ვინ გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ოპოზიციის დავის ახალი საგანი

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქციის პორტრეტები
საპროტესტო აქციის პორტრეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთ თვეზე ოდნავ ნაკლები რჩება, ოპოზიციაში კი უკვე დაიწყო ადგილების გადანაწილება და მთავარი საჯილდაო ქვა - პრემიერ-მინისტრის თანამდებობაა

საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით უნდა გადადგეს. ახალ პრემიერს წარადგენს პარტია, რომელიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნები და ჯარი: ვის დაუჭერს მხარს შეიარაღებული ძალები >>

იმის მიუხედავად, რომ არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული, ოპოზიციაში, რომელიც ბოლო დრომდე ერთობასა და თანხმობას ავლენდა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე დავა დაიწყო.

ერთობის პრობლემები

დღევანდელი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მოძრაობა სხვადასხვა იდეოლოგიისა და მიმართულების 30-მდე პარტიისგან შედგება. ყველანი დაუფარავად აღიარებენ, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ცალ-ცალკე ვერ დაამარცხებენ, ამიტომ მოუწევთ კოალიციის ფორმირება.

საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო
არჩევნები პანდემიის დროს: შეძლებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას სიცხიანი ამომრჩეველი

მსგავსი კოალიციის უმთავრესი პრობლემა - პოლიტიკური ამბიციები და მეტისმეტად განსხვავებული შეხედულებებია, ფიქრობენ ექსპერტები.

„მაინცდამაინც არ მჯერა ოპოზიციის ერთობის და არა მგონია, რომ არჩევნებზე ეს რამე როლს შეასრულებს. ალბათ აქცენტი გაკეთდება ცალკეულ პარტიებზე, რომლებსაც მეტი გავლენა აქვთ და მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ... ვინ ვის ეჩხუბება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არსებობს ორი-სამი ძალა, რომლებიც არჩევნებში დომინირებას შეძლებენ“, - განუცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა დემურ გიორხელიძემ Sputnik-საქართველოს.

ის, რომ ოპოზიციის რიგებში ერთობა არ არის, ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც ცხადყო.

კამათი ვაშაძის ირგვლივ

ორიოდე კვირის წინ პარტია „საქართველო და კანონის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე იხილება პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა.

ჩარკვიანიც და ვაშაძეც თავის დროზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. ბოლო არჩევნებზე ორივე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატისა და პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის შტაბში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა

„საქართველო და კანონი“, „ახალი საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ექვს პარტიასთან ერთად ქმნიან ბლოკს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ შიგნით და საერთო წესებით მოქმედებენ.

თუმცა ჩარკვიანის განცხადებამ, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია, „ნაცმოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა პარტიების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

„გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში არასდროს განიხილებოდა, არც დღეს განიხილება და არც მომავალში იგეგმება ამ კანდიდატურის განხილვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. სხვა სუბიექტებს, იქნება ეს თაკო ჩარკვიანი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენი პარტიის შესაძლო კანდიდატი გიორგი ვაშაძე არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

რატომ შეიძლება თქვას უარი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო აგიტაციაზე >>

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ჩრდილოვანი კაბინეტის“ მინისტრთა შემადგენლობა განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება მისი ფორმირების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც პარტიები შეჯერდებიან, რა დაეხმარება მათ არჩევნების მოგებაში.

თავად „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ვერ დამალა, რომ თანამოაზრეების ეს პოზიცია მისთვის არასასიამოვნოა.

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ – რადიკალური განცხადებები. მე, ხალხნო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანებისა, ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან მან დასძინა, რომ არ დაუპირისპირდება ოპოზიციის ერთობას, რადგან მხოლოდ ეს ერთობაა გამარჯვების გარანტი.

მოულოდნელი გაგრძელება

ვიდრე „ძალა ერთობაშია“ გაერთიანებაში ვაშაძის კანდიდატურაზე დაობენ, პარტიაში „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოულოდნელმა განცხადებამ გაიჟღერა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკის წინასაარჩევნო პერიპეტიები: ძველი სკანდალი ახალი ძალით

მართალია, ის „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერებისგან შედგება, მაგრამ კოალიციაში ოპოზიციის სხვა ნაწილთან, მათ შორის, „თავისუფალ დემოკრატებთან“ და სხვა პროდასავლურ ძალებთან, ერთადაა გაერთიანებული.

„ქვეყნის პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ხედვა, ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან ქვეყანას როგორ გამოიყვანს, ეკონომიკაში როგორ დაწევს გადასახედებს, როგორ გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს. როგორ გადატეხს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ამავე დროს მან განმარტა, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი ვერ ნახავს ერთ ბლოკს „გაერთიანებულ ოპოზიციის“ სახელით და პარტიული დაჯგუფებების ნაწილი არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას.

„ამ ეტაპზე ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავიანთი ხედვა ჰქონდეთ იმის თაობაზე, რა პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებებს. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მმართველი პარტიის პოზიცია

მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის შიდა კამათი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ღიმილის მომგვრელია.

წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
გაუქმდება თუ არა საქართველოში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

„რეალურად, ნებისმიერი კანდიდატის დასახელება მათი მხრიდან იქნება ღიმილის მომგვრელი, იმიტომ რომ ყველა ხედავს, როგორია კვლევის შედეგები. ყველა ხედავს, რომ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს“, - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მისთვის ნათელია, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს.

თუმცა ოპოზიციას არჩევნებზე აბსოლუტურად სხვა გეგმები აქვს და პასუხი კითხვაზე, ვინაა მართალი, 1 ნოემბერს გახდება ცნობილი, როდესაც არჩევნების პირველი შედეგები გამოჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0