თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მწვავე სავაჭრო დეფიციტს ქართული ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი" უწოდა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46,3%-ს წარმოადგენს.
ბახტაძის აზრით, ქვეყნის ავტოპარკის შეცვლა ელექტრომობილების სასარგებლოდ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს, რომლებიც დგას ქვეყნის წინაშე და განამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.
„ჩვენ, ფაქტობრივად, სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლით ვაჭრობის ნაწილში, ვიდრე ვახორციელებთ ექსპორტს, და იმპორტის ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს საწვავზე. ელექტრომობილებით შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიას და ამასთანავე ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, ვინაიდან ამ პროექტით მნიშვნელოვნად შემცირდება ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში", – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის წინ ბრიფინგზე.
ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეღავათები დაწესდება ლიზინგზე, რომლის თანახმად, მომხმარებელი შეიძენს ელექტრომობილს და საწვავის ეკონომიის ხარჯზე ხუთწლიან ვადაში ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე გამოისყიდის.
უფრო ადრე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90%-ს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ. საქართველო, შესაბამისად, პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში შეძლებს თავისი ავტოპარკის ელექტრომობილებით შეცვლას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ უკვე მიანიჭა უპირატესობა ელექტრომობილებს. იმპორტის შემთხვევაში ისინი, ფაქტობრივად, არ ექვემდებარებიან განბაჟებას. ამასთანავე ხელისუფლება გეგმავს ელექტროტრანსპორტისა და ტრადიციული ავტომობილების განბაჟების ნაწილში სხვაობის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდას.