თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის მარტში, წინასწარი მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,6% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში — 5,2%, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ — გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ, მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31,3 პროცენტით (გასული წლის მარტთან შედარებით) გაიზარდა და 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის 12,1%-ით ზრდამ, ხოლო ახალი საწარმოების რაოდენობამ 4 786 შეადგინა.
მნიშვნელოვანი რეალური ზრდა 2018 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეინიშნება გადამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სოციალური და პერსონალური მომსახურებისა და უძრავი ქონების სფეროებში, აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის განპირობებული საგარეო ვაჭრობის მონაცემების გაუმჯობესებით.
საქონლის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 28,4%-ით და 740 მლნ დოლარი შეადგინა, ამავე დროს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მთლიანობაში 2 823,8 მილიონი დოლარი შეადგინა, ზრდამ — 23%, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
გაუმჯობესდა სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ზრდას უწყობს ხელს, მათ შორის 15,7%-ით გაიზარდა ფულადი გადარიცხვების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 110 მლნ დოლარი შეადგინა.
„ფულად გზავნილებს ძალიან დიდი პოზიტიური გავლენა აქვს შიდა მოხმარების ნაწილში", — აღნიშნა ქუმსიშვილმა.