გახშირებული ქურდობის ფაქტები: ნათია მეზვრიშვილმა მიზეზები დაასახელა

გამოწერა
მსგავსი დანაშაულების ზრდის მიზეზებს შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში სოციალური ფონი დაასახელა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში ქურდობის შემთხვევები გაიზარდა და ხელისუფლება მასთან ბრძოლის მექანიზმებს შეიმუშავებს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

თბილისი მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების ოცეულში მოხვდა>>>

საქართველოში ქურდობის შემთხვევების ზრდაზე მეტყველებს როგორც შსს-ს სტატისტიკური მონაცემები, ისე საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციები. ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის ქურდობის ფაქტი. ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა დამნაშავე ერთ დღეში დააკავეს.

„საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. დანაშაულის ზრდის 80% სწორედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე მოდის და ძირითადად ეს არის ქურდობა, მათ შორის, ეს არის წვრილმანი ქურდობა ჩადენილი არასრულწლოვნების მიერ", – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ თბილისში ბინის და მანქანის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი

მსგავსი დანაშაულების ზრდის მიზეზებს შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში სოციალური ფონი დაასახელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მიზეზის აღმოფხვრაზე მუშაობს.

„მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის არის სოციალური ფონი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. იქ, სადაც მიდგომის გამკაცრებაა საჭირო, ჩვენ ვამკაცრებთ, მაგრამ რიგ შემთხვევებში მიზეზი სოციალური ფონია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააზრებული იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკა. მთლიანობაში, ასეთი დანაშაულის გახსნა რთულია, რადგანაც იგი ფარული ხასიათისაა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გახსნისთვის პრაქტიკული მექანიზმები დავნერგოთ, მაგალითად, როგორიცაა კამერების დამონტაჟება მთელი საქართველოს მასშტაბით", – განაცხადა მეზვრიშვილმა.

სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის იანვარში დაახლოებით 5,8 ათასი დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 2018 წლის იანვართან შედარებით 30,93%-ით მეტია. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარში ქურდობის დარეგისტრირებული ფაქტების რაოდენობა 35,06%-ით არის გაზრდილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0