COVID-19-ის შემთხვევების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 15% მძიმედ მიმდინარეობს, ხოლო 5% კრიტიკულად მძიმეა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია არის აუცილებელი. ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს. COVID-19-ის ჭეშმარიტი სიკვდილიანობის დადგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სიკვდილიანობის უხეში მაჩვენებელი 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს.
ყურადღებით დააკვირდით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას
რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისთანავე (თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან დაუკავშირდით „112“-ს. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხება, რომლებმაც მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში იმოგზაურეს, ან კონტაქტი ჰქონდათ ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთან.
იმ შემთხვევაში კი, თუ მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები გაქვთ და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში, ზედმიწევით დაიცავით დახველების ეტიკეტი (დახველებისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან მოხრილი იდაყვი) და ხელის ჰიგიენა (ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან გაიწმინდეთ სპირტის შემცველი ხსნარით), დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით თვითიზოლაციაში მოხვედრისას თქვენ ვალდებული ხართ, დაიცვათ შემდეგი წესები:
- დარჩით თქვენს საცხოვრებელში ან ბინაში. ნუ წახვალთ სამსახურში, ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
- განცალკევდით სხვებისგან თქვენს საცხოვრებელში ან ბინაში.
- თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება.
- არ გამოიყენოთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივრცეები. თქვენ მიერ მათი გამოყენების შემდეგ ისინი უნდა გაიწმინდოს საგულდაგულოდ.
- საკვები, წამლები და სხვა სახის საშუალებები უნდა მოგეწოდოთ უსაფრთხოდ, არაპირდაპირი კონტაქტით.
- საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი მინიმუმამდე უნდა შეზღუდოთ. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს არაა დასაშვები.
- სხვებთან კონტაქტისას გაიკეთეთ ნიღაბი.
- იზოლაციის პერიოდში ცალკე ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი უნდა იქონიოთ.
- სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა არაა შეზღუდული.
- თვითიზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს უშუალო კონტაქტის გარეშე – ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას – თვითანგარიშგებით.
- ცხელების და/ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციური პროფილის სტაციონარს.
- არაგადამდები დაავადების (მაგ., ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვ.) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება კლინიკაში ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით და სტაციონარში განთავსება ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.
- თავი შეიკავეთ თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენებისგან.
- მიიღეთ იმდენი რაოდენობის სითხე, სანამ რეგულარულად არ მოშარდავთ.
- იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში, თუ ეს შესაძლებელია.
გაითვალისწინეთ, თუ დასაქმებული ხართ, თვითიზოლაციის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობა.
როგორ ვრცელდება კორონავირუსი?
- წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით.
- თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით.
- დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით: შეხება, ხელის ჩამორთმევა.
- იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენ ხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას კორონავირუსი ზედაპირებზე, თუმცა, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათს. მარტივ სადეზინფექციო საშუალებებს შეუძლიათ ვირუსის განადგურება, რის შემდეგაც აღარ ხდება ადამიანების ინფიცირება.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ როდის უნდა გამოიყენოთ ნიღაბი:
- ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვლის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულს.
- თუ ახველებთ და აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი.
- ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცველი ხსნარით, ან საპნითა და წყლით.
- ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირისა და პირის მიდამოს. დარწმუნდით, რომ ნიღაბი მჭიდროდაა მორგებული სახეზე.
- მოხმარებისას არ შეეხოთ ნიღაბს. შეხების შემთხვევაში კი დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან სპირტის შემცველი ხსნარით.
- არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღაბი განმეორებით.
- მოიხსენით ნიღაბი უკანა თასმის მეშვეობით (არ შეეხოთ ნიღბის წინა მხარეს).
- მოხსნისთანავე გადააგდეთ უახლოეს დახურულ ნაგვის ურნაში. შემდეგ კი დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან სპირტისშემცველი ხსნარით.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID-19, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 121 250 ადამიანის ინფიცირების შემთხვევა. აქედან ჩინეთზე 80 967 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა სიმრავლით მეორე ადგილზეა იტალია — 10 149 დაავადებულით. სულ გარდაიცვალა 4369 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 66 234 პაციენტი.