თბილისში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეაფასეს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგების ჩატარებისთვის
საქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგების ჩატარებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაასახელა საქართველოსა და რუსეთის თანამშრომლობის სფეროები, სადაც დადებითი დინამიკა შეინიშნება.

პრაღაში გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.

„პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ითქვა, რომ ამ სფეროებში აღინიშნება დადებითი დინამიკა", — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
თამარ ხულორდავა: საქართველომ რუსეთთან კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოს

რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ლიდერი ქვეყნების სიაშია. ამასთანავე ყოველწლიურად იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 2011 წლის შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ. საქართველომ შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანია SGS-თან (Société Générale de Surveillance SA), რომელიც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის მონიტორინგს განახორციელებს, ხელი მოაწერა 2017 წლის დეკემბერში, ხოლო რუსეთმა — 2018 წლის 18 მაისს.

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს შეთანხმება კეთილსინდისიერად და საკითხის პოლიტიზაციის გარეშე შესრულდება.

აბაშიძე და კარასინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ საქართველოსთვის მოსკოვში ქვეყნის ყოფილი საელჩოს შენობის გადმოცემის შესახებ, რომელშიც ამჟამად საქართველოს ინტერესების სექციაა განთავსებული.

შეხვედრაზე ასევე შეეხნენ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს. ის ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად თავიდანვე გულის უკმარისობა დასახელდა, რაც შემდეგ რუსულმა სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა. გარდაცვლილის ცხედარი საქართველოს მხოლოდ ამის შემდეგ გადმოსცეს.

საქართველომ ამ ესპერტიზის დასკვნას უნდობლობა გამოუცხადა. ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვინც დაღუპულის ცხედარი ნახა, აღნიშნა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

„ითქვა, რომ ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაისაჯონ დამნაშავეები და ამ თვალსაზრისით არავის უნდა ჰქონდეს ქართული მხარისგან რაიმე კომპრომისის ილუზია", — აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. 2009 წლიდან შვეიცარია ასრულებს ქვეყნებს შორის შუამავლის როლს. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ინტერესების სექცია მუშაობს. საქართველოს ინტერესების დამცველი ანალოგიური სექციაა გახსნილი მოსკოვში.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების გარდა, მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

„ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთ ფორმატს კონფლიქტთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიზნით", — აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0