ჩვენ დავინტერესდით, როგორი ვითარებაა ამ სფეროში ჩვენს სახელმწიფოში. როგორაა დაცული საქართველოში პერსონალური მონაცემები, რა მექანიზმები არსებობს და როგორ მუშაობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – „Sputnik-საქართველოს" ამ და სხვა კითხვებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორების ზედამხედველობის დეპარტამენტის აუდიტორმა ბექა ქენქაძემ უპასუხა.
- უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, როგორ იცავენ პერსონალურ მონაცემებს საქართველოში, რა ევალება სახელმწიფო ინსპექტორს და როგორ ხორციელდება კონტროლი?
- სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების გაკონტროლებაა. შესაბამისად, ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო ინსპექტორი სხვადასხვა ქმედებას ასრულებს – კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს, იხილავს განცხადებებს, სწავლობს და ინსპექტირებას უწევს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას.
რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხს, ეს კომპლექსური საკითხია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი და აქტიური საქმიანობის წყალობით ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ: დღეს არსებობს ტენდენცია იმისა, რომ საქართველოში პერსონალური მონაცემები გაცილებით მეტი სიფრთხილით მუშავდება, ვიდრე ადრე. ამ საკითხს ახლა მეტ ყურადღებას აქცევენ. მოქალაქეებიც უფრო ხშირად მოგვმართავენ.
რაც შეეხება სამუშაო პროცესს, ინსპექტორი მოქმედებს განცხადებების ფარგლებში, რომლებიც მოქალაქეებისგან შემოდის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ მოქალაქეებს არ სურთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წერილის, განცხადების გაგზავნა, მათ შეუძლიათ სამსახურს მიმართონ ელექტრონულად, ტელეფონის ან ვებ-გვერდის მეშვეობით.
- რა არის სახელმწიფო ინსპექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დღეს?
- საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორს საკუთარი ინიციატივით შეუძლია კერძო ან საჯარო დაწესებულების შემოწმება. ეს ინსპექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ბოლო წლებში ასეთი გეგმური შემოწმებები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა. მაგალითად, შემოწმდა საქართველოს ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდები. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, მაგრამ იყო რამდენიმე ვებ-გვერდი, რომლებზეც მომხმარებლები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. შემოწმების შედეგად პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების, მათი დამუშავების პრინციპების დარღვევის შემთხვევები გამოვლინდა.
ამ ვებ-გვერდების ადმინისტრაციამ მიიღო კონკრეტული რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განაგრძონ მუშაობა. შემოწმდა ასევე სასტუმროები, სამართალდამცველი ორგანოები, პოლიკლინიკები, საჯარო სკოლები, სადაც არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხებს ვსწავლობთ.
ფულის ონლაინ-ქურდობა: საქართველოს მოსახლეობას ახალ კიბერსაფრთხეებზე აფრთხილებენ>>
მაგალითად, საჯარო სკოლების შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის, ვიდეოთვალთვალის სისტემების დამონტაჟება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა საპირფარეშო ან პირადი ჰიგიენის ოთახები. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სკოლები დაავალდებულეს, შეეწყვიტათ უკანონო ქმედება და მოეხსნათ კამერები ასეთი ადგილებიდან.
- რა შემთხვევაში უნდა მიმართონ მოქალაქეებმა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს?
- ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა ამ კითხვაზე რთულია. მაგრამ გეტყვით, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ, როდესაც ჩათვლიან, რომ მათ პირად სივრცეში ზედმეტად ერევიან. მაგალითს მოგიყვანთ, რათა უფრო მარტივად გაიგოთ, რას ვგულისხმობ.
დავუშვათ, წახვედით სავაჭრო ცენტრში, შეხვედით მაღაზიაში და აღმოაჩინეთ, რომ გასახდელში დამონტაჟებულია კამერა. ბუნებრივია, იგრძნობთ დისკომფორტს და არასწორად ჩათვლით ვიდეოთვალთვალის კამერის გასახდელში დამონტაჟებას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართოთ. მოსვლა აუცილებელი არც არის, შეიძლება ამ კამერის ფოტოზე აღბეჭდვა და შემთხვევის ადგილის მითითებით ჩვენთან შეტყობინების გამოგზავნა. ჩვენი სამსახური საკითხს შეისწავლის.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ის ეხება ე.წ. პირდაპირ მარკეტინგს, როდესაც სხვადასხვა კომპანიისგან სარეკლამო ტექსტურ შეტყობინებას იღებთ. მოგეხსენებათ, ამ გაუთავებელი შეტყობინებებით ბევრი მოქალაქე წუხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, საიდან აქვს ამა თუ იმ კომპანიას, რომელთანაც მას არასდროს ჰქონია შეხება, მათი ტელეფონის ნომერი. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები მოგვმართავენ ხოლმე და, რასაკვირველია, ჩვენ პროცესს ვსწავლობთ.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მუშაობის პერიოდში?
- იცით, ყველა შემოწმება, მით უმეტეს, მუშაობის საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო შემთხვევები, როდესაც რთულ ტექნოლოგიებში გარკვევა გვიწევს, რათა შემოწმება სრულფასოვანი იყოს. ასე რომ, რომელიმე შემთხვევის გამოყოფა გამიჭირდება, ყველა შემოწმება მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ეხება.
- კონკრეტულად რა მიიჩნევა პერსონალურ მონაცემებად და როგორ უნდა მიხვდნენ მოქალაქეები, რომ კანონი დაირღვა?
- მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ფიზიკური პირის იდენტიფიკაციას უკავშირდება. პირის სახელი, რასაკვირველია, პერსონალური მონაცემია. მაგრამ მხოლოდ სახელით ხომ ვერ დავადგენთ, ვისზეა საუბარი. მაგრამ თუ სახელს დავუმატებთ გვარს, სამუშაო ადგილს და ა.შ., უკვე მეტ ინფორმაციას გავიგებთ. მოქმედი კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემებს ორ კატეგორიად ჰყოფს – ჩვეულებრივ და განსაკუთრებულ მონაცემებად.
მონაცემები, რომლებიც უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნასამართლობას, სქესობრივ ცხოვრებას, რელიგიურ მრწამსს და ა.შ., განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება და მათ დასაცავად მეტი მექანიზმი მოქმედებს. დანარჩენი მონაცემები ჩვეულებრივ მონაცემთა კატეგორიას განეკუთვნება.
რაც შეეხება საკითხს, თუ რა შემთხვევაში მიიჩნევა ესა თუ ის ქმედება დარღვევად, კვლავ მაგალითს დაგისახელებთ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვიდეოთვალთვალი დაშვებულია კონკრეტული მიზნით – უსაფრთხოების, საკუთრების დაცვის, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, საიდუმლო ინფორმაციისა და საგამოცდო ტესტების დაცვის მიზნით. ყველა სხვა შემთხვევაში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა.
როდესაც ვიდეოთვალთვალის კამერას ამონტაჟებენ გასახდელში, ეს კანონის დარღვევაა. ეს პირდაპირ მიუთითებს პერსონალური მონაცემების დარღვევაზე. ზემოთ ვახსენე პირდაპირი მარკეტინგი. როდესაც ამა თუ იმ კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებებს იღებთ – ეს დარღვევა არ არის, მაგრამ თუ ამ შეტყობინებებს იღებთ SMS-OFF რეჟიმის გარეშე და არ გეძლევათ კონკრეტული შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობა, მაშინ ეს დარღვევაა და თქვენ თამამად შეგიძლიათ მოგვმართოთ.
- რა სანქციები მოქმედებს სამართალდარღვევის შემთხვევაში?
- სანქციები ორ კატეგორიად იყოფა – გაფრთხილება და ფულადი ჯარიმა. რომელი მათგანი გამოიწერება, ეს ინდივიდუალურ გარემოებებზეა დამოკიდებული – სამართალდარღვევის ხასიათზე, ინტენსივობაზე, ამა თუ იმ დარღვევით გამოწვეულ ზარალზე და ა.შ. ჯარიმა 100 ლარიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაჯარიმება ინსპექტორისთვის პრიორიტეტი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გააცნობიეროს, რას ნიშნავს პერსონალური მონაცემები და როგორი სიფრთხილით უნდა მოეპყროს მას.
- როდის ამუშავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოში და რამდენი თანამშრომელი ჰყავს დღეს?
- დღეისათვის ჩვენთან ასამდე თანამშრომელია. 2011 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", 2013 წელს კი ჩამოყალიბდა პერსონალური მონაცემების ინსპექტორის აპარატი, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად აფართოებდა თავის ფუნქციებს და აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვან მოთამაშედ ყალიბდებოდა. 2018 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ". გაუქმდა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, აპარატის უფლებამოსილება გადაეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც 2019 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება. 1 ნოემბრიდან მას დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც საგამოძიებო მიმართულებაა.
სახელმწიფო ინსპექტორებს უფლებამოსილება გაეზარდათ>>
- რამდენი დარღვევა დაფიქსირდა? როგორია ბოლო მონაცემები და რა ტიპის დარღვევებია ყველაზე ხშირი?
- ყველაზე ხშირად დარღვევები ვიდეოთვალთვალისა და პირდაპირი მარკეტინგის კუთხით გვხვდება. რაც შეეხება დარღვევების რაოდენობას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ანგარიში პარლამენტს მარტში უნდა წარუდგინოს. სწორედ მაშინ გაირკვევა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. ახლა მონაცემები მუშავდება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მომზადებულია ახალი კანონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, კერძოდ, მოქალაქეთა უფლებების გაძლიერებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ახალი კანონის თანახმად, კომპანიები, დაწესებულებები და ის პირები, რომლებიც პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე აგებენ პასუხს, ვალდებული იქნებიან, დანიშნონ ოფიცრები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ექნებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ინციდენტი მოხდება, მაგალითად, კიბერშეტევა, კომპანიები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეატყობინებენ და არ დასჭირდებათ ლოდინი, როდის მივალთ გეგმურ შემოწმებაზე.
- როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს მეტი ინფორმაციის მიღება პერსონალური მონაცემების დაცვაზე?
- ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში. სწორედ ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენს ოფისში მოსვლა და მონაწილეობის მიღება ტრენინგებში, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს ეხება. ყველა მსურველს შეუძლია რეგისტრაციის გავლა ჩვენს ვებ-გვერდზე და ტრენინგზე მოსვლა. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.