ვისი ჯიბე სქელდება ქვეყნის ეკონომიკასთან ერთად...

© FB / Merab Janiashviliმერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის აპრილში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5% შეადგინა, ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სექტორებს, ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.

იმის შესახებ, გაიზარდა თუ არა მოსახლეობის შემოსავალი მშპ-ის პარალელურად, „Sputnik-საქართველო“ ანალიტიკოს მერაბ ჯანიშვილს ესაუბრა.

– ბატონო მერაბ, რამდენად არის კავშირში პროცენტებში გამოსახული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქის შემოსავალთან?

— ეს პროცენტები და მშპ-ის ზრდა იმისთვის არის, რომ მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს და იღებს კიდევაც, მაგრამ ვინ რა პროცენტით, ეს უკვე სხვა საკითხია. შეიძლება ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებელი წავიდეს მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილის ჯიბეში და დიდი ნაწილი დარჩეს ისე, ან ზოგის შემოსავალი შეიძლება პირიქით, შემცირდეს კიდეც. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული სექტორებს შორის შექმნილი დოვლათი. მაგალითად, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ზრდა უმეტესწილად მოდის საფინანსო სექტორზე და საფინანსო მომსახურებაზე, რომლისგანაც შემოსავალს იღებს ალბათ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. დაახლოებით 15-20%-ია ხოლმე საშუალოდ ზრდა ამ სეგმენტში და ეს ძალიან ბევრია.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

– რატომ მიგაჩნიათ ეს მაღალ მაჩვენებლად?

— როდესაც მთელი ეკონომიკა სულ 4-5%-ით იზრდება, საფინანსო სექტორში დაფიქსირებული 20%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, სოფლის მეურნეობა, სადაც მოსახლეობის 50%-ია დასაქმებული, ბოლო ათი წელია 1%-ზე მეტით არ გაზრდილა. ანუ, გამოდის, რომ სეგმენტი  რომელშიც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული, 1%-ით იზრდება, ხოლო სექტორი, რომლისგანაც შემოსავალს მოსახლეობის მცირე ნაწილი იღებს — სწრაფი ტემპით. შესაბამისად ნაწილდება მიღებული სარგებელიც. შექმნილი დოვლათის უდიდესი ნაწილი მიდის საფინანსო, სამშენებლო სექტორებში, ინდუსტრიასა და ვაჭრობაში დასაქმებული ადამიანების ჯიბეებში.

ფული - Sputnik საქართველო
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მევახშეობა რთულდება!..

– რითია ეს განპირობებული, არის თუ არა ეს ბაზრის მოთხოვნა?

— არა, რა თქმა უნდა. აქ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. კერძოდ, სწორედ მან უნდა მოახდინოს ამ რესურსების სამართლიანი გადანაწილება. როცა სახელმწიფო ხედავს ეკონომიკურ აქტივობას, მაგალითად, იმავე საფინანსო სექტორში, თავისი რესურსები იქითკენ არ უნდა მიმართოს. იგივე საფინანსო სექტორი რომ ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ ის თავისითაც კარგად ვითარდება, ჩვენი ხელისუფლება მას მაინც ხელს უწყობს სხვადასხვა მეთოდებით. ეროვნული ბანკი მათ დაბალპროცენტიან სესხებს აძლევს, მთავრობა დეპოზიტებზე თანხებს უთავსებს, რათა კომერციულმა ბანკებმა გრძელვადიანი ფულადი რესურსი მიიღონ, ბანკები ყიდულობენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსაც.

იმავე ანაკლიის პორტში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მთავრობამ დაახლოებით 150 მლნ ლარის დახარჯვის ვალდებულება აიღო, რათა ბიზნესს დაეხმაროს. მსხვილ ბიზნესს არ სჭირდება დახმარება, ის ისედაც მოიძიებს ამ თანხებს. მცირე მეწარმეობის განვითარებას კი ეს 150 მილიონი ძალიან წაადგებოდა. გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებულ ბოლო პროექტებს თუ გადავხედავთ, ისინიც ძირითადად ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში უნდა განხორციელდეს. ამ სექტორებში ისედაც მიდის როგორც შიდა თანხები, ასევე ინვესტიციები და არ სჭირდებათ მათ დამატებით ხელის შეწყობა. ისეთ სექტორს უნდა დაეხმარო, რომელსაც უფრო უჭირს და მაშინ გადანაწილდება გამომუშავებული დოვლათიც. თუ არ დავაბალანსეთ ეს მიდგომა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებელი წავა ისევ და ისევ ამ საკრედიტო ორგანიზაციების ჯიბეში და მოსახლეობას ისევ ექნება იმის შეგრძნება, რომ ეკონომიკა კი იზრდება მაგრამ მათი შემოსავლები – არა.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0