თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ახალი თავმჯდომარე, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პარტიის მეხუთე ყრილობაზე გამოსვლისას ქართულ-რუსულ ურთიერთობებს შეეხო.
საქართველოს პატრიოტები რუსეთთან მოლაპარაკებებში ოფიციალურ სტატუსს ითხოვენ >>
ივანიშვილმა, რომელიც უპირატესობას ყოველთვის კარჩაკეტილ ცხოვრებას ანიჭებდა, თითქმის ხუთი წლის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა.
„ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლიტიკაში დაბრუნება ივანიშვილს სთხოვეს პარტიის ლიდერებმა, მანამდე ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილმა კვირიკაშვილი შეცვალა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში არჩევნების შედეგად 2012 წელს მივიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.