თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველო მონაწილეობის მიღებას გააგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც მიმართულია ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროებში პრობლემების გადაჭრისკენ, განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძემ, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წარადგინა მომავალი მთავრობის პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.
„საქართველო გააგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას, რომლებიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტისთვის“, — განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოსთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მისაღებია>>>
ბახტაძის სიტყვებით, მთავრობის ძალისხმევა მისი ხელმძღვანელობით მიმართული იქნება იქითკენ, რომ რიგ მიმართულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესი იქნას მიღწეული. მათ შორისაა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე უშიშროების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
ამასთან, ბახტაძის სიტყვებით, საქართველოს მთავრობა აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად მუშაობას.
ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, დისკუსიების თანათავმჯდომარეები კი ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები არიან.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შეიქმნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში განიხილება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უშიშროებისა და სტაბილურობის საკითხები, მეორეში — ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.
ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გეგმებზე ისაუბრა>>>
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.