თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი კატეგორიული წინააღმდეგია 70 გრამამდე კანაფის შენახვისთვის რაიმე სასჯელის გაუქმებისა, რადგან შიშობენ, რომ ეს სრულ ლეგალიზებას გამოიწვევს.
დაკავებულია 72 ნარკომოვაჭრე – შსს-მ ნახევარი წლის ანგარიში წარმოადგინა >>
2016-2017 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობა პირადი მოხმარებისთვის 70 გრამამდე გამხმარი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვის და დამზადების გამო.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. 2017 წელს მღვდელმთავრები 9 მარტს და 11 ოქტომბერს შეიკრიბნენ.
„როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია“, — ნათქვამია წმიდა სინოდის სხდომის ოქმში.
იქვე აღნიშნულია, რომ ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.
წმინდა სინოდის წარმომადგენელთა თვალსაზრისით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან.
„გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია ოქმში.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთი წლით გადაიდო >>
გარდა ამისა, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის დროულად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სარეაბილიტაციო ცენტრები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში აუცილებელია სპეციალური კურსის შემოღება, რომ ახალგაზრდებმა ნარკოდამოკიდებულების საფრთხეები გააცნობიერონ და ამ მოვლენისადმი უარყოფითი განწყობა ჩამოუყალიბდეთ.
აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას შეძლებდნენ, აღნიშნეს წმინდა სინოდის სხდომაზე.
კიდევ ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს ნარკოდამოკიდებული ადამიანების დასაქმება, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.
ასევე სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. მღვდელმთავრებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნულ და სხვა საკითხებზე ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად კომისია უნდა შეიქმნას.
ნარკომომხმარებლების მიმართ მიდგომის შეცვლის საკითხი აქტუალური 2016 წლიდან გახდა. ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მაგრამ დეპუტატები და მთავრობის წევრები დღემდე ვერ თანხმდებიან იმაში, რა მოცულობით უნდა მოხდეს ლიბერალიზაცია და როგორ აისახება ის საზოგადოებაზე.
ნარკოლიბერალიზაციის გზაზე ერთი ეტაპი უკვე გადალახულია. აქტიური კამპანია 2016 წელს დაიწყო ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“.