თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და ყველა დავინახავთ ვინ და სად იდგება იმ წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც წინ გველოდება – ასეთი პასუხი გასცა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა ის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი.
წულუკიანის სიტყვებით, პრემიერის რეპლიკა მისი „დაწინაურების“ შესახებ იყო პასუხი პარლამენტში გახარიას სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ქმედებებზე.
„ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის ეს რეპლიკა იყო პასუხი იმ აბსოლუტურად ოდიოზურ ფიგურად ქცეული პოლიტიკოსის (გიგა ბოკერია – რედ.) ყვირილზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და არ მგონია, ამის უკან რაიმე რეალური გეგმები იდგეს. სია თუ არა, პარლამენტი თუ არა, მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, წულუკიანის თქმით, იგი ოპოზიციას სჭირდება და არა მმართველ გუნდს.
მან აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდს პოზიცია არ შეუცვლია და ერთხმად გეგმავს საკონსტიტუციო შესწორებებისთვის მხარის დაჭერას.
„თუ ოპოზიცია (მხედველობაში მაქვს ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ძალა, რომლებიც ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდება) ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ეს გახდება იმ რეფორმის ჩაშლის საფუძველი, რომელიც მათი სურვილითა და ინიციატივით ხორციელდება და რომელსაც ისინი თავად საჭიროებენ, რათა როგორმე მოხვდნენ პარლამენტში“, – განაცხადა წულუკიანმა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებების საყოველთაო განხილვა 4 ივნისს დაიწყება და კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება.
განხილვის ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხით“ და „აჭარის ტელევიზიით“ მოხდება – მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებებს სატელევიზიო ეთერში გაეცნობა, კითხვებს კი ინტერნეტის საშუალებით დასვამს.