თემურ იოსელიანი
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ერთობ უცნაური ეკონომიკური პოლიტიკა აქვს არჩეული: ახალ-ახალი რეგულაციების შემოღება ლამის წესად იქცა. შედეგიც სახეზეა – ეკონომიკის ზრდის ტემპი აგვისტოში 2%-მდე დაეცა.
„ქართული ოცნების“ წინამორბედები ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად გარდა იმისა, რომ მაქსიმალური დერეგულირების პოლიტიკას ირჩევდნენ, ინვესტორების მოსაზიდად და ქვეყნის ვალებში ჩაგდებისგან თავდასაცავად კონსტიტუციის დონეზე ერთგვარ გარანტიებზეც მუშაობდნენ. სწორედ ასეთი გარანტიაა ჯერ კიდევ მოქმედი ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, იგივე „თავისუფლების აქტი“, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლშია ასახული.
სწორედ დასახელებული კანონის ნაბიჯ-ნაბიჯ გაუქმებას ცდილობს „ქართული ოცნება“. მმართველმა ძალამ ჯერ კიდევ შარშან, ახალი კონსტიტუციის მიღებისას სცადა კანონის გაუქმება, თუმცა, საკუთარ გუნდშიც აღმოჩენილი წინააღმდეგობის შემდეგ „თავისუფლების აქტს“ მოქმედების ვადა დაუწესა და 2017 წელს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებიდან 12 წელიწადში ძალადაკარგულად გამოაცხადა. სექტემბერში კი ცნობილი გახდა, რომ „თავისუფლების აქტში“ ხელისუფლება ცვლილებების შეტანას მანამდეც აპირებს. კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.
კიდევ ერთხელ – რას ნიშნავს „თავისუფლების აქტი“
„თავისუფლების აქტის“ ავტორებისთვის კანონის მიღების მთავარი მიზანი იყო ინვესტორებისთვის იმის გარანტიების მიცემა, რომ არათუ ახლო მომავალში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო იქნება.
მაგალითად, მთავრობას არ ექნება გადასახადების გაზრდის უფლება რეფერენდუმის გარეშე. აგრეთვე, „თავისუფლების აქტის“ თანახმად, არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა მშპ-ის 30%-ს გადააჭარბოს. ასევე განსაზღვრულია, რომ არ შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე მეტი იყოს და, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სახელმწიფო ვალი არ შეიძლება მშპ-ის 60%-ს აღემატებოდეს.
მარტივად რომ ვთქვათ, კანონით არ შეიძლება ბიუჯეტიდან ფულის ზედმეტი ფლანგვა, არ შეიძლება იმაზე მეტის დახარჯვა, ვიდრე შემოსავალია. ასევე შეზღუდულია მთავრობის მისწრაფება – ისესხოს ფული და ვალით დააფინანსოს სხვადასხვა პროექტები. სწორედ ამ პრინციპების გამო „თავისუფლების აქტი“ ბევრს არ მოსდიოდა თვალში კანონის მიღების დღიდან და მით უმეტეს არ სიამოვნებთ დღეს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი შეზღუდვები ერთგვარ ლიმიტებს უწესებს დღევანდელ ხელისუფლებას.
რას ცვლიან „თავისუფლების აქტში“
კანონპროექტის თანახმად, „თავისუფლების აქტში“ რამდენიმე ცვლილებაა დაგეგმილი. მათ შორის გამორჩეულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ვალის „ჭერის“ ირიბად გაზრდა. უფრო კონკრეტულად, აქამდე არსებული ნორმით, სახელმწიფო ვალის შეფარდებამ მშპ-ის მიმართ არ შეიძლება 60%-ს გადააჭარბოს. სახელმწიფო ვალი იანგარიშება ეროვნული ბანკის ვალთან ერთად. ცვლილების შემთხვევაში კი სახელმწიფო ვალის ნაცვლად მხოლოდ მთავრობის ვალზე დარჩება 60%-იანი შეზღუდვა. შესაბამისად, სახელმწიფო ვალის ზრდის შესაძლებლობა გაჩნდება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ დღემდე სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის მიმართ 44.6%-ზე მეტი არასოდეს ყოფილა. ამიტომ დაგეგმილი ცვლილება უფრო სამომავლოდ ხელ-ფეხის გახსნაა ვალის ასაღებად. როდის გამოიყენებს ამ საშუალებას ხელისუფლება, ეს თავად უკეთ იციან.
მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი „თავისუფლების აქტით“ დადგენილი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობის დროებით გაზრდაზეც. როგორც აღვნიშნეთ, დღეს მოქმედი ნორმით, ბიუჯეტის დეფიციტი არ შეიძლება 3%-ზე მაღალი იყოს. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ბიუჯეტის წლიური შემოსავალი 100 ლარითაა განსაზღვრული, მთავრობას არ აქვს უფლება 103 ლარზე მეტი ხარჯით დაგეგმოს წლის ბიუჯეტი. მაგრამ ახალი ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება დეფიციტის ზღვარმა მოიმატოს. „თავისუფლების აქტს“ 2025 წლამდე საგამონაკლისო შემთხვევა ემატება, როცა მთავრობას, არაუმეტეს 3 წლის ვადით, უფლება აქვს ბიუჯეტი 3%-იან ზღვარზე მაღალი დეფიციტით დაგეგმოს.
აღნიშნული გამონაკლისის მიზეზი მთავრობის მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმაა, რომლის დაფინანსების წყარო სახელმწიფო ვალის აღება იქნება. ამ ნორმის დამტკიცების შემთხვევაში მთავრობას უფლება ექნება განათლების რეფორმისთვის იმაზე მეტი დახარჯოს, ვიდრე „თავისუფლების აქტით“ არის დადგენილი. კანონპროექტში მითითებულია, რომ ამ უფლებამოსილების გამოყენება შესაძლებელია არაუგვიანეს 2025 წლისა, ერთჯერად და არაუმეტეს 3 წლის ვადით. ეკონომისტი გიორგი პაპავა პორტალ on.ge-სთან ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში 2019-2022 წლების ბიუჯეტის მოსალოდნელი დეფიციტები 3%-ს არ სცდება, ამიტომ ეს ცვლილებაც ერთობ გაუგებარი ჩანს.
კანონპროექტით შემოდის კანონით დადგენილი ზღვრების დარღვევით ბიუჯეტის დაგეგმვის საგამონაკლისო შემთხვევები. მოქმედი კანონით, ბიუჯეტის მომზადება დაწესებული ზღვრების დარღვევით შესაძლებელია მხოლოდ საომარი/საგანგებო მდგომარეობის დროს და ეკონომიკური რეცესიის შემთხვევაში. პარლამენტში ინიცირებული ცვლილების პროექტში ზღვრებისგან თავის არიდებით ბიუჯეტის დაგეგმვა ეკონომიკური ზრდის „შენელება/რეცესიის“ დროსაც იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის „შენელება/რეცესიად“ მიჩნეულია ეკონომიკური ზრდის ისეთი მდგომარეობა, როცა სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ზედიზედ ბოლო ორი კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალებთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია და ნაკლებია, ვიდრე გასული 10 წლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი.
აქციზის გადასახადი
როდესაც საქმე „თავისუფლების აქტს“ ეხება, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ბოლო წლებში გაზრდილი გადასახადების განაკვეთები, უფრო კონკრეტულად – აქციზის გადასახადი. კანონში ჩაწერილი დებულება – რომ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან არსებული გადასახადის განაკვეთების ზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმით, ერთი გამონაკლისით დამტკიცდა. კერძოდ, შეზღუდვა არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე.
თავის დროზე „თავისუფლების აქტში“ ეს მნიშვნელოვანი კომპრომისი მაშინდელმა უმრავლესობამ კანონის ავტორებთან „გაიტანა“. სწორედ ამ გამონაკლისმა მისცა საშუალება მთავრობას, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან აქციზის გადასახადები გაეზარდა. ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულებამ ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე მოიმატა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე – 80-დან 200 ლარამდე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩანს ერთი რამ – ხელისუფლებას არ მოსწონს შეზღუდვები არც გადასახადების განაკვეთების ზრდაში და არც ბიუჯეტის დეფიციტის ნაწილში. შესაბამისად, რაც მეტ ბარიერს მოხსნიან, მით მეტად ეცდებიან სახელმწიფო ვალის ზრდას. ეს კი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!