თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ოპოზიციურ სპექტრში არასახუმარო ვნებათაღელვა გრძელდება – ყოფილმა მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოულოდნელი „მხედრით სვლა“ გააკეთა, თავისი პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადადო და თბილისში ერთმანდატიანი ოლქები პარტნიორებს დაუთმო.
პირველი რაუნდი ონლაინ–რეჟიმში: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება>>
ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც გასული წლის ნოემბერში გაერთიანდნენ დევიზით „ერთად ერთის წინააღმდეგ“, არასახუმარო ვნებათაღელვაა ერთმანდატიან ოლქებში დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით. პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური ამბიციები გამოამჟღავნეს და პრაქტიკულად ნათლად მიანიშნეს, რომ ოპოზიციის ერთობა – შედარებითი და მყიფეა.
მაჟორიტარი კანდიდატების ირგვლივ სკანდალი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც მასმედიამ გამოაქვეყნა დეპუტატობის კანდიდატთა წინასწარი სიები, რომლებშიც ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ოპოზიციური გაერთიანების მხარდამჭერთა აღშფოთების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიებს საერთო არაფერი ჰქონდა რეალობასთან და სკანდალი მიჩუმდა, რათა ივნისში კვლავ ახალი ძალით გაღვივებულიყო.
მიზეზი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის ნიკა მელიას განცხადება, რომ მისი პარტია ოლქების ნაწილში თავის კანდიდატებს ცალკე წამოაყენებდა, მეორე ნაწილში კი ძალებს გააერთიანებდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ამას არ შეიძლებოდა, არ აღეშფოთებინა ერთობის მხარდამჭერები, რომლებიც ერთიანი კანდიდატების წამოყენებას ითხოვენ.
შიდა დაპირისპირების გამო გაერთიანების შემდეგ პირველად ჩაიშალა გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი სხდომა, თავად ტერმინის არსებობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
მაჟორიტარული არჩევნების მნიშვნელობა
მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის ყველაზე დიდი საჯილდაო ქვაა.
ასეთ არჩევნებში იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს ამა თუ იმ ოლქში, ხოლო თუ მეორე ტური გახდება საჭირო – უბრალო უმეტესობას. სულ, დღევანდელი მდგომარეობით, 73 მაჟორიტარული ოლქია.
მაჟორიტარული არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება წლების განმავლობაში მთავარი პრეტენზია იყო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მმართველ პარტიას სახელმწიფო რესურსების გამოყენებასა და ელექტორატზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, რამაც მას პრაქტიკულად დააკარგვინა გამარჯვების შანსი.
ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით მხარეებმა მოახერხეს ერთმანდატიანი ოლქების 73-დან 30-მდე შემცირებაზე შეთანხმება.
მართალია, ჯერ ეს ვარიანტი განხილვის სტადიაზეა და კენჭისყრა ივნისის ბოლოს გაიმართება, თუმცა ოპოზიციამ უკვე დაიწყო 30 კანდიდატის არჩევა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლა
თანამებრძოლების დასამშვიდებლად და ოპოზიციის ერთობის შესანარჩუნებლად ნიკა მელიამ ხუთშაბათს, საღამოს მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელმაც წინა არჩევნებზე მილიონ-ნახევრიან თბილისში 200 ათასი ხმა – ყველა დანარჩენ ოპოზიციაზე მეტი ხმა – დააგროვა, პარტნიორებს უთმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს. ამით ჩვენ ვახდენთ დემონსტრირებას იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ხელმძღვანელობს ვიწრო პარტიული ინტერესებით და არ იბრძვის თავისი შედეგის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი პარტია თავის კანდიდატებს წამოაყენებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – გლდანსა და ისანი-სამგორში და უკვე პარასკევს დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას.
„ამას ვაკეთებთ, რათა მივაღწიოთ სრულ თანხმობას ოპოზიციაში და თითოეულ ოლქში იგი წარმოდგენილი იყოს ძლიერი კანდიდატებით... ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი“, – განაცხადა მელიამ.
პარტნიორები კმაყოფილებას არ მალავენ
განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ბევრ ლიდერს მოეწონა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მელიას განცხადება, „ნაცმოძრაობის“ ადრე გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, გაერთიანებული ოპოზიციის სულისკვეთებას პასუხობს.
„მელიას განცხადება პასუხობს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვქონდა. თუ ის შესრულდება, ეს მხოლოდ გამახარებს. დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რისკების შემცირება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. პირველივე ტურში გასაგები უნდა იყოს, ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა“, – აღნიშნა ბოკერიამ.
განცხადებით კმაყოფილი არიან ლეიბორისტულ პარტიაშიც.
„ეს ადეკვატური განცხადებაა. იმედი მაქვს, რეგიონებზეც შევძლებთ მოლაპარაკებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს – არა მხოლოდ შევცვალოთ მმართველი პარტია, არამედ დავასრულოთ ერთპიროვნული მართვის ტრადიცია“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ნიკა მელიას განცხადებამ დააფიქრა ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს.
„ეს პოზიტიური განცხადებაა და, იმედი მაქვს, პარტიები ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდებიან, ჩვენ კი გავაგრძელებთ დიალოგს, რათა მათ თბილისის ოლქებში შევუერთდეთ“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციას მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინაშე უპირატესობას მისცემს.
„ეს მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რომლის შემდეგაც ვერავინ შეძლებს ოპოზიციის პოლარიზებაზე საუბარს და ეს ივანიშვილსაც განაიარაღებს“, – აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.
ამასთან, მან მიუთითა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ოპოზიციის ერთობა შედგა.
შენარჩუნდება თუ არა ეს ერთობა მომავალშიც, ამას დრო გვიჩვენებს, ჯერ კი კვირის ბოლოს უნდა გაიმართოს გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი სხდომა, რომელზეც, მაჟორიტარული არჩევნების გარდა, თავის მთავარ მოვლენას – თბილისში 20 ივნისს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას განიხილავენ.