თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. განისაზღვრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ახალი სისტემით საქართველოსადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
კობახიძის სიტყვებით, გაიმართება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატით, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის, პარლამენტისა და შესწორებების განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო შესწორებებს წარადგენენ.
„ასევე, გვექნება ინტერაქტიული კომუნიკაციის საშუალება საზოგადოებასთან, მივიღებთ კითხვებს და გავცემთ პასუხებს. სატელევიზიო ფორმატის შეხვედრები გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე, თბილისში და ასევე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ასეთი შეხვედრა“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ვარაუდობს, რომ განხილვის პროცესი ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.
„ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 21 ივნისისთვის გავიტანოთ კანონპროექტი პარლამენტში პირველ მოსმენაზე და 29 ივნისს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული. პირველი განხილვა თბილისში შედგება 4 ივნისს, რაც შეეხება აჭარის მაუწყებელს, სავარაუდოდ, 13 ან 14 ივნისს შედგება განხილვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
განხილვაში მონაწილეობის მიღებას და კითხვების დასმას შეძლებს ნებისმიერი მოქალაქე. განხილვა 4 ივნისს, 22:30 საათზე გაიმართება.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვიდრე ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობას.
საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად აუცილებელია 112 ხმა, მმართველ პარტიას მხოლოდ 95 დეპუტატი ჰყავს, ამიტომ მას ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდაჭერა მაინც სჭირდება.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. შესწორების თანახმად, ახალ საარჩევნო სისტემაში იცვლება ოლქების რაოდენობა, პარტიების გამსვლელი ბარიერი და ადგილების გადანაწილების სისტემა პარლამენტში.
წარმოდგენილ ვარიანტში 30 მაჟორიტარული ოლქია, გამსვლელი ბარიერი კი მხოლოდ 1%. პარტიული სიით გასული დეპუტატების ადგილების რაოდენობა პარლამენტში დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგად ერთმანდატიან ოლქებში მიღებულ ადგილებზე.