იმის შესახებ, რატომ გადაწყვიტეს ხელოვნური ინტელექტის აკადემიის საქართველოში გახსნა და რას მისცემს ის ადგილობრივ შრომის ბაზარს, „Sputnik-საქართველოსთან“ კომპანია „ნეირონისა“ და აკადემიის დამფუძნებელი პეტერ სვაეტიჩინი საუბრობს.
- გვიამბეთ თქვენი აკადემიის შესახებ, ვისთვის არის ის, რა არის მისი მიზანი?
- ჩვენი აკადემიის მთავარი მიზანია ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაცია საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეცვლის სამყაროს და თანამედროვე ინდუსტრიებს, რასაც ის უკვე აკეთებს ბევრ სხვა ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი აკადემია გაგვეხსნა ყველა მსურველისთვის. ჩვენი კურსები დაფარავს უამრავ ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საკითხს. გვინდა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა კურსების წარმატებულად დამთავრების შემდეგ ადვილად იპოვონ სამსახური. მაგრამ, ამავე დროს, რადგან აკადემიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ჩვენ შევთავაზებთ არატექნიკურ კურსებს მათ, ვისაც სურს ინფორმაციის მიღება ამ ტექნოლოგიაზე, მის გამოყენებაზე სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებში, ტერმინოლოგიაზე, მონაცემთა სწორ დამუშავებაზე და ა.შ. ჩვენ ასევე ვგეგმავთ შევიმუშაოთ კურსები მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის სკოლებში, ვისაც ჩვენ პროგრამირების საფუძვლებს და ალგორითმებს ვასწავლით.
ჩვენი მიზანია ტექნოლოგიური პროგრესის განვითარება საქართველოში და ხელოვნური ინტელექტი სწორი არჩევანია დასაწყისისთვის!
ჩვენი ლექტორები შვედი და ქართველი თანამშრომლები არიან, რომელთაც ამ სფეროში რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ უკვე დაამთავრეს რამდენიმე რეალური ხელოვნური ინტელექტის პროექტი და იციან როგორ უნდა მიუდგნენ საქმეს ასეთ პროექტებზე მუშაობისას, სად უნდა და სად არ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი.
კურსების გარდა, ჩვენ ასევე ჩავატარებთ სემინარებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის შესწავლა უნდა მოხდეს პრაქტიკულ ამოცანებზე მუშაობისას. ამისათვის ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ იმ პროექტებზე მუშაობას, რომლებიც ჩვენი კომპანიის, Neiron-ის მიერ იყო შემუშავებული.
რაც შეეხება მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ისინი კურსების მიხედვით სხვადასხვა იქნება. ზოგიერთი კურსის წინაპირობა შეიძლება იყოს კალკულუსისა (მათემატიკური ანალიზი - რედ.) და პროგრამირების სიღრმისეული ცოდნა, ზოგიერთს კი შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს წინაპირობები.
- რატომ თბილისი და საქართველო, კიდევ რომელ ქვეყნებში არის მსგავსი ტიპის აკადემიები და იქ რა პრაქტიკაა?
- შვედური კომპანია „ბიტრუტი“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა მსგავსი კონცეფციით უკრაინაში. გარკვეულწილად ისინი ჩვენი კომპანიისთვის მაგალითიც იყო. მათ 2014 წელს დაიწყეს და დღეისათვის უკრაინაში 18 IT აკადემია აქვთ, 25000-ზე მეტი კურსდამთავრებულით. Ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო ეფექტიანად მიიღებს ამ კონცეფციას, რადგან მას საკმაოდ კარგი ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების ტრადიციები აქვს.
შვედეთს კომპიუტერული კომპანიების მიერ საკუთარი აკადემიების გახსნის დიდი ტრადიცია აქვს. შვედეთი და, განსაკუთრებით, სტოკჰოლმი დღემდე არის ტექნოლოგიური სტარტაპების გახსნის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი მსოფლიოში სილიკონის ველის მსგავსად. ისეთი ცნობილი სტარტაპები, როგორიცაა Skype, Spotify, King (Candy Crush), Mojang (Minecraft), Klarna და iZettle სწორედ სტოკჰოლმში დაფუძნდა. ამ კომპანიებმა შექმნეს სწორედ დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესიონალებზე და ანაზღაურების რაოდენობაც ცამდე აიყვანეს. ამან წაახალისა მცირე ტექნოლოგიური კომპანიები, რათა გაეხსნათ სასწავლო აკადემიები, რომელთა კურსდამთავრებულები შემდეგ თავად მუშაობდნენ შექმნაზე და ასაქმებდნენ საკუთარ თავს.
ამიტომაც გვსურს ასეთი მოდელი თბილისშიც დავნერგოთ. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ფართო რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქცია შეასრულოს. ამასთან თბილისი უნიკალური ქალაქია თავისი ისტორიითა და ტრადიციებით, ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქცია კი უაღრესად მიმზიდველი და თანამედროვე სინერგია იქნება. ამავე დროს საქართველოში დიდი ინტერესია ამ სფეროს მიმართ, ქართველები ძალიან პროგრესული და ადვილად ადაპტირებადი ხალხია და შეუძლიათ სწრაფად აუწყონ ფეხი მიმდინარე ტენდენციებს.
- რამდენად იქნება ქართულ შრომის ბაზარზე ამ აკადემიაში მიღებულ ცოდნაზე მოთხოვნა და ეკონომიკის რომელ სექტორებში?
- ხელოვნური ინტელექტის ინჟინრების პროფესიაზე დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. მოთხოვნა Ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებზე ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა. ამავე დროს შესაბამისი განათლების მიწოდება ბაზარზე არ არის საბაზრო მოთხოვნის ადეკვატური. დიდი გამოწვევაა კვალიფიციური ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის მოძებნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აკადემიის გახსნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ კვალიფიცური ინჟინრების მომზადებაა, რომლებიც შემდეგ დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში, ან იმუშავებენ მსოფლიოს მასშტაბით. „ნეირონის“ აკადემიის დიპლომის მიღება გზას გაუხსნის მის კურსდამთავრებულებს დასაქმების მთელი სპექტრისკენ როგორც საქართველოში, ისე რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.
- რამდენად აქვს სამომავლო პერსპექტივა ამ მიმართულებას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში და რამდენად დააინტერესებს ეს ქართულ ბიზნესს?
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გზას გაუხსნის კომპანიებს – თანაბარი კონკურენცია გაუწიონ თავიანთი ბიზნეს-პრაქტიკით დანარჩენ მსოფლიოს და შეიქმნან საშუალება მეტი განვითარებისთვის. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბიზნესში საშუალებას იძლევა დაიზოგოს კომპანიის ხარჯები წარმოების, ადმინისტრირების, ზედამხედველობისა და ხარისხის ავტომატიზაციის გზით. „ნეირონი“ ქართულ კომპანიებს სწორედ სთავაზობს, რომ განახორციელონ მათი საქმიანობის შეფასება, თუ რა მხრივ და როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი. „ნეირონის“ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სოფლის მეურნეობაზე მოდის, სადაც ხელოვნური ინტელექტი ეხმარება მწარმოებლებს უკეთესი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაში, მიწოდების ხაზის ავტომატიზაციაში, თანხების დაზოგვასა და მეტი მოგების მიღებაში. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს კარტოფილის მასშტაბურ მწარმოებელ Frixx-თან სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ეს არის სფერო, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია საქართველოს ძალიან დაეხმაროს. მაგალითად, ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც კონვეიერულ ხაზს იყენებს წარმოებაში, შეუძლია სარგებელი მიიღოს იმ ტექნოლოგიით, რომელიც ჩვენ შევქმენით. ამავე დროს ჩვენი მიმართულებაა ფარმაცევტიკა და სამედიცინო სფერო, ასევე სადაზღვევო და ღვინის ინდუსტრია, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს ხარისხის გაზრდითა და ფერმერული მეურნეობების ავტომატიზაციით დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
ნატა პატარაია