ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთი წლით გადაიდო

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი საკანში
პატიმარი საკანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემაზე იმსჯელეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის შერბილება უახლოეს მომავალში არ იგეგმება, ასეთ დასკვნამდე მივიდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.

როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით ნარკოპოლიტიკის შერბილება მიმიმუმ ერთი წლით შეიძლება გადაიდოს.

"ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს თავის ხედვას, თუ რა ვადები და თანხები დასჭირდება იმისთვის, რომ პრევენციის სისტემა სრულად იყოს მზად, როდესაც მოხდება დეკრიმინალიზაცია. ჩვენი გათვლებით, ამას დასჭირდება 3.5 მილიონი ლარი და ერთი წელი“, — განაცხადა ზოიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარიას საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა არ მოსწონს

დეპუტატმა აღნიშნა, რომ დეკრიმინალიზაცია ქვეყანაში არ იქნება შემოღებული მანამდე, სანამ არ იქნება მზად ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ეს სერვისები საპატიმრო სასჯელის ნაცვლად იყოს უზრუნველყოფილი.

ამავე დროს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული მუხლების ნაწილში სასჯელი შეიძლება გამკაცრდეს.

„ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება. აქ ჩვენ რეალურად, ვხედავთ რისკებს და ვთვლით, რომ ეს მიმართულება არის ის, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გასამკაცრებელიც იყოს“, — აღნიშნა გახარიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დაბალანსებული მიდგომის მომხრეა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის ერთმნიშვნელოვნად დაცული უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს მოხმარების წახალისების პროვოცირება“, — განაცხადა გახარიამ.


ყველა ახალი ამბავი
0