18:51 22 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8357
  • 100 RUB3.8519
  • USD2.4579
კოწახური

კოწახური – სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები

© Flickr/ Nickolas Titkov
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
245650

კოწახურის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მას დღესაც აქტიურად იყენებენ და ებრძვიან სურავანდს, ჰიპერტონიას, რადიკულიტს, კუჭ–ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებებს, იყენებენ კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში...

კოწახური (Berberis vulgaris) კოწახურისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. არის 3–5 მეტრი სიმაღლის ბუჩქი. აქვს ძლიერი ფესვი და გამერქნებული ფესვურები. ყლორტები მოფენილია წვეტიანი ეკლებით. ნაყოფი წითელი წაგრძელებული ფორმის კენკრაა. ყვავის მაის–ივნისში, დამწიფებას აგვისტო–სექტემბერში იწყებს. მტევნები ბუჩქებზე შუა ზამთრამდე ჰკიდია.

გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე, ტყის პირებზე მდინარის ნაპირებზე, ჭალებში, რიყეზე და სხვა. გამძლეა ყინვებისა და გვალვების მიმართ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კოწახურს სხვადასხვაგვარად უწოდებენ: მაჭი, ცაცხვ, დუცხუ, კავაღი, ცხაცხუ, ცაცხუ, ცხაცხვი, ზესხრა, ფაჩა.

კოწახური
კოწახური

კოწახურის ნაყოფს მჟავე, სასიამოვნო გემო აქვს. ის შეიცავს 5 პროცენტამდე შაქრებს, მდიდარია ორგანული მჟავებით (ლიმონის, ვაშლის, ღვინის და სხვა), სასარგებლო პექტინებით, მასში ბევრია С ვიტამინი, შეიცავს К ვიტამინს, ასევე კაროტინსა და მინერალურ მარილებს. უმწიფარ ნაყოფში არის ალკალოიდები.

კოწახურის ფოთლები, ფესვი და ქერქი შეიცავს ალკალოიდებს, მცენარის ამ ნაწილებში ასევე არის მთრიმლავი ნოვთიერებები და ვიტამინები С და Е.

კოწახურის თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი – ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და ინდოეთში მას იყენებდნენ, როგორც სისხლის გამწმენდ საშუალებას. ძველი ბერძნები და რომაელები კოწახურის ნაყოფისა და ფოთლებისგან კუჭ–ნაწლავის სამკურნალო საშუალებებს, ინდოეთში ეს იყო მატონიზირებელი, მსუბუქი გამხსნელი, წყურვილის მოკვლის საშუალება. ძველ ეგვიპტეში მისი მეშვეობით იწმენდნენ სისხლს. ორგანიზმს შლაკებისგან. შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიასა და ჩინეთში კოწახურით მკურნალობდნენ სურავანდს, ავიტამინოზს, მაღალ არტერიულ წნევას, ციებ–ცხელებას. ტიბეტურ მედიცინაში მცენარისგან გამაახალგაზრდავებელ ნაყენს ამზადებდნენ.

კოწახურს ამჟამადაც ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში. სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა დაავადებს კურნავენ. მაგალითად, გერმანიაში კოწახურით ებრძვიან არა მხოლოდ კუჭ–ნაწლავის, არამედ ფილტვების, პირის ღრუს ლორწოვან დაავადებებს. საფრანგეთში ის სიცხისა და არტერიული წნევის დამწევი საშუალებაა, ბულგარეთში კი კოწახურით რადიკულიტს ამარცხებენ; პოლონელების ავიტამინოზს ებრძვიან, ჩინეთში – სიმსივნეს.

კოწახურს აქვს ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.

კოწახური
კოწახური

ამგვარად, ხალხურ და ასევე თანამედროვე მედიცინაში (კოწახურზე დამზადებული პრეპარატების სახით) მკურნალობენ:

თირკმელების, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს, ტუბერკულიოზს, შინაგან სისხლდენას (განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოდან სისხლდენას), ზედა სასუნთქი გზების ანთებას, სხვადასხვა ორგანოს სიმსივნეს.

კოწახურს იყენებენ დიაბეტის დროს. რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მისი კიდევ ერთი თვისება – მცენარე მალარიით დაავადებულ ადამიანებში ზრდის ელენთას (მალარიული პლაზმოდიები კოწახურის საშუალებით სისხლში განიდევნება). ჰომეოპათიაში კოწახურზე დამწადებული პრეპარატებით კურნავენ ღვიძლის, საშარდე გზებისა და თირკმელების დაავადებებს. გამოიყენება ნიკრისის ქარის, რევმატიზმისა და წელკავის დროს.

მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდებს, რომელთა შორის მთავარია ბერბერინი (განსაკუთრებით ფესვსა და ქერქში). ეს ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს, ამცირებს გულისცემას. მას იყენებენ ქოლეცისტიტის, ნაღვლის ბუშტში კენჭოვანი დაავადებებისა და ქრონიკული ჰეატიტის დროს.

ფოთლების, ნაყოფისა და ქერქისგან მზადდება ნაყენები, რომლებიც კოსმეტოლოგიაში გამოიყენება. სახლის პირობებში დამზადებული ლოსიონები აახალგაზრდავებს, აშორებს კანის დეფექტებს (პიგმენტური ლაქები, ჭორფლი, გამონაყარი), ასწორებს წვრილ ნაოჭებს, სახეს ჯანმრთელ ფერს აძლევს. ასევე კარგია კოწახური თმის მოსავლელად და ქერტლის მოსაშორებლად.

კანის გასაახალგაზრდავებლად მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად:

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლი ან ხმელი კოწახურის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. ნაყენის წაისვით სახეზე დილითა და საღამოს ტონიკის სახით. შეგიძლიათ გაყინოთ პატარა კუბებად და სახე გაიწმინდოთ.

კოწახურის ნაყენი წყლულოვანი დაავადებებისა და გულისრევის დროს: აიღეთ 15–20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 200 გრამი წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგდადგით 40 წუთი, გადაწურეთ და გააზავეთ ანადუღარ წყალში, ისე, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ ნაყენი ყოველდღე, დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი.

კოწახურის ნაყენი, როგორც ნაღვლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება: აიღეთ 30–40 გრამი მცენარის დაქუცმაცებული ნაყოფი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და საწყისი მოცულობის მისაღებად შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი ჭიქის ოდენობით.

ალკალოიდების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო კოწახური სუსტ შხამიან მცენარეებს განეკუთვნება, ამიტომ მისი დიდი ხნით და უკონტროლოდ გამოყენება არ შეიძლება.

ასევე არ შეიძლება მისი მიღება ორსულებისთვის, ხოლო მცენარის მწვანე ნაყოფი შხამიანია, და მისი გამოყენება საერთოდ არ შეიძლება.

სტატია მომზადებულია RCDA-ს მასალებზე დაყრდნობით

 

მთავარი თემები