ვინ უფრო მეტად ეზიზღებათ საქართველოში − „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელი "შემთხვევითობა" თუ პოლიტიკური პროცესის კანონზომიერი შედეგი, ვინ და რატომ უთხრა „ოცნებას“ უარი, ჩვენი დროების მთავარი გამოცანა: რა უფრო სირცხვილია – ბიძინას დარჩენა თუ მიშას დაბრუნება?..

გადაწყვეტილება მიღებულია, დასათვლელი უკვე დათვლილია, წილი ნაყარია! ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიღმა ცალსახად იკითხება მმართველი პარტიის კრახი! სულ ცოტა, პოლიტიკურად ბეცი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რა ქარიშხალმა გადაუარა პოლიტიკურ ველს და სალომე ზურაბიშვილის არასრული ერთპროცენტიანი უპირატესობით ინუგეშო თავი.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში - OSCE, PACE და სხვა ორგანიზაციების შეფასებები

ერთი სიტყვით, ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის სინდრომით შეპყრობილი მეოცნებეთა ხელისუფლებისთვის რიგით მეექვსე საარჩევნო პროცესის მოგების მცდელობა ჯერჯერობით უსუსური აღმოჩნდა. რატომ ჯერჯერობით? - შესაძლოა, ჩამეძიოს ოპოზიციურ პარტიათა ერთობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წარმატებით გაყოყოჩებული მკითხველი. ხუმრობა ნამდვილად არ არის – ექვსი წლის წინ ქართული პოლიტიკიდან პრაქტიკულად პანღურით განდევნილი მიხეილ სააკაშვილის დანიშნული კანდიდატის შედეგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამის მოლოდინი იყო, მავანთა შეფასებით, შთამბეჭდავიც კი.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა

მიუხედავად ამისა, წინ მეორე ტურია და ძნელია წინასწარ გათვალო რა მოხდება ერთი თვის შემდეგ, ვინ როგორ შეხვდება გადამწყვეტ ეტაპს, რა ხასიათზე იქნება მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი და ა.შ. მანამდე კი ბრალდებულმა, ქვეყნის რიგით მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეძლო მთავარი, კერძოდ, სახელმწიფო თუ სასამართლო ბიუროკრატიის თვალში დაამსხვრია ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი. ელექტორატმა მიიღო ძალზედ მკაფიო გზავნილი, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება დაბრუნდეს.

ვიდრე მეორე ტურში კანდიდატების შანსებს გავთვლიდეთ, ორიოდე სიტყვა ვთქვათ სასტიკი მარცხის მიზეზებზე. პირველი, რაც უმალ მახსენდება, ეს არის მმართველი პარტიის დროში გაწელილი ყოყმანი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წამოყენება–არწამოყენების თუ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერის საკითხზე.

გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი: ეს იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები

ახლა არავინ დაუშვას, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ფიქრის გამო ვკიცხავ. ფიქრი კარგია და საჭიროც, თუ ამის უნარი გაქვს და თანაც თუ ნაფიქრალს მერე ვინმე იჯერებს. ხშირად გადაწყვეტილების მიღებისას სისხარტეა საჭირო. მმართველმა პარტიამ კი დააგვიანა. მაშინ, როცა ძირითადი ოპონენტები უკვე კარდაკარ დადიოდნენ და ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობდნენ, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ კიდევ ბჭობდნენ. გაჭიანურებულმა გადაწყვეტილებამ − არ წამოეყენებინათ საკუთარი კანდიდატი და პარტიული აქტივით თუ ფინანსებით მხარი დაეჭირათ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, დააბნია და გააბრაზა მმართველი პარტიის ელექტორატი.

ხმების დათვლა არჩევნებზე - Sputnik საქართველო
ხმები დათვლილია – ცესკო არჩევნების შედეგებს აქვეყნებს

ისიც ცნობილია, რომ მეოცნებეთა შორის არც ამ „დამოუკიდებელი კანდიდატის“ გარშემო იყო ერთსულოვნება. საზოგადოებაში სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატობის მითი სულ მალე დაიმსხვრა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ხელისუფლების საპრეზიდენტო ოცნებად იქცა.

ყოფილ ემიგრანტს ოპონენტები მშობლიური ენის ცოდნასა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას უწუნებენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ისინი, ვინც ათი წლის წინ ვერ მოახერხა, სულ ცოტა, პროვოკაციისთვის აერიდებინა თავი. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციაზე გადიოდა. „ნაციონალური შეფერილობის“ პარტიებისთვის ამ ქალბატონის შესაძლო გაპრეზიდენტება ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად შეფასდა. მმართველი გუნდის არჩევანით გაბრაზებულთა წრე სულ უფრო გაიზარდა, ოპოზიციამ მიზნად დაისახა და ნაწილობრივ შეძლო კიდეც სახელისუფლებო კანდიდატის მარგინალიზება. ამას მართლაც მოხერხება უნდოდა: სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც წლების მანძილზე ე.წ. პრორუსული პოლიტიკის მიმდევრობას ვერავინ დააბრალებდა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩრდილოელი მეზობლის ოცნებად შეიფუთა. სიძულვილზე აგებული აგრესიული საარჩევნო მარათონის მიწურულს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატსა და სირცხვილს გაუტოლდა... 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ელექტორატის დაბალმა აქტივობამ არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის სასარგებლოდ იმუშავა, რაც პირველი შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.  

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„გზავნილი მიღებულია": „ქართულმა ოცნებამ" შეცდომები აღიარა

მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო მისი მხარდამჭერი ელექტორატის მობილიზება. საარჩევნო ოლქების მიხედვით შედეგების ანალიზი შორს წაგვიყვანს, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ხელისუფლების საარჩევნო ხმების „ბეღელად“ წოდებულ რეგიონებშიც კი ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო...

რატომ? დაიღალა ხალხიო − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება... ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ექვსი წლის მანძილზე დაამყარა კონტროლი ყველა სახელისუფლებო შტოზე, უზრუნველყო საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ასევე დიდი უმრავლესობა ყველა მუნიციპალიტეტში, მთლიანად მოასუფთავა პოლიტიკური ველი, „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვა ყველა ასე თუ ისე გამოცდილი პოლიტიკოსი. ამ საყოველთაო „მიღწევების“ ფონზე მმართველმა პარტიამ თავი დაიმკვიდრა − უუნარობით და უსისტემობით, ქედმაღლობით და კორუფციისკენ მიდრეკილებით, არაპროფესიონალიზმითა და ღირებულებების არქონით, მზარდი სიღარიბითა და სოციალური გამოწვევებით...

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური და მოსალოდნელი პროცედურული ომი

ახლა არ შევჩერდები არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე მთავარი მეოცნების ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან გამართული „დუელის“ წვლილზე იმ შედეგში, რომელიც კვირა საღამოს დადგა. ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ პოლიტიკური წონით უკვე გაუთანაბრდნენ ერთმანეთს.

მოკლედ, სასტიკი მარცხის მიზეზი ბევრია და ყოველი მათგანი ცალკე პუბლიკაციის თემაა. ეს სტატიაც, მეტწილად, „ცხელ გულზე“ იწერება და შესაძლოა მოკლებული იყოს „ცივი გონებით“ ანალიზს. მიუხედავად ამისა, კარგად ჩანს, რომ ნახელისუფლარებმა პოლიტიკურ მენეჯმენტში აშკარად დაჯაბნეს ხელისუფლება.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე: ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გასამარჯვებლად

როგორია მხარეთა შანსები მეორე ტურში? გავითვალისწინოთ, რომ ელექტორატის ნახევარზე მეტი პირველ ტურში არჩევნებზე არ მოვიდა. მთავარი რესურსიც აქ არის და ვინც შეძლებს პოლიტიკოსებზე განაწყენებულთა შემორიგებას, საპრეზიდენტო სავარძელიც მას დარჩება… მარტივი არითმეტიკული გათვლები, უბრალოდ დაჯამება აზრს კარგავს. მეორე ტური იქნება პასუხი კითხვაზე − ვინ უფრო მეტად ეზიზღებათ და სძულთ საქართველოში − „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“, რა უფრო სირცხვილია და რისთვის უფრო მზად არის საზოგადოება − ერთხანს კიდევ დარჩეს ბიძინა თუ ახლავე დაბრუნდეს მიშა? არ გამიკვირდება, თუ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი მაინც უბანში მიიყვანს ამომრჩეველს...

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0