2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 11,8%-ით შემცირდა და დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. რატომ არის საგარეო ვაჭრობის შემცირებული მაჩვენებელი ასე მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის და როგორ აისახება ის თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, Sputnik საქართველოსთან ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ ისაუბრა.
- თქვენი აზრით რამ განაპირობა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლის შემცირება?
- ვფიქრობ, ამის მიზეზი გახდა ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული საყოველთაო კარანტინი, თითოეულ ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვები, შეფერხებები გადაზიდვებში, მსყიდველობითუნარიანობის დაცემა.
covid-19 მიერ გამოწვეული კრიზისის გამო მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა, შეფერხდა ლოგისტიკა, შემცირდა წარმოება, გაჩერდა საინვესტიციო აქტივობა, დაეცა საერთაშორისო ვაჭრობის ტემპი, შეფერხდა მოქალაქეების გადაადგილება და სამომხმარებლო აქტივობა.
ყოველთვის, როდესაც კრიზისი იწყება (სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე), მოსახლეობა ძირითადად იძენს მხოლოდ აუცილებელ პროდუქტს : საკვებს, სასმელსა და სამედიცინო პროდუქტებს. დანარჩენი სახის პროდუქტის მოხმარება მკვეთრად იკლებს. მცირდება მაგალითად, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ელექტროტექნიკით, ავეჯით და მანქანებით ვაჭრობა.
საქართველოში, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავლები ისედაც მხოლოდ საკვებს, კომუნალურებისა და ბანკის გადასახდებს სწვდება. ამიტომ შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდას და ეკონომიკურად წელში გამართვას მთავრობის ხელშეწყობა სჭირდება.
- როგორ აისახება საგარეო ვაჭრობის კლება მოსახლეობის იმ ნაწილზეც, რომელთა საქმიანობაც ვაჭრობის სფეროსთან არ არის დაკავშირებული?
- საგარეო ვაჭრობის შემცირება პრაქტიკულად ყველა სეგმენტს შეეხება. საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების შემცირება გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის დაცემას. თუ საერთაშორისო ვაჭრობა არ იქნა, გამოწვევების წინაშე დადგება, როგორც ბიზნეს სექტორი, ისე მოქალაქეები და მთავრობა.
ბიზნეს სექტორი თუ პროდუქტს ვერ გაყიდის, იძულებული გახდება შეამციროს წარმოება და გაანთავისუფლოს თანამშრომლები. ვაჭრობის დაცემის გამო, კომპანია გადასახადებს ვეღარ გადაიხდის და არც თანხა შევა ბიუჯეტში. ექსპორტის შემცირების გამო, ქვეყანაში არც უცხოური ვალუტა შემოვა და სავალუტო სექტორიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რაც თავის თავად იმოქმედებს ლარის კურსზეც, ბიზნეს სექტორი აღარ ისარგებლებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებით, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ფინანსურ სექტორზეც.
აქვე ისიც ხაზგასასმელია, რომ სავაჭრო და საწარმოო აქტივობის დაცემა იწვევს, როგორც ბიზნეს სექტორის ისე მოქალაქეების უკმაყოფილების ზრდას. ეს კი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
აღსანიშნავია, რომ კრიზისის პერიოდში იზრდება მოქალაქეების ლეგიტიმური მოთხოვნები პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს, ეკონომიკური პროგრამების, ანტიკრიზისული გეგმების, განვითარების სტრატეგიების, პრევენციის ღონისძიებების, მმართველობითი უნარების, პოლიტიკის როლისა და ეფექტიანობის მიმართულებით.
- როგორია თქვენი სამომავლო პროგნოზი, რას უნდა ველოდოთ?
- საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად 2020 წელს ვაჭრობის შემცირება იქნება 9%-32%-ის დიაპაზონში, კრიზისის სიღრმიდან გამომდინარე. აღსანიშნია ვაჭრობის დაცემის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევის შედეგებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება გადააჭარბებს 285 მლრდ ევროს, ხოლო იმპორტის დაცემის მასშტაბი აღემატება 245 მლრდ ევროს.
შემცირების ტენდენციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს საგარეო სავაჭრო გარემოც. მიმდინარე წლის 4 თვეში, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წელთან შედარებით უკვე შემცირდა 11.8%-ით. სადაც ექსპორტი შემცირდა 11.9%-ით, ხოლო იმპორტი - 11.8%-ით.
ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ჩაცხრობის მიუხედავად, საერთაშორისო ვაჭრობის დაცემა და შეფერხებები მხოლოდ დასაწყისია. მართალია ნელ-ნელა ცოცხლდება გლობალური ბაზარი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობის გამოცოცხლება ოჯახისა და ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზეა დამოკიდებული. კრიზისის გავლენის შედეგად, ქართული ოჯახების ეკონომიკური პროფილი კი აჩვენებს: დაცარიელებულ საფულეს, გამოცარიელებულ რეზერვებს, მთავრობის შერჩევითი დახმარების მოლოდინს, პოლიტიკურ ცვლილებებზე დამოკიდებულებას და მღელვარებას.
- რა უნდა გააკეთოს მთავრობამ შექმნილ ვითარებაში?
მთავრობა პასუხისმგებელია თითოეული კომპანიის და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ბედზე. ამიტომ, ვალდებულია იცოდეს თითოეული კომპანიის პრობლემები, მათთან ერთად შემუშავებული ჰქონდეს პრობლემების გადაჭრის გეგმა და თითოეულ კომპანიას დახმარება გაუწიოს გლობალური ბაზრების შესაძლებლობების მორგებაში. რადგან სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობები უფრო მეტია, ვიდრე სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის შესაძლებლობებია.
საკმარისი არ არის მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობის სურვილი ან მარკეტინგული კამპანიები. სავაჭრო და სამომხმარებლო აქტივობის აღდგენას სჭირდება არ მხოლოდ ფინანსური დახმარება, არამედ პოლიტიკური ნება და მუშა ეკონომიკური პროგრამები. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში, პოლიტიკა უნდა გახდეს გლობალური ბიზნეს აქტივობის ძირითადი ლოკომოტივი. პრაქტიკულად, საგარეო ვაჭრობის ზრდას გლობალური პოლიტიკის წარმოება სჭირდება. გლობალური პოლიტიკის შექმნაზე კი დამოკიდებულია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
ნატა პატარაია