თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. 2018 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მარტის ბოლოს „საქსტატმა" წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, იანვარ-მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა.
მიმდინარე ფასებით მშპ-მ 2018 წლის იანვარ-მარტში დაახლოებით 3,68 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში დეფლატორმა 4,3% შეადგინა.
2018 წლის პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა — 13,4%, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება — 13,4%, სამთომოპოვებითი მრეწველობა — 11,4%, რესტორნები და სასტუმროები — 10,9%. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება — 10%, საფინანსო საქმიანობა — 9,1%, მშენებლობა — 8,7%, გადამამუშავებელი მრეწველობა — 6,6%, განათლება — 5,2%, ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი — 5,1%.
რა ფაქტორები მოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე>>>
აღნიშნულ პერიოდში კლება დაფიქსირდა შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებისა (-3%) და სოფლის მეურნეობის (-2,2%) სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში დიდი ადგილი უკავია შემდეგ სფეროებს: ვაჭრობა — 16,9%; მრეწველობა — 16,6%; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა — 10,3%; მშენებლობა — 8,9%; სახელმწიფო მმართველობა — 7,9%; სოფლის მეურნეობა და თევზჭერა — 7,5%; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა — 6,7%, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება — 6,7%.
საქართველოში 2018 წელს 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო დაგეგმილი. საქართველოს მშპ-მ 2017 წელს 5% შეადგინა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედა საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალის ზრდამ. ამ სფეროში შემოსავალმა მხოლოდ მარტში 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით 31,3%-ით მეტია.
ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის, საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოების ბრუნვის 12,1%-იანმა ზრდამ, ხოლო ახალი საწარმოების რიცხვმა 4 786 შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს>>>
გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურ ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია საგარე ვაჭრობის მონაცემების გაუმჯობესებით. კერძოდ, საქონლის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 28,4%-ით და 740 მლნ დოლარი შეადგინა.
ასევე 15,7%-ით გაიზარდა ფულადი გადარიცხვების მაჩვენებელმა და მისმა მოცულობამ 110 მლნ დოლარი შეადგინა, აღნიშნეს ეკონომიკის სამინისტროში.