„გზავნილი მიღებულია": „ქართულმა ოცნებამ" შეცდომები აღიარა

გამოწერა
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველა სუბიექტურ ფაქტორზე პასუხისმგებლობას იღებს.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" სიგნალი გახდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ სწრაფი ტემპებით უნდა შეიცვალოს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია>>>

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. თუმცა, ცესკოს ბოლო მონაცემებით, ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა ხმების აუცილებელი რაოდენობის – 50%-ზე მეტის მიღება. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.

„საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით", – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, ძალაუფლების კონცენტრაციამ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს გადაჭარბებული თვითდაჯერება შემატა და, შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

ხმების დათვლის პროცესი - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ რეინკარნაცია დაიწყო?

„ჩვენ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება" ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია. გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას", – აღნიშნა კალაძემ.

რა თქმა უნდა, ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ და ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა, პრობლემებს აქვს ობიექტური მიზეზებიც, დასძინა მან.

„ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი", – განაცხადა კალაძემ.

ვინ აირჩია თბილისმა: სალომე ზურაბიშვილი VS გრიგოლ ვაშაძე>>>

მიუხედავად ყველაფრისა, კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ერთად ყველა გამოწვევას გადავლახავთ", – აღნიშნა კალაძემ.

საარჩევნო უბნების 99,97%-ის შედეგების დათვლის შემდეგ, ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 38,63%-ს, ხოლო მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე – 37,74%-ს. ამგვარად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ იღებენ ვერც დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, სალომე ზურაბიშვილი და ვერც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0