საქართველოში კრიმინალი არ იზრდება, მხოლოდ დანაშაულის აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში.
საქართველოში დანაშაული 50%-ით გაიზარდა >>
მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პარლამენტში, რათა პასუხი გაეცა ოპოზიციის კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა 2018 წელს საქართველოში დაფიქსირებულ დანაშაულთა რიცხვი 54%-ით წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
„თქვენი მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე. მათ შორის, ზოგადად, შეიცვალა მიდგომა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ და იგი გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭირვალე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, 2012 წლიდან დანაშაულის აღრიცხვიანობის მიდგომა და მეთოდოლოგია შეიცვალა. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდა.
„სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54 პროცენტით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით. ქვეყანაში რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მან დასძინა, რომ მკვლელობის მაჩვენებელი არ შეცვლილა, ყაჩაღობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება კი საგრძნობლად შემცირდა.
„დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გაზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა დანაშაული“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მან მიუთითა, ქურდობისა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებების სტატისტიკის ზრდა გამოწვეულია აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებით.
გახშირებული ქურდობის ფაქტები: ნათია მეზვრიშვილმა მიზეზები დაასახელა >>
„მინდა მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ხოლო დანაშაულის ჩამდენმა კანონით დადგენილი წესით ადეკვატური პასუხი მიიღოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადრე პოლიცია ნაკლებად არეგისტრირებდა ისეთ დანაშაულებს, რომელთა გახსნის პერსპექტივა დაბალი იყო.
„ეს იყო მავნე პრაქტიკა, ეს იყო თავის მოტყუება, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. თუ დააკვირდებით დანაშაულის ტიპოლოგიურ სტრუქტურას, კარგად ჩანს, რომ, მაგალითად, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 62 პროცენტი მოდის სწორედ იმ დანაშაულებზე, რომელთა რეგისტრაციაც ადრე ნაკლებად ხდებოდა და დღეს სრულფასოვნად რეგისტრირდება. ლოგიკურია, რომ ამიტომაც გაიზარდა მუქარის, ნივთის დაზიანების, თვითმკვლელობამდე მიყვანის მაჩვენებლები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან აღიარა, რომ ქვეყანაში პრობლემები არსებობს.
„რა თქმა უნდა, არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ და დიახ, ეს არის სერიოზული პრობლემა. თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ეგრეთ წოდებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკამ - „ყველანი ციხეში!", - აღნიშნა პრემიერმა.
ხელისუფლება არასაპატიმრო სასჯელს უფრო ეფექტურს გახდის >>
ამასთან, მამუკა ბახტაძემ დასძინა, რომ საქართველოში დანაშაულთან ბრძოლა არასდროს წარიმართება ადამიანის უფლებების დაცვის ხარჯზე.
„კრიმინალს ჩვენ ვუპირისპირებთ კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე და ის არასოდეს მოხდება საქართველოში - მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია არსებული მდგომარეობის რეალურად შეცვლა და გამოსწორება“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა ატარებს არაერთ რეფორმას, მათ შორის დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.
„ჩვენ ვაგრძელებთ დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის უსაფრთხოება“, - დაასკვნა მთავრობის მეთაურმა.