ეკონომისტის აზრით, იმისათვის რომ მომავალში სქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება მოხდეს, სტაბილური ეროვნული ვალუტის და თარგეთირებული ინფლაციის გარდა, საჭიროა მთავრობამ მოამზადოს ინვესტორებისთვის სპეციალური შეთავაზება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რა შეღავათებით ისარგებლებენ ბიზნესები საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში.

რაში სჭირდება საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

ვეფხია გიორგაძის თქმით, საქართველოსთვის, როგორც ღარიბი ქვეყნისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, აძლიერებს კონკურენციას, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს როგორც პროდუქციის ხარისხზე, ასევე მუშახელის კვალიფიკაციაზე“, – აღნიშნა ექსპერტმა.

გარდა ამისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანიობას.

ნიკა შენგელია - Sputnik საქართველო
ნიკა შენგელია: ემიგრანტები საქართველოში სულ უფრო ნაკლებს გადმორიცხავენ
„რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს დაბალი შემოსავალი და ფულის დაზოგვას ვერ ახერხებს. ეს გარემოება კიდევ უფრო აქტუალურს ხდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების აუცილებლობას საქართველოში. ამასთან უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტით შემოდის, რაც ლარის გაცვლით კურსზეც დადებითად მოქმედებს“, – აღნიშნა გიორგაძემ

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ 2020 წლის პირველ კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, აშშ და პანამა. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი 120,8 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების მთელი მოცულობის 73%-ია.

ინვესტიციები ასევე შემოვიდა დანიიდან (11,6 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (11,2 მლნ დოლარი), თურქეთიდან (11,1 მლნ დოლარი), რუსეთიდან (10,8 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

რატი აბულაძე - Sputnik საქართველო
რა კავშირშია საგარეო ვაჭრობის შემცირებული მაჩვენებელი მოსახლეობის ჯიბესთან

კიდევ როგორ მოვიზიდოთ ქვეყანაში უცხოური კაპიტალი

ვეფხია გიორგაძის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარდა უცხოური კაპიტალის მოზიდვა ქვეყანაში მეორადი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებითაც არის შესაძლებელი (პორტფელური ინვესტიცია)

როგორც ეკონომისტმა განმარტა, ფასიანი ქაღალდების მეორედი ბაზარი აქციების მფლობელებს ფასიანი ქაღალდების ხელახლა გადაყიდვის შესაძლებლობას აძლევს. აქციების ფასი და მათზე მოთხოვნა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულია გამომშვები კომპანია (ემიტენტი). რაც უფრო მაღალია მოთხოვნა კომპანიის აქციაზე, მით მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია აქციის გამომშვებს.

ვეფხია გიორგაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის განვითარება კომპანიებისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა იაფ ფულს, რითიც გაუწევდა კონკურენციას ბანკებს.

 

ნატა პატარაია 

 

ყველა ახალი ამბავი
0