თბილისი, 11 მარტი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს მზადყოფნას, შეასრულოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია კორონავირუსის აფეთქების გამო, განაცხადეს საპატრიარქოს პრეს–სამსახურში.
კერძოდ, ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში ჩატარდება დეზინფექცია, რისთვისაც საპატრიარქომ სპეციალური ხსნარი შეუკვეთა. რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, ისინი ისედაც სპირტზე დამზადებული ვარდის წყლით იწმინდება.
11 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადების 24 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდა ამისა, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ დაადასტურა, რომ დაავადებულთა შორის არის 12 წლის მოზარდიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.
კორონავირუსის პრევენციის სამთავრობო ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, კარანტინში იმყოფება 298 ადამიანი, სტაციონარებში კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი.
კორონავირუსის გამო საქართველოში შეწყდა ავიამიმოსვლა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანში და ირანიდან მოგზაურთათვის ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადდა სავალდებულო კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.
ქვეყანაში 16 მარტიდან შეწყდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. არ მუშაობს თეატრები და მუზეუმები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასობრივი თავშეყრის ადგილები მუდმივად მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.
ხელისუფლება აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, მოუწოდებს 14-დღიანი თვითიზოლაციისკენ, დანარჩენებს კი საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ.