თბილისი, 11 მაისი - Sputnik. 31 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მიღებული იქნება სპეციალური ზომები და ყველა საარჩევნო უბანი სათანადოდ მომზადდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექმნება.
„გვექნება კონსულტაციები ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც ჩართულია არჩევნების მონიტორინგში, არჩევნების დაკვირვების პროცესში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მომზადებულია და პრაქტიკულად მზად არის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი.
„უახლოეს დღეებში დაზუსტდება პროექტის შინაარსი. როგორც კი კონსტიტუციაში ცვლილებები შევა, ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით შევძლებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებას. დრო არის საკმარისი, რათა ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში საბოლოოდ დავასრულოთ პაკეტის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს სისტემით, რომელზეც სამი თვის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ მმართველი პარტია და ოპოზიცია. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო საარჩევნო საკანონმდებლო ბაზის მომზადება გაჭიანურდა.
ამ დროისთვის კანონმდებლებმა მოასწრეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადება, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები ახალი, შერეული სისტემით ჩატარდება.
კერძოდ, 150 სადეპუტატო ადგილიდან 120 გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მიიღებენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც სულ მცირე ხმათა იმდენს პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც იქნება ამ ბლოკში გაწევრიანებული.
დანარჩენი ადგილები 30 ერთმანდატიან ოლქში გადანაწილდება.