თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ Doing Business-2019-ის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის მეექვსე პოზიცია დაიკავა. Doing Business ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მოხსენებაში.
ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველო საუკეთესო გარემოა რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, სინგაპური და ახალი ზელანდია.
ქვეყანა | ადგილი |
ახალი ზელანდია | 1 |
სინგაპური | 2 |
სამხრეთ კორეა | 5 |
საქართველო | 6 |
აზერბაიჯანი | 25 |
ყაზახეთი | 28 |
რუსეთი | 31 |
ბელარუსი | 37 |
სომხეთი | 41 |
თურქეთი | 43 |
ანგარიში მომზადებულია 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით. ეს ინდიკატორები ეკონომიკური შედეგების ანალიზისთვის და ბიზნესის რეგულირების სფეროში წარმატებული რეფორმებისთვის გამოიყენება.
Doing Business-2019-ის მოხსენებაში საქართველომ ცალკეულ კატეგორიებში შემდეგი ადგილები დაიკავა:
კატეგორია | ადგილი |
საწარმოს რეგისტრაცია | 2 |
მშენებლობის ნებართვის მიღება | 27 |
ელექტრომომარაგების სისტემაში ჩართვა | 39 |
საკუთრების რეგისტრაცია | 4 |
კრედიტების გაცემა | 4 |
მინორიტარული ინვესტორების დაცვა | 2 |
გადასახადები | 16 |
საერთაშორისო ვაჭრობა | 43 |
კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა | 8 |
გადამხდელუუნარობის დაშვება | 60 |
გასულ რეიტინგთან შედარებით საქართველომ თავისი მდგომარეობა სამი პოზიციით გააუმჯობესა. ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან მერსი ტემბონთან ერთობლივ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა.
„ეს ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას ასეთ მნიშვნელოვან და პრეტისჟულ საერთაშორისო რეიტინგებში", – განაცხადა ბახტაძემ.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამბიციური გეგმები აქვს და უახლოეს წლებში საქართველო ამ რეიტინგის პირველ ხუთეულში უნდა აღმოჩნდეს.
პოზიტიურადაა განწყობილი ასევე მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.
„გასული წლის რეიტინგში საქართველო იყო მე-9 ადგილზე, ხოლო წელს მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. იმედი გვაქვს, საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო დაწინაურდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მან შეინარჩუნა ძლიერი პოზიცია პირველ ათეულში", – განაცხადა მან.
ტემბონის განცხადებით, რეიტინგში საქართველოს მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკისა და ბიზნესის წარმოების გამარტივების სფეროში გატარებულ რეფორმებს უკავშირდება.