თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესთა სექციაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ თაღლითობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც საკონსულო განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს „აფერისტების“ მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიანი ვიზების გაფორმებისთვის ფიქტიური მოწვევების მიყიდვის ფაქტები, რაც ოპერატორთან ურიგოდ შესვლის საშუალებას იძლევა.
საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აპირებს >>
ინტერესთა სექციის უფროსმა ევგენი კონიშევმა „Sputnik-საქართველოსთან“ განაცხადა, რომ შესაბამისი მიმართვა ხელისუფლებას 25 ივლისს გაეგზავნა.
კონიშევის თქმით, რუსეთის საკონსულო განყოფილების შენობასთან მუდმივად მოქმედებს პირთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეგნებულად ამწვავებს ვითარებას, ქმნის ალტერნატიულ რიგებს და ამით რუსული მისიის მუშაობას აფერხებს.
„ბოლო დროს კრიმინალური ელემენტების მხრიდან გახშირდა პროვოკაციები საკონსულო განყოფილების წინააღმდეგ. საუბარია „საქმოსნებზე“, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთში წასვლა სურთ, დიდი ფულის სანაცვლოდ ყალბ სავიზო და საკონსულო მომსახურებას უწევენ“, — განაცხადა კონიშევმა.
კერძოდ, 9 და 16 ივლისს აღნიშნული პირების მიერ მოწყობილი პროვოკაციების და უსაფრთხო გამშვები რეჟიმის უზრუნველყოფის დარღვევის შედეგად ხელოვნურად შექმნილი ჯგუფის (350-400 ადამიანი) უმართავი და აგრესიული ქმედებების გამო საკონსულო განყოფილების ფუნქციონირება იძულებით შეჩერდა.
„ამ მიზნით 25 ივლისს ვიმყოფებოდი ჩვენს კურატორთან — საქართველოში შვეიცარიის ელჩთან, გადავეცი მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასაცემად ნოტა, სადაც მოვითხოვეთ „სავიზო საქმოსნების“ თაღლითობის ფაქტების დეტალური გამოძიება და სექციის გარე პერიმეტრზე წესრიგის დამყარება. მანამდე ხელისუფლებას არაერთხელ მოვახსენეთ თაღლითების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ, რომელთა მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები ხდებიან“, — აღნიშნა კონიშევმა.
რა უპასუხა კვირიკაშვილის მიმართვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ >>
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „შუამავლები“ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მოწვევა, 350 დოლარად ვიზის გაკეთებას ურიგოდ სთავაზობენ, ხოლო თუ მათ ოფოციალური მოწვევა არ აქვთ, 500 დოლარის გადახდა მოუწევთ.
ინტერესთა სექციაში აცხადებენ, რომ „საქმოსნები“ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო სქემებით მოქმედებენ. მაგალითად, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე საკონსულოს ტერიტორიაზე ვიზის მისაღებად ადვილად მოხვდეს, „თაღლითები“ მას ასყიდებენ მოწვევის ყალბ ბლანკს, რომლითაც „საქმიანი“ ვიზა წინასწარი ჩაწერის გარეშე ფორმდება.
საკონსულო განყოფილების მისაღებში განმცხადებელი დოკუმენტების ერთ პაკეტს (ყალბს) ცვლის მეორით (რეალური), რომელიც იძლევა საფუძველს კერძო ვიზის მისაღებად, რომელიც ზოგადი წესით ფორმდება.
„მხოლოდ 17 ივლისს 11 ასეთი მოწვევა გამოვლინდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ეს მოწვევები წარადგინეს, განემარტათ, რომ ისინი მოტყუებულები არიან და მათ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართონ. გამოვიძახეთ პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და შესაბამისი შემოწმების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო“, — განაცხადა სექციის უფროსმა.
კონიშევი კატეგორიულად უარყოფს დიპლომატების კავშირს თაღლითებთან, რომლებიც მათ ნორმალურ მუშაობას ხელს უშლიან. ის ასევე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს არ აყვნენ საქმოსნებს და რუსული ვიზის მისაღებად დადგენილი წესების მიხედვით იმოქმედონ.
მისი თქმით, როდესაც ამ სფეროში კრიმინალური სისტემა მოქმედებს, რომლის წყალობით საქართველოს მოქალაქეები თავის რიგს აუტანელ პირობებში ელოდებიან, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების დახმარების გარეშე არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია.
მოსკოვმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა.
2008 წელს საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
2012 წლის დეკემბერში ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების ცალმხრივი გაუქმების შესახებ განაცხადა. იმ დროიდან ქართული მხარე რუსეთის ხელისუფლებისგან საპასუხო მოქმედებას ელოდება.
2015 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა.
პროცესის დაჩქარების მიზნით 2016 წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.