თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ყველა საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის ხუთ რაიონში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, დანარჩენ ხუთში კი გრიგოლ ვაშაძე.
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო დიდუბის, საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებში.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი სამგორის, ისნის, კრწანისის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობამ მიანიჭა უპირატესობა პრეზიდენტის პოსტზე.
ამ დროისათვის დათვლილია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების 99,57%. შედეგების თანახმად, ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 38,66%-მა მისცა ხმა, ხოლო ვაშაძეს – 37,7%-მა. შესაბამისად, დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
საბოლოო შედეგებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 17 ნოემბრისთვის (არაუგვიანეს) შეაჯამებს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ არჩევნების მეორე ტური გაიმართება.