15:16 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (177)
67 0 0

განხილვაში მონაწილეობის მიღებას და კითხვების დასმას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ან საქართველოს პარლამენტის ონლაინ–პლატფორმის მეშვეობით.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საკონსტიტუციო შესწორებების საყოველთაო განხილვა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში ხუთშაბათს დაიწყება – საორგანიზაციო კომიტეტის წევრები მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში 19:00 საათიდან უპასუხებენ.

2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით გამართვა საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.  

განხილვაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–რეჟიმში გაიმართება, მონაწილეობის მიღებას და კითხვების დასმას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ან საქართველოს პარლამენტის ონლაინ–პლატფორმის მეშვეობით.

მაყურებელს შეუძლია მისთვის საინტერესო კითხვები „პირველი არხის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე გაგზავნოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატი განსაზღვრულია – გაიმართება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატით, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის, პარლამენტისა და შესწორებების განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო შესწორებებს წარადგენენ. 

„ასევე გვექნება ინტერაქტიული კომუნიკაციის საშუალება საზოგადოებასთან, მივიღებთ კითხვებს და გავცემთ პასუხებს. სატელევიზიო ფორმატის შეხვედრები გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე თბილისში და ასევე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ასეთი შეხვედრა“, – განაცხადა კობახიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიაში“ განხილვის ტრანსლაცია, სავარაუდოდ, 13 ან 14 ივნისს გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის გათვლით, განხილვის პროცესი ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, 21 ივნისის შემდეგ კი კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით გავა და 29 ივნისს უკვე სამივე მოსმენით მიიღებენ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვიდრე ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობას.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნების შედეგებით პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატისგან დაკომპლექტდება. 

საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად აუცილებელია 112 ხმა, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 93 დეპუტატი ჰყავს, ამიტომ მას ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდაჭერა მაინც სჭირდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. შესწორებების თანახმად, ახალ საარჩევნო სისტემაში იცვლება ოლქების რაოდენობა, პარტიების გამსვლელი ბარიერი და ადგილების გადანაწილების სისტემა პარლამენტში.

წარმოდგენილ ვარიანტში 30 მაჟორიტარული ოლქია, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი – მხოლოდ 1%. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ამას გარდა, ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (177)

მთავარი თემები