2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება ახლა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია საქართველოს შესაფასებლად საერთაშორისო ასპარეზზე.
ახლა კი იგივე პარტნიორები ზეწოლას აგრძელებენ, რათა პროცესი ბოლომდე მივიდეს.
დაბრკოლებები
ოპოზიცია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არჩევნების სისტემის შეცვლას მოითხოვდა, ახლა გაჯიუტდა.
საქმე ისაა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ხმები გადამწყვეტი გახდა კონსტიტუციის შეცვლისთვის, რადგან მმართველმა პარტიამ განხეთქილების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა და ახლა მსგავს გადაწყვეტილებებში ის უკვე თავისი ოპონენტების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა 112 ხმა, ხოლო მმართველ პარტიას მხოლოდ 93 ხმა აქვს. ამგვარად, მას ყოფილი თანამოაზრეების და ოპონენტების მხარდაჭერა სჭირდება.
თუმცა დღეისათვის მთელი საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რომელსაც მმართველმა პარტიამ ხელი მოაწერა დამკვირვებლების თანდასწრებით, განსაკუთრებით იმ ნაწილის, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება.
დავის საგანი გახდა ოპოზიციური „მთავარი არხის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, რომელიც 2018 წელს გარდაცვლილი კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმაა.
გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს, რაც არასასურველი ტელევიზიის მიმართ ანგარიშსწორების ნაწილია. გამოძიება აღძრულია ტელეარხის საკონტროლო პაკეტის მფლობელის ნიკა გვარამიას წინააღმდეგაც.
„შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს. არ არსებობს - შეთანხმების რაღაც ნაწილი შევასრულე და, მოდი, მეორე ნაწილს ყურადღებას ნუ მივაქცევთ. შეთანხმება ან სრულდება, ან არა. ამიტომ ბურთი ახლა „ქართული ოცნების მოედანზეა“. ჩვენ ველოდებით 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას პირველ ნაწილში, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ეს გახსნის კარს იმისთვის, რომ უკვე მონაწილეობა მივიღოთ კენჭისყრაში და მხარი დავუჭიროთ ახალ საარჩევნო სისტემას“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
მმართველ პარტიაში კი დარწმუნებული არიან, რომ შეთანხმების თავიანთი ნაწილი შეასრულეს.
„მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში... თუ მათი არჩევანის გამო ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
დავის საგანი
ახალი საარჩევნო სისტემა დღეისათვის არსებული მოდელისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ საქართველოსთვის ეს განსხვავება მაინც მნიშვნელოვანია.
ორივე სისტემა პარლამენტის დეპუტატების არჩევის შერეულ სისტემას გულისხმობს - ნაწილი გადის პარლამენტში პარტიული სიებით და ნაწილი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შედეგად.
სხვაობა არის მხოლოდ ოლქების რაოდენობაში, გამსვლელ ბარიერში და პარლამენტში ადგილების განაწილების სისტემაში.
მაგალითად, ახალ ვერსიაში 73 ერთმანდატიანი ოლქის ნაცვლად მხოლოდ 30 ოლქია, პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად 1%-იანი გამსვლელი ბარიერი დაუწესდებათ. ხოლო პარტიის ან ბლოკის მიერ მიღებული ადგილების რაოდენობა პარლამენტში ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების შედეგად მიღებულ ხმებზე იქნება დამოკიდებული.
ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.
ექსპერტების აზრით, ახალი მოდელი ხელს აძლევს წვრილ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ასეთი დაბალი გამსვლელი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა და სახელმწიფო დაფინანსების მიღების შანსი გაუჩნდებათ.
რაც შეეხება ბლოკებს, პოლიტოლოგების თვალსაზრისით, ისინი უფრო რთულ სიტუაციაში არიან, რადგან პარლამენტში მოსახვედრად ბლოკმა მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მოიპოვოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის მის შემადგენლობაში. შესაბამისად, რაც უფრო მრავალრიცხოვანია ბლოკი, მით მეტი ხმა სჭირდება.
გარდა ამისა, წამყვანი ექსპერტები უკვე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ოპოზიცია წარმოადგენს სწორედ ასეთ დიდ გაერთიანებას, სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი არახელსაყრელი პირობის გამო ის ან დაიშლება, ან ყველაფერს გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასაგდებად.
უფრო მეტიც, ოპოზიციურ გაერთიანებაში უკვე დაიწყო პირველი კონფლიქტები მაჟორიტარულ სიებთან დაკავშირებით და არის საშიშროება, რომ ეს კონფლიქტი იმ დრომდე გაიწელოს, როდესაც ცვლილებების მიღება უკვე გვიანი იქნება.