საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად თვის ბოლოს უნდა წარედგინოს. ამ კვირაში ცვლილებების საყოველთაო განხილვა დაიწყო.
საქართველოს მთავარ კანონში შესწორებების საჯარო განხილვა აუცილებელი პროცედურაა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ წელს ამ სფეროშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანა: განხილვა მიმდინარეობს ტელეეთერით, მოქალაქეებს კი აზრის გამოთქმა და კითხვების გაგზავნა ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.
ამჯერად სტუდიაში შეიკრიბნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლები, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი შეხვედრაზე არ მივიდნენ.
პარლამენტში შესწორებების მისაღებად საჭიროა 112 ხმა. „ქართულ ოცნებას“ 93 დეპუტატი ჰყავს. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერის შემთხვევაში მათ 7 მანდატი და ასევე „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მხარდაჭერის შემთხვევაში 6 მანდატი დაემატებათ. შესწორებების მხარდაჭერას აპირებენ ასევე „ოცნების“ ყოფილი დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან. ამგვარად, შესწორებების მისაღებად ხმების რაოდენობა საკმარისია მთავარი ოპოზიციური ძალის გარეშეც. თუმცა, პირველივე განხილვამ ცხადყო, რომ შესწორებების მიღება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მთავარი საჯილდაო ქვა
საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების შედეგია და ითვალისწინებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სისტემის პრაქტიკულად სრულად შეცვლას – როგორც ადგილთა გადანაწილების, ისე ხმათა დათვლის თვალსაზრისით.
მმართველი პარტიისთვის შესწორებების მიღება – „დემოკრატიის მორიგი ტესტია“. საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე მიანიშნეს, რომ თუ შესწორებები არ იქნება მიღებული, არჩევნებისა და დემოკრატიის ხარისხის მიმართ კითხვები გაჩნდება, ვინაიდან შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მხოლოდ მათი ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
მხარეები მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში დასავლელი დიპლომატების ძალისხმევის შედეგად მიუსხდნენ. მანამდე იყო პოლიტიკური კრიზისი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო.
განხილვა გრძელი და რთული აღმოჩნდა და როდესაც ყველას ეგონა, რომ კონსენსუსი შეუძლებელი იყო, მარტში მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.
ამ შეთანხმების თანახმად, 2020 წლის არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, მაგრამ მაჟორიტარების რიცხვი 73-დან 30-მდე შემცირდება, ხოლო არჩევნებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გამარჯვებული პარტია, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტ ადგილს მიიღებს, ვიდრე მას პროპორციული სისტემით მიღებული ხმების შედეგად ერგება.
იმავე 8 მარტს მიღწეული მეორე შეთანხმება იმ ადამიანების გათავისუფლებას გულისხმობდა, რომლებსაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრებად“ მოიხსენიებს, ხელისუფლება კი – „დამნაშავეებად“. ეს სია ბოლოს სულ რაღაც სამი გვარისგან შედგებოდა: ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა.
მაისში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველასთვის მოულოდნელად ორი მათგანი შეიწყალა და გადაწყვეტილების მიზეზად სწორედ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება დაასახელა. რაც შეეხება რურუას, მისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ და ის კვლავ საპატიმროში რჩება.
სწორედ რურუას გამო უგულებელყვეს „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესწორებების პირველი საჯარო განხილვა და გეგმავენ კენჭისყრაშიც არ მიიღონ მონაწილეობა, თუ რურუა იმ დროისთვის კვლავ საპატიმროში იქნება.
საჯარო განხილვისას კი გაირკვა, რომ მათ ჰყავთ მხარდამჭერები დამსწრეთა შორისაც, რომლებიც შეთანხმების ბოლომდე შესრულებას ემხრობიან.
„დიპლომატიური კორპუსის წყალობით შევძელით პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება და მივაღწიეთ 8 მარტის შეთანხმებას და ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ის ბოლომდე შესრულდეს“, – განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ლიდერმა მარიამ ჯაშმა.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ კომპრომისზე ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა წავიდეს.
„გადაიდგა მრავალი კომპრომისული ნაბიჯი და, ვფიქრობ, ყველა პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა – ხელი შეუწყოს ამ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას“, – აღნიშნა მან.
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა კი განაცხადა, რომ შესწორებებს მხარს დაუჭერს.
„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პოზიცია, რომ ჩვენი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ მთლიანად უჭერს მხარს ცვლილებებს“, – განაცხადა ინაშვილმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა ექნება, თუ იგი შესწორებების ჩავარდნის სცენარს არ გაიმეორებს.
„ზუსტად იცით, რომ ამ შესწორებებს მხარს ვუჭერთ ჩვენც და დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ეს საკმარისზე მეტია, თუ თქვენს გუნდში არაფერი ხდება და არ იგეგმება მორიგი სპექტაკლი, მაშინ შეგვიძლია ცვლილებები კენჭისყრაზე გავიტანოთ. ჩემი აზრით, ყველას ესმის – თუ ის ჩაიშლება, რა შედეგი მოჰყვება ამას არა პარტიებისთვის, არამედ თქვენი ხელისუფლებისა და სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ინაშვილმა.
„ქართულ ოცნებას“ გამარჯვების იმედი აქვს
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განხილვისას განაცხადა, რომ მმართველი პარტია ცვლილებების ჩაგდებას არ აპირებს.
„ჩვენი პირობა ძალაშია. რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამას კენჭისყრაზე, ივნისის მეორე ნახევარში, ძალიან მალე დავაფიქსირებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, თუ შესწორებები ჩავარდება, ეს მხოლოდ ოპოზიციის ბრალი იქნება.
„პოლიტიკური სპექტრი უკვე 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პასუხისმგებლობას გვაკისრებდა. რა იქნება ახლა, თუ ოპოზიცია შესწორებებს ჩააგდებს, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, რადგან პროტოკოლში ნათლად გამოჩნდება, ვინ არის დამნაშავე ჩავარდნაში. ეს სახელობითი კენჭისყრაა და ჩანს ვინ რომელ პარტიას ეკუთვნის. თუ ოპოზიცია ამ შესწორებებს დაბლოკავს და ჩააგდებს, კარგად უნდა დაფიქრდეს, ვინაიდან პასუხისმგებლობა სწორედ მათზე იქნება, ვინც ამ შესწორებებს მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა იგი სამართლიანი იქნება და ამას ხალხი გადაწყვეტს.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პარტია, ვემზადებით გამარჯვებისთვის. ჩვენ ძლიერი პროგრამა გვექნება, გვეყოლება განახლებული გუნდი და მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
განხილვისას მხარეებმა იმსჯელეს ასევე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივაზე, რომელიც არჩევნებში აუცილებელი მონაწილეობის დაწესებას ითვალისწინებს. თუმცა, ამ ინიციატივას არც მმართველი პარტიის და არც დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.
შესწორებების საჯარო განხილვა გაგრძელდება და მონაწილეებს მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. მომდევნო განხილვის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.