სტრესული ვითარება და ნერვიულობა, უმეტეს შემთხვევაში, პირველ რიგში არტერიულ წნევაზე მოქმედებს, რაც განსაკუთრებით საშიშია 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის.
იმისთვის, რომ ვმართოთ არტერიული წნევა და მხოლოდ ქიმიური პრეპარატები არ მივიღოთ, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი უკუჩვენებები აქვს, გთავაზობთ არტერიული წნევის დასაქვეითებლად სამკურნალო მცენარეების გამოყენების რამდენიმე რეცეპტსა და მიღების წესს.
თუმცა, თუ ადამიანს რამე ავადმყოფობა აწუხებს, ასევე უნდა გაითვალისწინოს მცენარის მოქმედება ამ ავადმყოფობის შემთხვევაში. მაგალითად, ზოგიერთი სამკურნალო მცენარე კარგია არტერიული წნევის შესამცირებლად, მაგრამ ცუდად მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე და ა.შ.
ჰიპერტონიული დაავადების ძირითადი ნიშანია მაღალი არტერიული წნევა, რომელიც შინაგან ორგანოთა რაიმე ცნობილ დაავადებას არ უკავშირდება. ის აწუხებს მოზრდილი მოსახლეობის (განსაკუთრებით, 40 წელს ზემოთ) 10-20%-ს.
მაღალი არტერიული წნევა აჩქარებს ათეროსკლეროზის განვითარებას და ამძიმებს მის მიმდინარეობას, იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს. ჰიპერტონიის ნებისმიერი მკურნალობა, ფაქტობრივად, დიეტით იწყება და ხშირად ეს საკმარისია წნევის კონტროლისთვის.
ექინაცეა: ინდიელების „ოქროს ყვავილი" – ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად>>
გართულებების დროს კი, მედიკამენტებთან ერთად, არტერიული წნევის დასარეგულირებლად შესაძლებელია სამკურნალო მცენარეებით მკურნალობაც, რომელიც საკმაოდ ეფექტურია.
გთავაზობთ არტერიული წნევის დასაქვეითებლად სამკურნალო მცენარეების გამოყენების რამდენიმე რეცეპტსა და მიღების წესს:
1 სუფრის კოვზი კამის თესლი 1 ლიტრ წყალში ჩაყარეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ საღამოსა და ღამით. მიიღეთ დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი.
შეურიეთ ერთმანეთში ოხრახუშისა და სტაფილოს წვენი შეფარდებით 1:3. მიიღეთ დღეში სამ–ოთხჯერ 1 სუფრის კოვზი.
ერთ სავსე სუფრის კოვზ ვარდკაჭაჭას ფესვს დაასხით ერთ-ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე, ადუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 5 წუთი, შემდეგ გააჩერეთ სითბოში 4 საათი. დღეში მცირე ყლუპებით დალიეთ 1-1,5 ჭიქა. მკურნალობის ხანგრძლივობა 10–12 დღე.
ვარდკაჭაჭა – ჯანმრთელობისთვის უძვირფასესი მცენარე>>
აიღეთ კალენდულას ყვავილედი – 40 გრამი, კატაბალახას ფესვები – 30 გრამი. 1 სუფრის კოვზ ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
გამოწურეთ ჭარხლის წვენი, გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი და მიიღეთ ჭიქის მესამედი ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.
1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა წყალი, აადუღეთ ორჯერ და გააჩერეთ ორთქლზე 3 საათი. გააცხელეთ და დალიეთ დღის განმავლობაში ჩაის სახით. ამ დროს ჯობს არ მიიღოთ ხორცეული.
2 სუფრის კოვზ შავი მოცხარის მშრალ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში ოთხჯერ.
შავი მოცხარი და მისი სასარგებლო თვისებები>>
20 გრამ ხმელ დაქუცმაცებულ კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 30 წუთი, გადაწურეთ და შეავსეთ წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
არტერიული წნევის დასაქვეითებლად ხალხურ მედიცინაში ასევე გამოიყენება ქრისტესისხლა, კოწახური, ხარისძირა, მანდარინის ქერქი, მარწყვი, ძახველი, ნიორი, დაფნა და სხვა მცენარეები.